ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა სამყაროს ყველაზე ადრეული შავი ხვრელი გამოავლინა, რომელიც გალაქტიკა CAPERS-LRD-z9-ში მდებარეობს. ისინი დიდი აფეთქებიდან 500 მილიონ წელში უკვე არსებობდა, ანუ მათი სახით ვუმზერთ კოსმოსურ ობიექტებს, რომელთა ასაკიც 13.3 მილიარდი წელია. ეს კოსმოსის ევოლუციის შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს.
ავტორები აცხადებენ, რომ რამდენიმე უფრო ძველი სავარაუდო შავი ხვრელიცაა დაფიქსირებული, მაგრამ მათთან ასოცირებული სპექტროსკოპული კვალი ჯერ არ აღმოუჩენიათ. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის არცერთი მათგანის არსებობა არაა დადასტურებული. სპექტროსკოპიის მეთოდი სინათლის სხვადასხვა ტალღებად განცალკევებად გულისხმობს, რაც სხივების წყაროს მახასიათებლების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.
შავი ხვრელების მთავარი ინდიკატორი სწრაფად მოძრავი აირის ნაკადია, რომელიც წრიულად გადაადგილდება და მათში ჩაედინება. ამ პროცესში მსგავსი მატერიის სინათლე ჩვენთან დაშორებისას სპექტრის წითელ დიაპაზონში გადადის, მოახლოებისას კი — ლურჯში. ეს სწორედ შავი ხვრელების “ანაბეჭდია”, რომელიც გალაქტიკა CAPERS-LRD-z9-ში აღმოაჩინეს. ამისთვის მეცნიერებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ პროგრამა CAPERS-ის ფარგლებში მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს.
ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული შავი ხვრელის მშობელი გალაქტიკა ამ ობიექტთა “პატარა წითელი წერტილების” ახალ კატეგორიას მიეკუთვნება. ისინი სამყაროს მხოლოდ პირველ 1.5 მილიარდ წელში ფიქსირდება, ძალიან კომპაქტური, წითელი და მოსალოდნელზე მეტად კაშკაშაა.
მათ შესახებ ჯერ კიდევ ბევრი კითხვა გვაქვს, ამიტომ იმედოვნებენ, რომ CAPERS-LRD-z9 პასუხების გაცემაში დაგვეხმარება. მაგალითად, უკვე გავიგეთ, რომ ამგვარი გალაქტიკების გამორჩეული ელვარების მიზეზი მათი ზემასიური შავი ხვრელებია და არა ვარსკვლავთა სიმრავლე. შავი ხვრელების სინათლეს მათ მიერ მიზიდული მატერიის გაცხელება და შეკუმშვა განაპირობებს, რაც ძალიან ენერგიული პროცესია.
შესაძლოა, უკანასკნელი მიგნებით ისიც შევიტყოთ, თუ რატომაა ეს გალაქტიკები განსაკუთრებულად წითელი. არ გამორიცხავენ, რომ ეს შავი ხვრელების გარშემო თავმოყრილ აირის ღრუბელს უკავშირდებოდეს, რომელში გამავალი სხივებიც უფრო წითელ ტალღებში გადადის.
აღსანიშნავია, რომ CAPERS-LRD-z9-ის შავი ხვრელის სავარაუდო მასა მზისას 300 მილიონჯერ აღემატება. ეს გალაქტიკაში არსებული ვარსკვლავების მასის ნახევარს უდრის. ახალგაზრდა კოსმოსში ასეთი უზარმაზარი შავი ხვრელის მიკვლევა მეცნიერებისთვის საინტერესოა, რადგან მას ამ ზომამდე გასაზრდელად საკმარისი დრო, წესით, არ უნდა ჰქონოდა.
შესაძლოა, ეს მიუთითებდეს, რომ ადრეული შავი ხვრელები მასას უფრო სწრაფად იმატებდა ან თავიდანვე იმაზე დიდი იყო, ვიდრე ასტრონომიული მოდელები პროგნოზირებს.