ოთხშაბათი, სექტემბერი 17, 2025

აშშ-ის საელჩო: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ძლიერი დემოკრატიის, წარმატებული ეკონომიკისა და უსაფრთხო სტაბილური ქვეყნის მშენებლობის საქმეში

ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული – აშშ-ის საელჩო 2 ოქტომბის თვითმმართველობის არჩევნების პროცესს აფასებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საარჩევნო გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც.

„ახლა, პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. წარსულის მსგავსად, საქართველო სიმტკიცითა და გამბედაობით უნდა გაუმკლავდეს გამოწვევებს დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე. თითოეული არჩევნები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისა და გაუმჯობესების შანსია.

2 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გამოიყენეს ხმის მიცემის, საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ დაფიქსირებისა და მათი პოლიტიკური ლიდერების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი უფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავებისკენ, არჩევნების შემდგომი მშვიდი გარემოს შენარჩუნებისა და საარჩევნო საჩივრების სამართლიანი, მიუკერძოებელი განხილვისკენ. მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ.

ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ძლიერი დემოკრატიის, წარმატებული ეკონომიკისა და უსაფრთხო სტაბილური ქვეყნის მშენებლობის საქმეში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო პროექტის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამხრეთ კავკასიის კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) საგრანტო პროექტის - „საქართველოს ინიციატივა პარტნიორობისთვის ხელოვნური ინტელექტის დარგში“ (GAIN) - ფარგლებში, სამეცნიერო ღონისძიება - „სამხრეთ კავკასიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ (SCCAI2025) გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სამდღიან კონფერენციას ორგანიზებას უწევენ „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო პროექტ GAIN-ის პარტნიორი ინსტიტუციები: პროექტის კოორდინატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი (DFKI - German Research Centre for Artificial Intelligence) და ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტი (INRIA - National Institute for Research in Digital Science and Technology, საფრანგეთი).კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრისა და საფრანგეთის ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის, ასევე, აზერბაიჯანისა და სომხეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ცნობილი მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და დოქტორანტები.SCCAI2025-ი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ და ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, GAIN-ის კოორდინატორმა, დოქტორმა გიორგი გიორგობიანმა გახსნეს. ვიცე-რექტორის განცხადებით, SCCAI2025-ის მიზანია შექმნას ინოვაციური, ინტერდისციპლინური პლატფორმა, სადაც აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და ინდუსტრიის ექსპერტები გაერთიანდებიან ხელოვნური ინტელექტის თეორიის, ახალი მეთოდოლოგიების და სისტემების დანერგვისა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობების შესასწავლად. როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, კონფერენცია ასევე ყურადღებას გაამახვილებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ბუნებრივი ენების დამუშავების შესაძლებლობებზე AI-ის უზრუნველყოფით.„მოხარული ვართ, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, „სამხრეთ კავკასიის კონფერენციაზე ხელოვნური ინტელექტის შესახებ“, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ კონფერენციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს. ეს სამეცნიერო ღონისძიება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო პროექტ GAIN-ის ფარგლებში და მისი მიზანი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხელოვნური ინტელექტის მეთოდოლოგიის, სისტემებისა და პრაქტიკული გამოყენების გაფართოება-ტრანსფერია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომელიც კოორდინაციას უწევს GAIN-ის განხორციელებას, პროექტის პარტნიორ ინსტიტუციებთან - გერმანიის DFKI-თან და საფრანგეთის INRIA-თან ერთად, აქტიურად მონაწილეობს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ინოვაციების დანერგვის სტრატეგიულ პროცესში.