შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. კერძოდ, ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენ უწყებათაშორის ანტიკორუფციული საბჭოს
„რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნას, ამასთან დაკავშირებით შემოთავაზებულია შემდეგი წესი: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს პრემიერს, ხოლო პრემიერ-მინისტრი შერჩეული კანდიდატებიდან შეარჩევს და დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს. ეს საკანონმდებლო ცვლილებები მთლიანობაში ემსახურება ეროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის მე-4 პუნქტის შესრულებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტის განხილვას მომდევნო კვირიდან შეუდგება.