ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდაა დატოვებული და დღემდე არ ჰყავს ელჩი.
„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, მას ჩვენს ქვეყანაში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, თუ ელჩის დანიშვნა სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდ არის დატოვებული, მაგალითად, ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს, „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.