თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა სააკაშვილის ინტერესების დამცველმა. მიზეზი საქმეში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახალი ადვოკატის, გიორგი ჩალაძის ჩართვა გახდა. სააკაშვილმა ადვოკატების, შოთა თუთბერიძისა და შოთა კახიძის აცილება მოითხოვა.
როგორც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა განმარტა, საქმის განხილვის დასკვნით ეტაპზე ადვოკატების ცვლილება კითხვის ნიშნებს აჩენს, რამდენად კეთილსინდისიერია დაცვის მხარე საკუთარ ქმედებებში. მოსამართლის თქმით, უკვე რიგით მეშვიდე ადვოკატი ერთვება სააკაშვილის ინტერესების დაცვაში, რაც აჩენს ეჭვებს, რომ ბრალდებულ სააკაშვილს და მის ადვოკატებს პროცესის გაჭიანურება სურთ.
როგორც ბადრი კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, რისკების დაზღვევის მიზნით, სასამართლო იმსჯელებს სახელმწიფო ადვოკატის დანიშვნაზე.
„განცხადება მოგვაწოდეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა, ჩვენ აღარ წარმოვადგენთ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს და მისი ინტერესების დაცვას გააგრძელებს გიორგი ჩალაძეო. როდესაც ეს ხდება დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, სასამართლოს აძლევს გარკვეულ საფუძველს, ეჭვი შეიტანოს ადვოკატების მხრიდან საქმის მიმართ კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში. ალბათ ხშირად გაიგებდით, გსმენიათ როგორც მხარეებს, ასევე დამსწრე საზოგადოებას, ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს, ხშირია ხოლმე პრეტენზიები, რომ საქმის განხილვა გაგრძელდა, წლების განმავლობაში იხილება. მინდა, შევახსენო მათ, ვინც ამ საკითხით არის დაინტერესებული, უნდა იცოდეს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაცვის მხარის მტკიცებულებებს ვიკვლევთ, დაცვის მხარეს აქვს ეს დრო დათმობილი. მათ თუ მიაჩნიათ, რომ უფრო მცირე დროშიც შეიძლებოდა საქმის დამთავრება, მაშინ შეეძლოთ, ეს დრო შეემცირებინათ. დღეს ამ ფაქტის წინაშე დადგომა კი, მიუთითებს იმაზე, რომ დაცვის მხარე არ არის დაინტერესებული მოცემული საქმის განხილვის დასრულებით. მიხელ სააკაშვილის მხრიდან უკვე მერამდენედ ხდება ადვოკატის შეცვლა, მეშვიდე ადვოკატი ჩაერთო პროცესში მისი ინტერესების დასაცავად და ჩაერთო დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, როდესაც მტკიცებულებათა გამოკვლევა დასრულებულია როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მხრიდან. ადვოკატს მოცემულ საქმეზე, მტკიცებულებების ნაწილში, სჭირდება იმ ყველაფრის მოსმენა, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში პროცესზე იქნა გამოკვლეული. ეს სასამართლოს უჩენს გარკვეულ ეჭვს, რომ პროცესის გაჭიანურებაა მიზნად დასახული. ამას ადასტურებს ისიც, რომ დღეს, პროცესის დაწყებამდე ვიგებთ ჩამოცილების საკითხს წინა ორი ადვოკატის მხრიდან, როცა მათ სამი კვირა ჰქონდათ მიცემული დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად. შეეძლოთ, ეს პოზიცია მანამდეც გაეჟღერებინათ. ამიტომ, სასამართლო ასეთ რისკებს თავიდან დააზღვევს. როგორი განცხადებაც წარმოგვედგინა დღეს ადვოკატების მხრიდან, არ ვართ დაზღვეული, რომ ანალოგიური განცხადება არ წარმოგვედგინება შემდეგ სასამართლო სხდომაზეც, ჩალაძეც არ ჩამოცილდება და კიდევ მერვე ადვოკატი არ მიიღებს მონაწილეობას პროცესში. ამიტომ, სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხთან დაკავშირებით და დანიშნავს ადვოკატს სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.