ორშაბათი, თებერვალი 16, 2026

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საია ამ ეტაპზე სამართლებრივად იცავს შვიდ დაზარალებულს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ და აღნიშნულს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან საპროტესტო აქციებზე მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრაციების დაშლისას გამოიყენა სხვადასხვა სახის სპეციალური საშუალება.

2025 წლის 1-ელ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი და სტატია, რომლებშიც გაჟღერდა ვარაუდი, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის დემონსტრაციების დაშლის დროს ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, გამოიყენა ქიმიური ნაერთი ბრომობენზილ ციანიდი („კამიტი“), რომელიც შერეული იყო წყლის ჭავლში. 2025 წლის პირველ დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), ასევე 319-ე მუხლით (უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება). 2025 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც სამსახურმა დაადასტურა წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის ფაქტი, თუმცა, სამსახურის მიხედვით, აღნიშნული ქიმიური ნივთიერება იყო არა კამიტი, არამედ „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“. სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ბრომობენზილ ციანიდი“ იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.

ხაზგასმით მივუთითებთ, რომ საქართველოში ქიმიური გამაღიზიანებლების წყლის ჭავლში შერევის საკითხი მკაფიოდ არ რეგულირდება: „პოლიციის შესახებ“ კანონშიც და შსს-ს ინსტრუქციებშიც არ არსებობს ნორმები, რომლებიც დააწესებდნენ ასეთ პრაქტიკას, მაშინ, როცა 2015 წლის №1002 ბრძანების ძველი რედაქციის მიერ წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროული გამოყენების პირდაპირი აკრძალვა ამოღებულია მოქმედ ტექსტიდან, დამატებითი კანონიერების სტანდარტების შემოღების გარეშე, რის შედეგადაც ქიმიური გამაღიზიანებლებით გაჯერებული წყლის ჭავლი არ შეიძლება ჩაითვალოს „კანონით განსაზღვრულ“ შეკრებების მართვის კანონიერ საშუალებად და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ, ისე კონვენციურ მოთხოვნებს, რომ ძალის გამოყენება იყოს კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული ჩარევა.

2025 წლის დეკემბრამდე, საია-მ, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციაზე და აქციის მონაწილეთა ინტერვიუებზე დაყრდნობით, არაერთხელ ისაუბრა. დემონსტრანტთა ნაწილი, რომლებმაც წყლის ჭავლის ზემოქმედება განიცადა, მიუთითებდნენ  ჯანმრთელობის პრობლემებზე, კერძოდ, კანის დამწვრობაზე, მხედველობის გაუარესებაზე, სუნთქვის უკმარისობაზე, ნევროლოგიურ პრობლემებზე, ალერგიულ რეაქციაზე, სმენის გართულებაზე, სახსრების ტკივილზე, ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სხვა.  2025 წლის დეკემბრამდე, მიუხედავად მოწოდებებისა, სახელმწიფო არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა იგი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. 2025 წლის იანვარში საია-მ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ განცხადებით მიმართა შსს-ს და ჰკითხა მას, რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, რა ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული წყლის ჭავლში და რა კონცენტრაციით. საია-ს შსს-სგან პასუხი არ მიუღია. 2025 წლის იანვარში საია-ს მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას არც ჯანდაცვის სამინისტრო არ ფლობდა და აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ გამოუთხოვიათ, „საჭიროების არ არსებობის გამო“.  აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 10 დეკემბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა წერილით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, სადაც აღნიშნა, რომ წყლის ჭავლში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა მნიშვნელოვან კითხვებს წარმოშობს კანონიერების, აუცილებლობის და პროპორციულობის შესახებ და აღნიშნული საკითხი უნდა იყოს 2024 წლის ნომებერ-დეკემბერში საპოლიციო ძალის გამოყენების გამოძიების ნაწილი.

კომისარი ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წლის იანვარში შინაგან საქმეთა მინისტრი მას არწმუნებდა, რომ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლში შერეული ქიმიური ნივთიერებები არ გამოუყენებიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე წყლის ჭავლისა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენების საქმეზე ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების კონვენციურ სტანდარტს, რადგან ერთი და იგივე ორგანო პარალელურად იძიებს როგორც შესაძლო უფლებადარღვევას (სპეციალური საშუალებების გამოყენება), ისე თავადვე აყენებს ამ უფლებადარღვევის არსებობას ეჭვის ქვეშ. ასეთ კონფიგურაციაში გამოძიება ძირს უთხრის როგორც ინსტიტუციურ/იერარქიულ, ისე პრაქტიკულ დამოუკიდებლობას და მიზნად ისახავს, შექმნას „დაშინების ეფექტი“ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საზოგადოებრივად მნიშვნელოვან უფლებადარღვევებზე საუბრობენ თუ სხვა სახით ადვოკატირებენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამ ეტაპზე სამართლებრივად იცავს შვიდ დაზარალებულს, რომლებმაც ორგანიზაციას სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიაწოდეს ინფორმაცია და  თითოეულ მათგანს აღნიშნული პრობლემები დღემდე აწუხებთ. ისინი აღნიშნულს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან საპროტესტო აქციებზე მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ მათი სახელით გენერალურ პროკურატურაში გაგზავნილი განცხადებით საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მოთხოვნილია: ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; დაზარალებული პირების გამოკითხვა; წყლის ჭავლში ნივთიერებების შერევისა და მისი გამოყენების პრაქტიკის შესაბამისობის შეფასება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულებთან მიმართებით; პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად აუცილებელი ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება; იმ შვიდი პირის დაზარალებულად ცნობა, რომელთაც ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიადგათ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განაგრძობს ამ საკითხზე სამართლებრივ ადვოკატირებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

