ნატო-ს გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთი საუბრობს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც. ჩვენ ვამბობთ, შეგვიძლია, განვიხილოთ გაფართოების შეწყვეტა თქვენს საზღვრამდე, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, გენერალმა კიტ კელოგმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კიტ კელოგმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა, პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება.
„ვფიქრობ, ეს სრულიად მართებული შეშფოთებაა. ამ საკითხს რუსეთი ყოველთვის აყენებს. ისინი საუბრობენ არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ასევე საქართველოსა და მოლდოვაზეც. ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია განვიხილოთ ნატო-ს გაფართოების შეწყვეტა თქვენს საზღვრამდე. ეს მათი უსაფრთხოების ინტერესებია“, – განაცხადა კიტ კელოგმა ინტერვიუში.
კელოგის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის დღის წესრიგში და ამ პოზიციას იზიარებს ალიანსის წევრი, სულ მცირე, ოთხი ქვეყანა.
„არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენთვის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის დღის წესრიგში. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასე ამბობს. შემიძლია, დავასახელო ნატო-ს კიდევ ოთხი ქვეყანა, რომლებიც ამას დაადასტურებენ. გაწევრიანებისთვის კი საჭიროა ყველა, 32 ქვეყნის თანხმობა“, – აღნიშნა კელოგმა.