პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყველა საერთაშორისო დონის ინსტიტუტი საქართველოს მართლმსაჯულებიდან დაწყებული, კორუფციასთან და დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით დამთავრებული, მთელ რიგ ევროკავშირის ქვეყნებზე წინ აყენებს.
როგორც ვოლსკიმ “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, ასეთ მოცემულობაში, უკრაინაც და ევროკავშირის სივრცეში ყველა პოსტის მქონე ადამიანი საქართველოს ომში ჩართვას აძალებდა.
“არცერთი საერთაშორისო მაღალი დონის ინსტიტუტი არ დარჩენილა, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩათვლით, რომელმაც საქართველო ყველა მიმართულებით – მართლმსაჯულებიდან დაწყებული, კორუფციასთან და დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით დააყენა გაცილებით უფრო წინ, ვიდრე მთელი რიგი ევროკავშირის ქვეყნები, აღარ ვამბობ უკვე კანდიდატ ქვეყნებზე. ასეთ ვითარებაში, როდესაც გეუბნებიან, რომ შენ არ ასრულებ მთავარ მოთხოვნებს, რის გამოც თქვენი საგარეო კურსი არ ემთხვევა ევროკავშირის საგარეო კურსს და ზოგადად, არ ემთხვევა გარკვეულ საკითხებს. თქვენ ამის გამო ევროპის კურსიდან გადაუხვიეთ და გადახვედით რუსეთის კურსზე, ეს არის ხომ მთავარი თემა? პირველი საკითხი, საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემა – რა უნდათ ჩვენგან? დაიწყო ომი და ერთხმად გვაძალებდნენ ამ ომში ჩართვას უკრაინაც და ყველა ადამიანი, ვისაც რაღაც პოსტი უკავია ევროკავშირის სივრცეში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.