სამშაბათი, მაისი 13, 2025

არჩილ თალაკვაძე: არ მინდა ჩვენს ქვეყანას მოლაპარაკებებში წარმოადგენდეს ადამიანი, რომელსაც თვითონაც არ სჯერა იმის, რაც უნდა ემტკიცებინა მეორე მხარესთან – თუ ვის და რატომ უნდოდა ეს, მართლმსაჯულებამ უნდა გაარკვიოს

„პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება პატიმრობაში და ვინ არა. ეს მართლმსაჯულების საქმეა“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტვ „იმედის“ ეთერში დავით გარეჯის საქმეზე გირაოთი გათავისუფლებულ პირებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, განცხადება, რომელიც ერთ-ერთმა ბრალდებულმა საჯაროდ გააკეთა, იყო უმძიმესი.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება პატიმრობაში და ვინ არა – ეს ერთი და მეორე – ადვოკატებისთვის და საზოგადოებისთვის წინასწარ იყო ცნობილი, თუ როდის იყო სასამართლო სხდომები ამ საქმეზე და ამას ჩვენ ვერავის მოვარგებდით. მთელმა საზოგადოებამ მოისმინა ის განცხადება, რაც ბრალდებულმა საჯაროდ გააკეთა და ეს განცხადება არის უმძიმესი, – მე არ მინდა ჩვენს ქვეყანას მოლაპარაკებებში წარმოადგენდეს ადამიანი, რომელსაც თვითონაც არ სჯერა იმის, რაც უნდა ემტკიცებინა მეორე მხარესთან – თუ ვის და რატომ უნდოდა ეს, მართლმსაჯულებამ უნდა გაარკვიოს. რა სიხარულის პერფორმანსიც მოაწყვეს იმ დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით მედიის საშუალებით, ესეც საზოგადოების მოტყუებაა – პატიმრობის შეცვლა გირაოთი არ ნიშნავს, რომ ამ საქმეზე ვინმე გამართლდა – საბოლოო ვერდიქტს სასამართლო გამოიტანს. თუ დააკვირდით ადვოკატებზე მეტად ოპოზიციონერებს “უხაროდათ” პატიმრობის შეცვლა, რადგან ადვოკატებმა კარგად იციან საქმე გრძელდება. რაც ვიცით ამ ეტაპზე, არის ის რაც გამოძიებამ განაცხადა, რომ პირთა წრე, ვინც დავალებებს გასცემდა იდენტიფიცირებულია. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

28 იანვარს, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სანქციების არ უნდა გვეშინოდეს, ვისაც შიშის გრძნობა უჩნდება, ის მაშინვე ყველაფერს წააგებს – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთში სანქციების არ უნდა ეშინოდეთ, თუმცა საჭიროა ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დაყვანა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის“ წევრებთან ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„არ უნდა გვეშინოდეს. ვისაც შიშის გრძნობა უჩნდება, ის ეგრევე ყველაფერს წააგებს. თუმცა აუცილებლად საჭიროა იმის გაცნობიერება, თუ რა ხდება და საჭიროა, იყო მზად ჩვენი შესაძლო მომავალი არაკეთილმოსურნეების ნებისმიერი ქმედებებისთვის. ისინი საკუთარი თავის საზიანოდვე ბევრ რამეს აკეთებენ. გგონია, რომ ამას და ამას ნამდვილად არ გააკეთებენ, რადგან ეს მათ აზიანებთ. თუმცა მაინც აკეთებენ, იდიოტები… ამიტომ, რა თქმა უნდა, სულ მცირე მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენთვის ნეგატიური შედეგები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბრისას.

გიორგი ხოჭავა: შემაგდეს ე.წ კაპეზეზე და 3 დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ...

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა და სამმართველოში, შემდგომ კი ე.წ. კაპეზეზე წამების ფაქტები გაიხსენა.როგორც მან აღნიშნა, მეგის ქარდავამ დაადო თავზე იარაღი და სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი  მშობლების და 14 წლის ძმის მოკვლით ემუქრებოდა. მისივე თქმით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მიმდინარეობდა მისი სხვადასხვა სახით წამება.„გადამიყვანეს სამმართველოში  და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი მე ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, რომ მე შენ ახლა გესვრი თუ არ მეტყვი სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებსო, შენ ძმასო, 14 წლის ბავშვსო.ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რომ რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა ეს სიტუაცია და მე მას ვუთხარი ეს არ გაეკეთებინა და ერთი-ერთზე კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. მან მითხრა კარგიო, შევედი კაბინეტში და მე მას ვუთხარი, რომ მე ეს არ გამიკეთებია და შენ ეს იცი, შენ უკვე მეორეჯერ გეუბნები, რომ თუ ჩემი მოკვლა გინდა, მე მომკალი, ჩემი მშობლები არაფერ შუაში არ იყვნენ და მათთვის თავი დაენებებინა.ორი დღით ადრე დამიჭირეს ვიდრე მერე ჩაწერეს ჩემი დაჭერის თარიღი. შემაგდეს ე.წ კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“, - განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება-მიხეილ ჯანელიძე