ამასთან, სოციალურ ქსელში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი: „კამიტი“ და „პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი“ სად გაქრა?“

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – უნივერსიტეტები არ უნდა შედიოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, სურვილი უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა, რაც პირადად შევთავაზე ილიას უნივერსიტეტის რექტორს და ორ დღეში საპროტესტო...

ვერ ვიგებ ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასეთ დროს პოლიტიკური განცხადებებით არ შეიძლება გამოდიოდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, ზოგადად, არ შეიძლება უნივერსიტეტი იყოს პოლიტიზებული.„ილიას უნივერსიტეტს რაც შეეხება, ვერ ვიგებ ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას, რაზეც ყურადღება გავამახვილე, მათ შორის, დებატების დროს. ილიას უნივერსიტეტი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასეთ დროს პოლიტიკური განცხადებებით არ შეიძლება გამოდიოდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. ზოგადად, არ შეიძლება პოლიტიზებული იყოს უნივერსიტეტი, არც კერძო, არც სახელმწიფო, მაგრამ, მაგალითად, როდესაც გამოდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და საუბრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა კონცეფცია, ანუ ზუსტად იმავე ლექსიკას მიჰყვება, რასაც რადიკალური ოპოზიცია, შეიძლება ასეთ რამეს აკეთებდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა? ისინი არ უნდა შედიოდნენ პოლიტიკურ პროცესებში. მათი სურვილი უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა ყველა თემაზე, რაც პირადად შევთავაზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელს, უნივერსიტეტის რექტორს და ორ დღეში საპროტესტო აქცია გამართეს უშუალოდ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ლიდერობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. ასეთი დამოკიდებულებით პროცესები სწორი მიმართულებით ვერ განვითარდება. ჩვენ გვაქვს კონცეფცია, ეს კონცეფცია ეფუძნება კონკრეტულ არგუმენტებს. დებატებიდან ალბათ ნახავდით, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ კონცეფციის წინააღმდეგ, რომელიც შევიმუშავეთ. ძალიან მარტივად, რა განსხვავებაა დასკვნასა და არგუმენტს შორის – დასკვნას არსებითად დაესმის კითხვა – „რა?“ „რა“ – გავიგეთ, ფიქრობენ იმას, რომ არ მოსწონთ კონცეფცია. რაც შეეხება არგუმენტებს, არგუმენტს დაესმის კითხვა – „რატომ?“ და ეს რატომ ვეღარ გავიგეთ. არ მოსწონთ გავიგეთ, მაგრამ რატომ არ მოსწონთ, ვერ გავიგეთ. შესაბამისად, ასეთ პირობებში დისკუსიის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ვერც ერთი არგუმენტი როდესაც ვერ მოგაქვს კონცეფციის, კონცეფციის კონკრეტული პუნქტების წინააღმდეგ, ორი საათი გქონდა ამის შესაძლებლობა და ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიტანე, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია დისკუსიის წარმოება. მზად ვართ, ნებისმიერი უნივერსიტეტის შემთხვევაში, იქნება ეს თსუ, ტექნიკური, ილიას უნივერსიტეტი, სამედიცინო თუ კერძო უნივერსიტეტები, მოვისმინოთ არგუმენტები, შევიდეთ ჯანსაღ დისკუსიაში, თუ ამის მზაობას დავინახავთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს გერმან გალუშჩენკოს ფულის გათეთრებისა და კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდება წარედგინა

