“ყოველგვარი ცვლილება განათლების სისტემაში უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერულ საფუძველს!” – აკადემიკოსმა მზექალა შანიძემ საკუთარი შეფასება 4 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ონლაინ შეხვედრაზე გააჟღერა, რომელიც სწორედ „ქართული ოცნების“ განათლების ახალ ხედვას ეძღვნებოდა.
მისი შეფასებით, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მიერ წარმოდგენილი რეფორმა არ ემყარება მეცნიერულ საფუძველს და არ შეესაბამება „დღევანდელ მოთხოვნებს“.
„ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, დღეს წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის დამაკმაყოფილებელი, არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნილებებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ გავითვალისწინოთ ის ღვაწლი და ტრადიციები, რომლებიც უმაღლესი განათლების ჩამოყალიბების დროს შეიქმნა ჩვენი უფროსი თაობის მიხედვით. ყველაფერი, რაც მის საწინააღმდეგოდ მიდის, ამან შესაძლოა, ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს.
განათლება არის სათუთი და რთული პრობლემა, მასთან არ შეიძლება რაღაცა სხვა მოსაზრებაზე დაყრდნობით ჩხირკედელაობა, რადგან ეს ძალიან დიდი ზიანის მომტანია!“, – თქვა აკადემიკოსმა.