„სამარცხვინო და მტკივნეულია, რაც ჩვენი ქვეყნის თავს ხდება. კარგი რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის რომ ქართული ოცნება სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება რომ მისი დასასრული ახლოვდება“ — ასე აფასებს ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ 13 მაისს გავრცელებულ ღია წერილს. ჯანელიძის შეფასებით, კობახიძის ტექსტი არა მხოლოდ მმართველი პარტიის თავდაცვით პოზიციას აჩვენებს, არამედ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის სიღრმეზეც მიუთითებს. „კარგი რაც შეიძლება დავინახოთ დღეს კობახიძის მიერ გამოქვეყნებული ღია წერილიდან, არის რომ „ქართული ოცნება“ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება“, - წერს მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“.

შესაძლოა, მალე დანაშაულის ადგილიდან აღებული დნმ-ით სახის 3D გამოსახულება აღადგინონ

ახალ კვლევაში გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათ ახალ ტექნიკას დნმ-ის მონაცემებისგან სახის სამგანზომილებიანი გამოსახულების აღდგენა შეუძლია. შესაძლოა, ეს კრიმინალური მეცნიერების განვითარებას მნიშვნელოვნად დაეხმაროს.მათ გამოთვლით მოდელს დიფეისი (Difface) ჰქვია. იგი ერთეული დნმ-ის ნუკლეოტიდური განსხვავებებით სახის 3D წერტილოვან ღრუბლებზე მოქმედებს - ანუ მონაცემთა ნაკრებზე, რომელიც სახის გარე ზედაპირს წარმოადგენს.მოდელი ჩინელთა ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფის — ჰანის — მონაცემთა ბაზაზე გამოცადეს. ბაზა დნმ-ის განსხვავების 9 674 წყვილსა და 3D სახის გამოსახულებებს შეიცავდა. დიფეისმა დნმ-იდან 3D გამოსახულების აღდგენაში შესანიშნავი შედეგები აჩვენა. ასევე, დამატებითი ინფორმაციის — როგორიცაა სქესი, ასაკი, და სხეულის მასის ინდექსი - დიფეისში ჩართვამ აღდგენილი სახის 3D გამოსახულებების ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესა."საოცარია, რომ დიფეისს ინდივიდის 3D სახის გამოსახულებების გენერირება მხოლოდ დნმ-ის მონაცემებზე დაყრდნობითაც კი შეუძლია — კერძოდ კი, მათი გარეგნობის სხვადასხვა ასაკში პროეცირება", - აცხადებენ ავტორები.აღნიშნული ტექნიკა გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარებაში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამისდა მიუხედავად, ეს არც ისეთი დიდი ნახტომია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. აქამდეც ცნობილი იყო, რომ სახის ფორმას გენეტიკა განსაზღვრავს. იმის განსაზღვრაც შეგვიძლია, თუ რომელი თვისება — მაგალითად, თმის ან თვალის ფერი - რომელი კონკრეტული გენით ან გენების ნაკრებითაა განპირობებული. ამისთვის მეცნიერები სპეციალურ ტექნიკას - დნმ-ის ფენოტიპირებას იყენებენ.გარდა ამისა, ტექნიკა ჯერჯერობით სრულყოფილი არ არის. მაგალითად, გენეტიკურად ერთმანეთის მსგავს ადამიანებში განსხვავებული ნიშან-თვისებების ამოცნობა კვლავ გამოწვევად რჩება."სხვადასხვა პოპულაციებს შორის მოდელის ეფექტიანად განზოგადებისთვის რამდენიმე ნაბიჯია საჭირო. მაგალითად, Difface-ის სისწორის შემოწმება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მონაცემთა ნაკრებზე. ასევე იმის დადგენა, კონკრეტული სახის მახასიათებლებისთვის საჭიროა თუ არა დამატებითი გენეტიკური ლოკუსები", - ვკითხულობთ სტატიაში.მოდელის დახვეწის გზაზე ყველაზე დიდი სირთულე არა ტექნიკური, არამედ ლეგალური და ეთიკურია — კერძოდ, ინდივიდთა კონფიდენციალურობის დაცვა და არაავტორიზებული მონაცემების გამოყენების თავიდან არიდება.

პარლამენტმა უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა.საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ წარადგინა.„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს.კანონპროექტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფოენოვან ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სავალდებულო იქნება ქართული ენის (ორსემესტრიანი) სპეციალური კურსის გავლა.„ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული ენის ცნობიერების ამაღლების და მაღალ დონეზე სწავლების მიზანმიმართულობის თვალსაზრისით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.ქართული ენის სავალდებულო სწავლება მომავალი აკადემიური სასწავლო წლიდან, 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

ბოლო სიახლეები