აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მშენებარე ბაზილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო აფხაზეთიდან დროებით დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და ფოტოგამოფენა, ახალგაზრდებისთვის ჩატარდა კალიგრაფიის მასტერკლასი. ასევე გაიმართა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების გალა-კონცერტი.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და აფხაზეთიდან დროებით დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით 2014 წელს დადგინდა.