მშვიდად და ნარნარად დაემხობა ეს რეჟიმი, „ვარდების რევოლუცია“ იყო მშვიდობიანი ხალხის რევოლუცია, ზუსტად ასეთი იქნება 4 ოქტომბერს, მშვიდობიანი ქართველი ხალხის რევოლუცია, – ამის შესახებ პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანი წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ანი წითლიძის თქმით, ერთადერთი, რაც ქვეყანაში ცვლილებებს მოიტანს, 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციაა.
წითლიძის თქმით, 4 ოქტომბერს იქნება „ვარდების რევოლუციის“ მსგავსი რევოლუცია.
„როგორც „ვარდების რევოლუცია“, ისე, რომ არცერთი ადამიანი არ დაშავებულა, მშვიდად და წყნარად. „ვარდების რევოლუცია“ იყო მშვიდობიანი ხალხის რევოლუცია. ზუსტად ასეთი იქნება 4 ოქტომბერს, მშვიდობიანი ქართველი ხალხის რევოლუცია“, – განაცხადა წითლიძემ.
ამასთან, როგორც წითლიძემ აღნიშნა, სპეცრაზმი ის სპეცრაზმი აღარ არის, რომელიც არბევდა მოქალაქეებს.
„იმიტომ, რომ ხარება აღარ არის და, ხარებასთან ერთად, ის სპეცრაზმიც აღარ არის. შესაბამისად, ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ ბრძანების გამცემი ჰყავდეთ შსს-ში. ამ სპეცრაზმის რაოდენობაც არ არის ამოწურვადი, ოთხი-ათამდე ადამიანზეა რეალურად საუბარი. მათ უნდა იცოდნენ, რომ, ბიჭებო, როგორი ბრძანებაც არ უნდა მიიღოთ და როგორი ბრძანებაც არ უნდა მოგცეთ თქვენ რუსულმა რეჟიმმა, იცოდეთ, რომ, ყველა სხვა აქციებისგან განსხვავებით, სადაც თქვენ უმოწყალოდ არბევდით საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, დაიცვან საკუთარი თავი“, – განაცხადა წითლიძემ.
შეკითხვაზე, როგორია მათი მოლოდინი 4 ოქტომბერს და რამდენად მასშტაბურ შეკრებას ელოდებიან, რადგან, როგორც პაატა ბურჭულაძემ თქვა, ის ელოდება 200-300 ათას ადამიანს, ანი წითლიძემ აღნიშნა, რომ მისი მოლოდინიც მსგავსია.
„ჩემი მოლოდინიც არის მსგავსი. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არანაირი 4 ოქტომბრის არჩევნები არ არსებობს. ამ ქვეყანაში არჩევნები არ არსებობს, ეს არის ფარსი და არის რუსული სპეცოპერაცია. ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში ცვლილებებს მოიტანს, ეს 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციაა. ნურავინ ნუ მივა საარჩევნო უბანთან, ნუ მივლენ და ნუ შეეცდებიან, „გააპრავონ“ რუსული სპეცოპერაცია. რუსთაველზე 16:00 საათზე არის რეალური ცვლილების შანსი. საქართველოს 200 ათასი მოქალაქე რომ იდგა და იცავდა ამ ქვეყნის თავისუფლებას, იმაზე ნაკლები ადამიანი არ უნდა იყოს 4 ოქტომბერს, რათა იმავე დღეს შევძლოთ ამ რეჟიმის დასრულება. დარწმუნებული ვარ, იქნება ეს რაოდენობა. ხელისუფლებას გადაიბარებენ საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანი რევოლუციით. ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებით გადაწყვეტენ, ვის უნდათ, რომ ეს ხელისუფლება ჩააბარონ“, – განაცხადა ანი წითლიძემ.