საგულისხმოა, რომ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მისიაა, ვიმსჯელოთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, როგორიცაა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ბუნებრივი და მათ შორის სახელმწიფო ენების დაცვა „ციფრული კვდომისგან“. კონფერენციის მონაწილე მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები განიხილავენ ქართული, აფხაზური, სომხური და აზერბაიჯანული ენების ციფრული რესურსებით უზრუნველყოფის შესაძლებლობებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რადგან ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენი და მეზობელი ქვეყნების სახელმწიფო ენების დაცვა მხოლოდ ერთობლივი სამეცნიერო ძალისხმევითაა შესაძლებელი; საგრანტო პროექტი GAIN-ი და კონფერენცია SCCAI2025-ი ამ მიმართულებითაც აუცილებლად შეუწყობს ხელს სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებას. დასახული მიზნის მისაღწევად, პროექტ GAIN-ის ფარგლებში, უნივერსიტეტისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის თაოსნობით, საქართველოში უკვე დაფუძნებულია ახალგაზრდა მკვლევრებით დაკომპლექტებული ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, რომელიც წარმატებით პოზიციონირებს კვლევებისა და ინოვაციების საერთაშორისო სივრცეში.აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მუშაობაში ჩართულნი არიან სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის, ასევე, გერმანიის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრის და საფრანგეთის ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის ცნობილი მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები. მინდა გადმოგცეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები და გულწრფელი იმედი, რომ “სამხრეთ კავკასიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ სამომავლოდ რეგულარულად ჩატარდება. წარმატებას ვუსურვებ ამ მნიშვნელოვან ფორუმსა და მის მონაწილეებს“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტი GAIN-ი, რომლის ფარგლებშიც „სამხრეთ კავკასიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ მიმდინარეობს, წარმატებით ახორციელებს საქართველოს ინტეგრირებას ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კვლევით სივრცეში. პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, AI-ის მიმართულებით სათანადოდ აპრობირებული სამეცნიერო მოდელებისა და მეთოდოლოგიების გაზიარება ასეთივე წარმატებით არის შესაძლებელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის დანარჩენი ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეებისთვის. როგორც მეცნიერი აღნიშნავს, ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს დღეს უკვე მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს მრავალ ცნობილ სამეცნიერო ცენტრთან, მათ შორის - გერმანიაში: ზაარლანდის უნივერსიტეტი, ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრი - DFKI, ტექნოლოგიების, ინოვაციების და კვლევების ცენტრი - Steinbeis Europa Zentrum; საფრანგეთში: ინფორმატიკისა და მათემატიკური კვლევების ევროპული ცენტრი - ERCIM, ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტი (INRIA), ლიონის კლოდ ბერნარის უნივერსიტეტი; იტალიაში: პალერმოს უნივერსიტეტის მათემატიკისა და ინფორმატიკის დეპარტამენტი; ესპანეთში: მადრიდის კომპლუტენსეს და ვიგოს უნივერსიტეტები; ამერიკის შეერთებულ შტატებში: მიჩიგანის და უიჩიტოს სახელმწიფო უნივერსიტეტები და სხვა.ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, პროექტ GAIN-ის კოორდინატორის, დოქტორ გიორგი გიორგობიანის თქმით, SCCAI2025-ი, რომელიც გამორჩეულია თავისი მასშტაბითა და შინაარსით, მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის საერთო სამეცნიერო კვლევითი პლატფორმის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას გლობალურ AI საზოგადოებაში.„SCCAI2025-ი გამორჩეულია თავისი მასშტაბითა და შინაარსით. ცნობილი მეცნიერები წარდგებიან საკვანძო მოხსენებებით ხელოვნური ინტელექტის უახლეს მიღწევებზე კომპიუტერული ხედვის, ბუნებრივი ენის დამუშავებისა და მრავალმოდალური სისტემების მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, მათი გამოცდილება და კვლევები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამეცნიერო განვითარებაში.განსაკუთრებით აღსანიშნავია დოქტორანტთა სიმპოზიუმი (Doctoral Symposium), რომელიც საქართველოში ამ ფორმატით პირველად ჩვენი კონფერენციის ფარგლებში ტარდება. ეს პანელი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა მკვლევრებს წარმოადგინონ თავიანთი სამეცნიერო ნაშრომები ხელოვნური ინტელექტის სფეროში, განიხილონ ახალი იდეები და გამოწვევები წამყვან მეცნიერებთან ერთად. ეს გამოცდილება მათ მისცემს ახალ სტიმულს და ხელს შეუწყობს კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებას. პროექტი GAIN-ი და კონფერენცია SCCAI2025-ი სწორედ ამ მიზანს ემსახურება - გააერთიანოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო ძალები, ხელი შეუწყოს ცოდნის გაზიარებას და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალგაზრდა მკვლევრებისთვის შექმნას ქმედითი სამეცნიერო კვლევითი პლატფორმა და ამით ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას საერთაშორისო AI საზოგადოებაში“, - აღნიშნა გიორგი გიორგობიანმა.სტუ-ის ინფორმაციით, „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო პროექტის - GAIN-ის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო ღონისძიება - „სამხრეთ კავკასიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ (SCCAI2025) სამი მიმართულებით წარიმართება და მუშაობას 18 სექტემბერს დაასრულებს.

