არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საელჩოში განუცხადეს.
მათივე განცხადებით, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა.
„საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეგვიძლია ვთქვათ, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა, რაშიც ბუნებრივია, ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“, – განაცხადეს საელჩოში.
აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.