მოვუწოდებ გიორგი გახარიას, დაასახელოს, ვის გულისხმობდა, სხვა შემთხვევაში ის გამოიყურება, როგორც ჭორიკანა, – ასე უპასუხა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, სმენია თუ არა იმის შესახებ, რაც გიორგი გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლას გეგმავს და ამ მიზნით, გაუქმებული მანდატების აღდგენას მოითხოვს.
„ჩვენ მისგან არა ერთხელ გვსმენია მსგავსი განცხადებები, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა, მაგრამ ზოგადად, არასწორია, არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსისგან, არამედ როგორც ადამიანისგან და კაცისგან, იჭორაო რაღაც ისე, რომ არ თქვა კონკრეტულად და არ დაასახელო სახელები და გვარები. მსგავსი ინფორმაცია თუ აქვს, მაშინ უნდა თქვას და დაასახელოს, ვინ გულისხმობდა ამაში, მაგრამ მე მგონია, რომ ამ თავისი ჭორიკანა განცხადებით გახარია ცდილობდა, ბოლოსკენ უკვე გადაეფარა ის სირცხვილი, რაც მან ნახა ამ არალეგიტიმურ პარლამენტში, არალეგიტიმურ კომისაზე მისვლით. შემდეგ, საზოგადოებისგან ეს სამართლიანი რეაქციები იწვნია საკუთარ თავზე“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
მისი თქმით, თუ პარლამენტს არ აღიარებ, თვლი, რომ ის არის არალეგიტიმური და არჩევნები მიტაცებულია, მაშინ ამ პარლამენტის არალეგიტიმური კომისიაზე არ უნდა მიდიოდე, მით უმეტეს, როცა ამ არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმური კომისია მთლიანად არის არაკონსტიტუციური.
„თუ მაინც მიდიხარ, არღვევ ამ კოორდინაციას, მაინც მიდიხარ და ამ ყველაფერს გადააბიჯე, მაშინ რაღაც ღირებული უნდა თქვა, ჩვენ კი ვერაფერი ვერ გავიგეთ, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ განაახლეს ყველა ის ჭრილობა, რომელიც 20 ივნისს მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა. ერთმანეთს აბრალებდნენ „ქართული ოცნების“ მოქმედი მონა წულუკიანი და გაგდებული მონა გახარია, რომელმა უფრო მეტად დათხარა თვალი საქართველოს მოქალაქეებს 20 ივნისის ღამეს და ამას გვასმენინეს მთელი ექვსი საათი“, – განაცხადა წითლიძემ.
როგორც ანა წითლიძემ ასევე თქვა, თვითმმართველობებში კოალიციები იყო შეცდომა, რადგან გახარიას პოლიტიკურმა პარტიებმა ძალიან ბევრჯერ მისცეს შანსი, რომ ნამდვილი ოპოზიცია, გულწრფელი და პროცესებში კეთილსინდისიერი ყოფილიყო, მაგრამ მან ეს შანსი არც ერთხელ არ გამოიყენა.
„იმიტომ, რომ ყოფილი „ქოცი“ არ არსებობს. მთელი მისი მენტალობით ის არის „ქოცი“. ჩვენ ვიცით, რომ გახარია რაღაც ღირებულებითი დაპირისპირების გამო არ წამოსულა ბიძინა ივანიშვილისგან. წამოვიდა იმიტომ, რომ 20 ივნისს მიხვდა, მის გარეშე რომ მიიღეს გადაწყვეტილებები და უცებ, კობახიძე, ღარიბაშვილი და კალაძე უკეთესი ტიპები აღმოჩნდნენ, ვიდრე გახარია. ეს გახარია უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა, არის თუ არა ოპოზიციაში“, – განაცხადა წითლიძემ.
ანი წითლიძემ აფრასიძეების დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომ ისინი კრიმინალები იყვნენ და ახლა გმირებად გამოჰყავთ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეფასებას გააკეთებს მათ მიმართ ჩატარებული ოპერაციის თაობაზე, რაც ოჯახის წევრების, მათ შორის, პატარა ბავშვების თვალწინ განხორციელდა, ანა წითლიძემ თქვა, რომ მიუხედავად არა ერთი მოლაპარაკებისა და მცდელობისა, რომ სახელმწიფოს დამორჩილებოდნენ, ისინი მაინც აგრძელებდნენ სვანეთის მოსახლეობის დაწიოკებას და ფორმასთან დაკავშირებით შეუძლია, თქვას, რომ პირიქით, ამაყია, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში სვანეთში კრიმინალი აფრასიძეების მაფიოზური მმართველობა რომ მოისპო.
„დაკავების ნებისმიერი ფორმა არის გამართლებული მაშინ, როცა ყაჩაღი, მაფიოზი სახელმწიფოს ესვრის იქით, როდესაც ადამიანები ტყვეობაში ჰყავს წლობით“, – განაცხადა წითლიძემ.
მაკა ცინცაძემ სტუმარს კომისიაზე მოქალაქეთა ჩვენებების შესახებაც ჰკითხა, რაც ეხება ქონების ჩამორთმევას, ციხეებში იმ პერიოდში არსებულ მდგომარეობას, წამების შესახებ ისტორიებს და ეთანხმება თუ არა ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ადამიანები მომზადებული ჰყავთ და ისინი იტყუებიან, ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ ცხადია, ცხრა წლის განმავლობაში იყო შეცდომები, რაზეც ადამიანებმა აგეს პასუხი და ციხეში სხედან, მაგრამ საუბარია იმ ცხრა წელზე, რომელიც იყო სახელმწიფოს შენების საუკეთესო წლები და საქართველო შედგა, როგორც სახელმწიფო.