ეს ცალსახად არასწორია და ცალსახად ტოვებს სპეკულაციის ძალიან ბევრ ნიშანს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებში, – ასე უპასუხა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ გიორგი გახარიას პარტია ამ დრომდე თავს იკავებს შესაბამისი მიმართვისგან და ისინი კვლავ რჩებიან მოქმედ დეპუტატებად, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ.
„აბსოლუტურად აბსურდული განცხადება გააკეთეს დღეს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, ეს მანდატები იმისთვის სჭირდებათ, აქციაზე რაღაც იმუნიტეტი ჰქონდეთ, რომ ვიღაცამ არ დააკავოს და ეს ძალიან სასაცილოა“, – განაცხადა წითლიძემ.
მისი თქმით, გიორგი გახარია ბოლო-ბოლო უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა.
„მას უნდა, იყოს ნამდვილი ოპოზიცია, როგორიც არის პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც ამ ქვეყნის მომავლისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ უნდა, იყოს რაღაც „ქართული ოცნების“ დანამატი, რომელიც რაღაც გაურკვეველ პოზაშია, თითქოს ოპოზიციაა, მაგრამ არც ოპოზიციაა, თითქოს „ნაცობას“ და „ქოცობას“ ერთ სიბრტყეში აყენებს, გაუგებარ ქარდებს ავრცელებს და ა.შ. არ არის ახლა ის დრო. ახლა, ოპოზიციური პარტიის მხრიდან, რომელიც არ უნდა იყოს, საქართველოს მოქალაქე ამ გადამწყვეტ ბრძოლაში არავის არ აპატიებს რაღაც გაურკვეველ პოზაში ყოფნას და არავის არ აპატიებს რაღაც ორმაგ თამაშს, ვინც არ უნდა იყოს“, – განაცხადა წითლიძემ.
ანა წითლიძემ ასევე განაცხადა, რომ პირადად მისთვის და მისი პოლიტიკური პარტიისთვის გახარია პოლიტიკურ ავტორიტეტს არასდროს არ წარმოადგენდა, რადგან გახარია მათთვის არის ადამიანი, რომელიც არის 20 ივნისის შემოქმედი.
„გახარია ასევე არის ადამიანი, რომელიც გაურკვევლად მოხვდა პრემიერ-მინისტრობის და შს მინისტრის პოსტზე პირდაპირ მოსკოვიდან, რადგან მისი საქმიანობა პირდაპირ მოსკოვში იყო დაკავშირებული, ის მოსკოვში მოღვაწეობდა. ეს ცნობილია და პარტიიდან მისი წამოსვლაც მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მას ირაკლი ღარიბაშვილთან და კობახიძესთან ჰქონდა პარტიული დაპირისპირება, თორემ რაღაც ღირებულებითი თანხვედრა არ ჰქონიათ. მიუხედავად ამისა, პირველია, როდესაც მე ამას თქვენ ეთერში ასე ვსაუბრობ“, – განაცხადა წითლიძემ.