შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის დანაყოფმა გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით მდიდარი ამერიკელების დახმარებაში ბრალი აღიარა და ჯარიმის სახით 510 მილიონ დოლარს გადაიხდის. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
თავად აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით კი, Credit Suisse Services AG-ს აშშ-ის შემოსავლების სამსახურისგან, სულ მცირე, 475 ოფშორულ ანგარიშზე 4 მილიარდ დოლარზე მეტის დამალვის მიზნით შეთქმულებაში ედება ბრალი.
იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 2010 წლიდან 2021 წლის დაახლოებით ივლისამდე პერიოდში Credit Suisse AG გაურიგდა თანამშრომლებს, ამერიკელ მომხმარებლებს და სხვებს, რათა დაეხმაროს კლიენტებს აშშ-დან საკუთრების უფლების, აქტივების კონტროლისა და ბანკში არსებული თანხების დამალვაში. ამან კლიენტებს აშშ-დან მისცა საშუალება, თავი აერიდებინათ აშშ-ში საგადასახადო ვალდებულებებისგან რამდენიმე გზით.
„სხვა თაღლითურ ქმედებებთან ერთად, Credit Suisse-ის ბანკირები აყალბებდნენ დოკუმენტებს, ამუშავებდნენ ფიქტიური შემოწირულობის დოკუმენტებს და ემსახურებოდნენ ანგარიშებს ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობით საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისობის დოკუმენტაციის გარეშე. ამით Credit Suisse AG-მა ჩაიდინა ახალი დანაშაულები და დაარღვია შეერთებულ შტატებთან 2014 წლის მაისის საპროცესო შეთანხმება“, – ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს Credit Suisse გახდა ბოლო 20 წლის განმავლობაში უმსხვილესი ბანკი, რომელმაც აშშ-ში გადასახადებისგან თავის არიდებაში ამერიკელების დახმარების ბრალი აღიარა და 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას დათანხმდა. 2023 წელს აშშ-ის სენატის ფინანსთა კომიტეტმა დაადგინა, რომ ბანკმა დაარღვია 2014 წლის საპროცესო გარიგება, რადგან გააგრძელა გადასახადებისგან თავის არიდებასთან დაკავშირებით კლიენტების ხელშეწყობა, რითაც მთავრობას 700 მილიონ დოლარზე მეტი დაუმალა. ბანკმა UBS-მა, რომელმაც 2023 წელს გაკოტრების პირას მყოფი შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკი Credit Suisse შეიძინა, განაცხადა, რომ Credit Suisse Services AG-მა დანაშაული აღიარა ბრალდების ერთი პუნქტით, კერძოდ, ყალბი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის დამზადებაში დახმარება. UBS აცხადებს, რომ კავშირი არ აქვს საქმესთან დაკავშირებულ ქმედებებთან. აღნიშნული დავა UBS ბანკის შეძენამდე დაიწყო.