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს გერმან გალუშჩენკოს ფულის გათეთრებასა და კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობაში წაუყენეს ბრალი.გამოძიების თანახმად, კრიმინალური ორგანიზაციის მონაწილეებმა 2021 წელს კუნძულ ანგილიაზე დაარეგისტრირეს ფონდი, რომელსაც დაახლოებით 100 მილიონი დოლარის „ინვესტიცია“ უნდა მოეზიდა.გამოძიების ინფორმაციით, „ინვესტორებს“ შორის იყო გალუშჩენკოს ოჯახიც. გამოძიების მიხედვით, „მისი მონაწილეობის დასაფარად ორი კომპანია ჩამოაყალიბეს, რომლის ბენეფიციარებიც გახდნენ გალუშჩენკოს ყოფილი მეუღლე და ოთხი შვილი. ეს კომპანიები ფონდის „ინვესტორები“ იყვნენ. ამის შემდეგ, კრიმინალური ორგანიზაციის წევრებმა სამ შვეიცარიულ ბანკში ფონდის ანგარიშებზე დაიწყეს თანხების გადარიცხვა. ამ გზით გადაირიცხა 7,4 მილიონ დოლარზე მეტი. გარდა ამისა, კიდევ 1,3 მილიონზე მეტი შვეიცარიული ფრანკი და 2,4 მილიონი ევრო ნაღდი ფულის სახით გაიცა და გალუშჩენკოს ოჯახს პირდაპირ შვეიცარიაში გადაერიცხა. ამ თანხების ნაწილი მოხმარდა შვეიცარიის პრესტიჟულ სასწავლებლებში ბავშვების სწავლის საფასურის გადახდას და ეჭვმიტანილის ყოფილი მეუღლის ანგარიშებზე განთავსდა. დანარჩენი თანხა დეპოზიტზე დაიდო, საიდანაც ოჯახი დამატებით შემოსავალს იღებდა და საკუთარი საჭიროებებისთვის ხარჯავდა“. გამოძიების თანახმად, საერთო ჯამში, გალუშჩენკოს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კრიმინალურმა ორგანიზაციამ დაახლოებით 112 მილიონ დოლარი ნაღდი ფული მიიღო.გალუშჩენკო გუშინ, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.2025 წლის 10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ჩხრეკას ატარებდა ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩთან და მაშინდელ იუსტიციის მინისტრ გერმან გალუშჩენკოსთან. იმავე დროს „უკრაინსკაია პრავდას“ წყაროებმა განაცხადეს, რომ მინდიჩი ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე საზღვარგარეთ გაიქცა. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ კი განაცხადა, რომ ენერგეტიკის სფეროში საბიუჯეტო თანხების მითვისების მასშტაბური კორუფციული სქემა გამოავლინა. ანტიკორუფციულმა ბიურომ, ასევე, გაასაჯაროვა ამ საქმეში ფიგურანტების სატელეფონო მოლაპარაკებების აუდიოჩანაწერები.

სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ მეორე – ჩვენი სულები შეწუხებულია წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი თავდასხმებით

ჩვენი სულები შეწუხებულია ჩვენი წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელებული მრავალრიცხოვანი თავდასხმებით, – ამის შესახებ სომხეთის კათოლიკოსმა, გარეგინ II-მ განაცხადა.„ჩვენი სულები როცა შეშფოთებულია ეროვნული და პატრიოტული ცხოვრების პრობლემებით და ჩვენი წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა თავდასხმით, ჰპოვეთ სიმშვიდე უფალ იესო ქრისტეში“, – აღნიშნა სომხეთის კათოლიკოსმა.გარეგინმა სომხეთის მოსახლეობას მოუწოდა, იცხოვრონ ერისა და სამშობლოსადმი სრული ერთგულებით, ვინაობისა და წმინდა ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულებით, დედაეკლესიისადმი ერთგულების გადაწყვეტილებით.„ყოვლისშემძლე ღმერთმა დაამყაროს მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ჩვენს სამშობლოსა და ჩვენს გულებში, შეინარჩუნოს და დაიცვას ჩვენი ერი, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი წმინდა ეკლესია კეთილდღეობასა და აღშენებაში“, – აღნიშნა სომხეთის კათოლიკოსმა

ირაკლი კობახიძე – ყველამ დაინახა, რომ „ბიბისიზე“ გავრცელებული ინფორმაცია იყო სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას „კამიტთან“ დაკავშირებით

ყველამ დაინახა, რომ „ბიბისიზე“ გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება, შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას „კამიტთან“ დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, საიას სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებენ. მათი მხრიდან სარჩელში ნახსენები არ არის სიტყვა „კამიტი“.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა „ბიბისიმ“.„ყველამ დაინახა, რომ „ბიბისიზე“ გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება. შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას „კამიტთან“ დაკავშირებით. ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა „ბიბისიმ“, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი რეპუტაციით. საერთოდ არ აინტერესებთ არც რეპუტაცია და არც არაფერი. მზად არიან, ნებისმიერი უხეში სიცრუე და ტყუილი გაავრცელონ „ბიბისის“ ეთერით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ამასთან დაკავშირებით. ტყუილია, რომ საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ინფორმაცია ნივთიერების შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ბრიფინგი და დეტალურად გააცნო ეს ინფორმაცია საზოგადოებას. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ არც ერთი საერთაშორისო დონეზე აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული შეკრების დაშლის დროს. ცრემლმდენი საშუალების გამოყენება, ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში. ყველაფერი დანარჩენი „ბიბისის“ და სხვისი ტყუილებია“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ავალიანი სამორინში კადეტთა ევროპის თასის ოქროს მედალი მოიპოვა

14-15 თებერვალს სლოვაკეთის ქალაქ სამორინში გამართულ კადეტთა ევროპის თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა.გიორგი ავალიანი (-60 კგ) საბა ნოზაძე (-50 კგ) მუსლიმ ტოხოსაშვილი (-50 კგ) ნიკოლოზ მუშტარაული (-55 კგ) ვულოცავთ ბიჭებს და მთელ საქართველოს ამ წარმატებას! წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!

ბოლო სიახლეები