ოზურგეთის საბავშვო ბაღებში მოწამლული ბავშვები სამედიცინო ცენტრ „მედალფაში“, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნო. ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ.
„ოზურგეთის კლინიკაში მოვინახულეთ ბაღის აღსაზრდელები, რომლებსაც სავარაუდოდ კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ. გართულებების თავიდან ასაცილებლად ისინი მოთავსებულნი არიან ბავშვთა განყოფილებაში. უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ ძალიან მალე კლინიკიდან გაეწერებიან. სახელმწიფო უზრუნველყოფს მათი მკურნალობის სერვისს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორმა დავით მდინარაძემ აღნიშნა, ბავშვების კლინიკაში მოთავსება შაბათს დილიდან დაიწყო. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 9 პაციენტმა, აქედან 3 ბავშვი უკვე გაეწერა ბინაზე. კლინიკაში შესვლისას მათი ჩივილები იყო პირღებინება, სიცხე, ფაღარათი. ყველას აღებული აქვს ცხვირხახის ნაცხის ანალიზი.