აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში სათაურით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.
ანგარიშთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, კომიტეტისთვის წარდგენილი „დიდი ტექნოლოგიური“ კომპანიების დოკუმენტები ავლენს, რომ ევროკომისიამ წარმატებით მოახდინა ზეწოლა ძირითად სოციალური მედიის პლატფორმებზე, რათა „მათ შეეცვალათ კონტენტის მოდერაციის გლობალური წესები, რამაც პირდაპირი ზიანი მიაყენა ამერიკელთა გამოხატვის თავისუფლებას თავად შეერთებულ შტატებში“.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული, ევროკომისიამ 100-ზე მეტ დახურულ შეხვედრაზე მოახდინა ზეწოლა პლატფორმებზე, რათა მათ უფრო აგრესიულად დაეწყოთ კონტენტის ცენზურა. დოკუმენტის თანახმად, შედეგად, მსხვილმა სოციალური მედიის პლატფორმებმა დააცენზურეს უახლესი ისტორიის ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დებატის შესახებ რეალური ინფორმაცია და პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის პანდემიის, მიგრაციის და ტრანსგენდერებთან დაკავშირებული საკითხები, იმ მოტივით, რომ ისინი ებრძოდნენ „სიძულვილის ენასა” და „დეზინფორმაციას”.
პრესრელიზის მიხედვით, ახალი არასაჯარო დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისიამ წარმატებით მოახდინა ზეწოლა სოციალური მედიის პლატფორმებზე, რათა შეერთებულ შტატებში რეალური ინფორმაცია დაცენზურებულიყო;
„ევროკომისია ცენზურისთვის მიზანში იღებს აშშ-ის პოლიტიკურ კონტენტს; ევროკომისია არაპროპორციულად იღებს მიზანში კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელს ევროპაში; ევროკომისიის „ნებაყოფლობითი“ და „კონსენსუსზე“ დაფუძნებული მარეგულირებელი ინიციატივები არც ნებაყოფლობითია და არც კონსენსუსზე დაფუძნებული.
ევროკომისიის მიმდინარე ინიციატივები მიუთითებს, რომ ის კვლავ ერთგული რჩება ცენზურის მიმართ და ცდილობს, თავისი ცენზურის ზომების სხვა ქვეყნებში გატანას.
კომიტეტი გააგრძელებს გამოძიებას უცხოური ცენზურის კანონების, რეგულაციებისა და სასამართლო ბრძანებების შესახებ და დაუპირისპირდება ამ ეგზისტენციალურ საფრთხეს ამერიკული ფუნდამენტური უფლებისთვის: გამოხატვის თავისუფლების უფლებისთვის“,- აღნიშნულია პრესრელიზში.

