ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველომ განაგრძო ურყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით.
ანგარიშის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებულ ვითარებას, ისევე როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს სახელმწიფო უწყებების მუშაობას პოზიტიურად აფასებს და ამ კუთხით აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის როლიც.
„საქართველოს, ზოგადად, შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორისტულ ინციდენტებზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია უფლებამოსილება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებზე და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა უწყებებთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებსა და საქართველოს პროკურატურასთან, აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ზოგადად, კარგად არის აღჭურვილი და მომზადებული და მისი კონტრტერორისტული დანაყოფი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებისგან რეგულარული ტრენინგებისა და აღჭურვილობის მიღებას და ახორციელებს შიდა წვრთნებს.“ – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სათანადოდ ახდენს ტერორიზმისა და ტერორიზმის ხელშემწყობი აქტების, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსების, კიბერტერორიზმის, წვრთნის, ტერორიზმისკენ საჯაროდ მოწოდების, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისთვის გადაბირების, აგრეთვე, უცხოელი ტერორისტი მებრძოლების კრიმინალიზაციას.
ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილა, რომ ევროკომისიის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოს ანტიტერორისტული კანონმდებლობა ფართოდ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და შესაბამის საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.
დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველო არის ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) წევრი, ხოლო საქართველოს ფინანსური დაზვერვის დანაყოფი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, არის ეგმონტ ჯგუფის (Egmont Group) წევრი. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს (ევროპოლი) ტერორიზმის დაფინანსების მიდევნების პროგრამაში, რომელსაც 2022 წლის ბოლოს შეუერთდა.
ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველომ გააგრძელა ძალისხმევა, მათ შორის, ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც ორიენტირებული იყო უმცირესობების ინტეგრაციაზე, განათლებაზე, მედიის ხელმისაწვდომობაზე, ახალგაზრდებსა და კულტურულ მრავალფეროვნებაზე.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, საქართველო აქტიურად არის ჩართული კონტრტერორისტულ საკითხებზე საერთაშორისო, რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით. ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან, გაეროსთან, ევროპის საბჭოსთან, ევროპის კავშირთან, ეუთოსთან, ინტერპოლთან და სხვა ორგანიზაციებთან. ქვეყანა არის „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის წევრი და მონაწილეობს კოალიციის სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ტერორიზმის თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის,საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 12 პირის მიმართ. იმავე წელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 10 პირის მიმართ,სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 327-ე მუხლებით. (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა.)“, – წერია განცხადებაში.