ასეთი მკაცრი რეზოლუცია ევროპარლამენტის ისტორიას არ ახსოვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ამ რეზოლუციამ კიდევ ერთხელ ანახა, რომ ქვეყანას არანაირი ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს, არამედ მართავს რეჟიმი, რომელმაც არჩევნები მიიტაცა, რომელმაც საქართველოს დააკარგინა ევროპული განვითარების პერსპექტივა და რომელიც არის მოკავშირე რუსეთის, ირანისა და ჩინეთის“, – განაცხადა წითლიძემ.
მისი თქმით, რეზოლუციაში ნახსენებია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წვლილი ევროპული ინტეგრაციის ნაწილში და პირდაპირ არის მითითებული, რომ მიხეილ სააკაშვილის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის განმტკიცების საკითხში „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, ქარს გაატანა.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, ამავე რეზოლუციაში არის ჩანაწერი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან, როგორც წესი, „საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს არ სჩვევიათ ხოლმე ასე ღიად საუბარი კონკრეტულად მონაწილეობა-არმონაწილეობაზე ამა თუ იმ არჩევნებში, თუმცა ამ ჩანაწერმა კიდევ ერთხელ ანახა, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არჩევნები, არსებობს რუსული სპეცოპერაცია და სწორედ ასე აღიქვამენ ამას საერთაშორისო პარტნიორები, იმ ინტერპრეტაციისგან განსხვავებით, რასაც წინა რეზოლუციის მიხედვით აკეთებდა „ლელო“, თურმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ემხრობოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას“.
„მანდაც არ ყოფილა მონაწილეობის საკითხი. იქ თვითმმართველობის არჩევნებში ბოიკოტი იქნებოდა ეს თუ მონაწილეობა, ოპოზიციის ერთიანობას განიხილავდნენ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად. ანუ, იქ ეწერა, რომ მნიშვნელოვანი იყო, გადაწყვეტილებაში ყოფილიყო ოპოზიცია ერთიანი და არა არჩეულ გზაში, მაგრამ ამ რეზოლუციაში ახლა პირდაპირ და მკაფიოდ წერია, რომ ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არანაირი აზრი რეჟიმის პირობებში არ აქვს“, – განაცხადა წითლიძემ.