საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებული ქმედებებით ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ ისაუბრა.
„ამ ქმედებით, რასაც ხელისუფლება საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით აკეთებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, რომ საქართველოში სასამართლოს მართავს კლანი და რომ საქართველოში სასამართლოს მართავს ერთი პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნება“,- განაცხადა წითლიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.
46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც მოსამართლეების საქმის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა იმავე საღამოს გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართეს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია აღარ მოიწვიოს.
როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა – ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმები არ ჰყოფნის.