აფხაზეთში მხოლოდ სამმა მოქალაქემ, რამდენიმე დღის განმავლობაში, 199.8 ტონა აზიური ფაროსანა დაიჭირა. თანხა, რომელიც ფაროსანას დაჭერის გამო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ მოქალაქეებს უნდა გადასცეს 200 მილიონ რუბლს აჭარბებს. ამის შესახებ “ლაივპრესი” აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით წერს.
მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით აღნიშნული პირების ვინაობა არ საჯაროვდება.
როგორც ერთ-ერთმა მათგანმა გამოცემას განუმარტა, მავნებლის შეგროვების მოტივაცია სწორედ ფულადმა ჯილდომ მისცა.
„თუ ადრე აზიურ ფაროსანას ვწვავდით, ახლა ვიჭერთ პლასტმასას ბარელებით და მიგვაქვს სპეციალურ პუნქტებში“, – თქვა რესპოდენტმა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსული მხარე მზადაა აფხაზეთის მცხოვრებლებს 1 კგ ფაროსანაში 1000 რუბლი გადაუხადოს.
მეცნიერებს მწერები ფერომონების დამზადებისას დასჭირდებათ, რათა მავნებლის გენეტიკა და მასზე ქიმიური პრეპარატების ზეგავლენა შეისწავლონ. რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულათ ხატუოვი თვლის, რომ ფაროსანას ხელით შეგროვება დღესდღეობით მავნებლეთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.
2 აპრილიდან, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი „კრიტიკული ფიტოსანიტარული მდგომარეობის გამო“ მცენარეული წარმოშობის ყველა საქონლის შეტანას აკრზალავს, შეზღუდვები აფხაზეთის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას გავრცელებით არის გამოწვეული.