ელენე ხოშტარია – ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას

დღეს გარეთ თქვენთან ერთად ბრძოლა, ძალიან კარგად მესმის, თუ რა მნიშვნელობის არის, ამიტომ არავინ ჩათვალოს, რომ ციხეში ყოფნა ჩემი არჩევანია. ჩემი არჩევანია, არასდროს ისეთი არაფერი არ გავაკეთო ამ ბრძოლაში, რისიც ჩემს სინდისთან და თქვენთვის ახსნა არ შემეძლება, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას წერილშია ნათქვამი.ხოშტარიას განცხადებით, „გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა“.„ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი. იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობას შემილახავს, იმიტომ, რომ ვერანაირი ბრძოლისთვის ვერ მოგიწოდებთ და ვერც ვიქნები ტყუილში და ფარსში მონაწილეობის გზით. ჩემი პატიმრობა უკანონოა, ისევე როგორც უამრავი თავისუფალი ადამიანის. ოღონდ პატიმრობა არ არის ბრძოლის გაჩერება, ამას ნამდვილად გპირდებით. გავიმარჯვებთ სახელოვნად! ბოლომდე!P.S. ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას“, – ნათქვამია ხოშტარიას წერილში. 

ეტყობა რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის – შალვა პაპუაშვილი ხოშტარიას გადაწყვეტილებაზე გირაო არ გადაიხადოს

ეტყობა რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დაკავებული ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომელიც მომხრეებს მოუწოდებს, საპატიმროს დასატოვებლად გირაო არავინ გადაუხადოს.„ეტყობა რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის. მას რომ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული მილიონებიდან 0.001% გამოდის ალბათ, საქართველოს ბიუჯეტისთვის გაემეტებინა, ეს 5 000 ლარი, საქართველოს ბიუჯეტს მოხმარდებოდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.იზოლატორში მყოფი ელენე ხოშტარია მომხრეებს მოუწოდებს გირაო არავინ გადაუხადოს.

შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის შეფასება არაერთხელ მოგისმენიათ ბევრი გარემოებიდან გამომდინარე. მეც არაერთხელ მითქვამს, რომ მას გადამწყვეტი როლი ჰქონდა იმ პროცესში, რომ საქართველო არ...

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის შეფასება არაერთხელ მოგისმენიათ ბევრი გარემოებიდან გამომდინარე. მეც არაერთხელ მითქვამს, რომ მას გადამწყვეტი როლი ჰქონდა იმ პროცესში, რომ საქართველო არ ჩათრეულიყო ომში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.„მისმა მკაფიო და ცხადმა პოზიციამ მისცა მთავარი ტონი ყველა სახელისუფლებო შტოს თუ სხვადასხვა ინსტიტუციას, რომ საქართველო საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას არ გაწირავდა მარიონეტული ომისთვის, სადაც გვითრევდნენ მაშინ.ამის გარდა სხვა სახის მიღწევები, რომელიც საქართველოს გააჩნია მათ შრის პანდემიის წარმატებით დაძლევის და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.ირაკლი ღარიბაშვილის დიდი დამსახურებაა იმაში, რომ „დიფ სთეითმა“ ვერ შეძლო საქართველოს ჩათრევა ომში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო.ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.როგორც აღინიშნა, დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე შვიდი პირი.„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი).ჩხრეკისას ქარხანაში ასევე აღმოვაჩინეთ ხსენებული სასმელების წარმოებისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები,  ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში –  დაახლოებით 24 ტონა  ალკოჰოლური სითხე, რომლითაც ხდებოდა ზემოაღნიშნული ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება.ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი KARELIA (კარელია). ასევე, ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.ვაგრძელებთ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების წარმოებას ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

ბოლო სიახლეები