Hyposmocoma-ს გვარის ახალი სახეობის მუხლუხებში მეცნიერებმა უჩვეულო ქცევა დააფიქსირეს, რის გამოც მას “ძვლების შემგროვებლად” მოიხსენიებენ. საქმე ისაა, რომ ეს არსებები მოკლული მსხვერპლების სხეულის ნაწილებს “იცვამენ”.
ჩვეულებრივი და ღამის პეპლების მუხლუხების უმეტესობა მხოლოდ მცენარეებით იკვებება. ამის მიუხედავად, ქერცლფრთიანების 200 000 ცნობილი სახეობიდან რამდენიმე ასეული მწერებსაც ეტანება, მათ შორის თავისნაირებს. ხორცისმჭამელობა განსაკუთრებით ჰავაიზე მობინადრე მუხლუხებშია გავრცელებული. ახალი სახეობა კი სწორედ იქ მდებარე კუნძულ ოაჰუზე აღმოაჩინეს
ეს “ძვლების შემგროვებლები” მკვდარ ან მომაკვდავ მწერებს ჭამენ, შემდეგ კი საკვებად გამოუსადეგარ ნაწილებს აბრეშუმის საფარველზე იმაგრებენ და თან დაატარებენ. მსხვერპლებს შორის მწერების 6 ოჯახი გამოავლინეს, მაგრამ ამ მუხლუხებს სათანადო ზომის ნებისმიერი ფეხსახსრიანის შთანთქმა შეუძლიათ.
მართალია, მუხლუხებს ასეთი ტვირთი ამძიმებს და მათ გადაადგილებას ანელებს, თუმცა ეს პრობლემა ნაკლებადაა. ისინი ობობების ქსელებთან ახლოს ცხოვრობენ და სწორედ იქ გახლართული მწერებით იკვებებიან. საინტერესოა, რომ ამ სახეობის წარმომადგენლები მსხვერპლის სხეულის ნებისმიერ ნაწილს სულაც არ იმაგრებენ, არამედ მას სათანადოდ არჩევენ და ზოგჯერ აპატარავებენ, რათა უკეთ “მოირგონ”.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამგვარი ქცევის მიზეზი, შესაძლოა, კონკურენტი მუხლუხებისთვის დომინანტობის დამტკიცება იყოს. ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, რადგან მათში კანიბალიზმის შემთხვევები ფიქსირდება. ვინაიდან, ობობას ქსელის მიმდებარედ, როგორც წესი, მხოლოდ ერთი მუხლუხო შეინიშნება, “ძვლების შემგროვებლობის” ყველაზე სარწმუნო მიზეზი მაინც კამუფლაჟია. ისინი თავს ობობებისგან იცავენ.
ბოლო 22 წელში ტყის 15 კვადრატულ კილომეტრ ფართობში სულ 62 ასეთი მუხლუხია აღმოჩენილი. ეს მცირე რაოდენობა მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, ისინი გადაშენების რისკის წინაშე იყვნენ და ჰავაის სწრაფად ცვალებად ეკოსისტემაში ვეღარ გადარჩნენ.
საინტერესოა ამ სახეობის ევოლუციაც. ის მონათესავე მწერებს სულ მცირე 6 მილიონი წლის წინ უნდა გამოყოფოდა, ანუ იმაზე დიდხანს არსებობს, ვიდრე თავად ჰავაის კუნძულები. თავდაპირველად ისინი იმ კუნძულებზე უნდა ყოფილიყვნენ გავრცელებულნი, რომლებიც ეროზიის შედეგად განადგურდა.