სამშაბათი, მაისი 20, 2025

ანა ბუჩუკური – ლოგიკური კითხვა დავუსვით პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ მუნიციპალურ არჩევნებს, რა გეგმა აქვთ, ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ გეგმის სახით, არის ე.წ. სატელეფონო არჩევნები

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა არის რიტორიკული, ეს თავად მელიამ და ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია არის ძალიან მარტივი და, ხაზგასმით ვიმეორებ, ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ბუჩუკურის თქმმით, თუ „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტს, რომ არჩევნებში არ აპირებს მონაწილეობას, ამას ყველა თავად პარტიისგან გაიგებს.

„თუ გადავწყვეტთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ამას გაიგებთ ღიად ჩვენგან, ისევე ღიად, როგორც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის. რამდენიმე დღის წინ ძალიან მარტივი, ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვა დავუსვით ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ მუნიციპალურ არჩევნებს: რა გეგმა აქვთ ბოიკოტის შემდეგ? ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ გეგმის სახით, არის ე.წ. სატელეფონო არჩევნები. ეს არ არის სერიოზული. საერთოდ რა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს საკუთარ ამომრჩეველზე და პროტესტზე?!“ – წერს ბუჩუკური.

პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დღეს განაცხადა: „დადგა დრო, პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს და პასუხი გაეცეს კითხვას, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები?“

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო ორი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება, - ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“.„ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა კონსტანტინე აფხაზისა და მასთან ერთად დახვრეტილი 14 ოფიცრის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის ხელმძღვანელობით, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის დისწულის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის არტილერიის გენერალ-მაიორის, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრისა და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული გმირის კონსტანტინე აფხაზისა და მასთან ერთად დახვრეტილი 14 ოფიცრისა და ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სტუდენტებმა ვაკის პარკში, 1923 წლის 20 მაისს, ჩეკისტების მიერ დახვრეტილი ეროვნული გმირების - გენერალ-მაიორ კონსტანტინე აფხაზის, და სამხედრო ცენტრის 14 წევრის: გენერლების - ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, გენერალ-მაიორ ვარდენ წულუკიძის, პოლკოვნიკების - გიორგი ხიმშიაშვილისა და როსტომ მუსხელიშვილის, ოფიცრების - ივანე ქუთათელაძისა და ნიკოლოზ ზანდუკელის, როტმისტრების - სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელისა და ფარნაოზ ყარალაშვილის, იასონ კერესელიძის, ლევან კლიმიაშვილის, დიმიტრი ჩრდილელის, სიმონ ჭიაბრიშვილის, პოლკოვნიკების - ალექსანდრე მაჭავარიანისა და ელიზბარ გულისაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ქართველი პატრიოტების დახვრეტიდან 102 წლის შემდეგ, ჯალათების წინაშე უდრეკად მდგომი 15 ქართველის გმირობა მომავალი თაობებისთვის მუდამ ზნეობრივ გაკვეთილად დარჩება.„კოტე აფხაზი და 14 რჩეული მამულიშვილი შეეწირა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას, ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნას. შეუძლებელია დავიწყება იმისა, თუ ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები, როგორ იცავდნენ სამშობლოს და როგორ სწირავდნენ თავს. შეუძლებელია დავივიწყოთ კონსტანტინე აფხაზის უკანასკნელი სიტყვები - „ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“ სწორედ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა იცხოვრო სამშობლოსთვის“, - აღნიშნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მემორიალთან.ცნობისთვის, კონსტანტინე აფხაზი და მასთან ერთად დახვრეტილი 14 თანამებრძოლი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ.

ალინა გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ისტორიაში პირველი ქართველი ქალი გახდა, რომელმაც ევერესტი დაიპყრო

„2025 წლის 18 მაისს, ნეპალის დროით დილის 9:10 საათზე, პლანეტის უმაღლეს წერტილზე, ევერესტის მწვერვალზე ვიდექი და ჩემს წინაშე მთელი პლანეტა გადაიშალა. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და მისკენ მიმავალ გზაზე, მე გავხდი ისტორიაში პირველი ქართველი ქალი, რომელიც ევერესტზე ავიდა. ჯერ ვერ ვაცნობიერებ, ვერ ვიგებ, ვერ გადავხარშავ. ჯერჯერობით, თითქოს პარალელურ რეალობაში ვარ.“ - წერს ალინა გამსახურდია.წყარო: რადიო თავისუფლება

დიმიტრი მედვედევი – რუსეთი მზადაა კიევთან მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი მზადაა კიევთან მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე.ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე იურიდიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„ამის შესახებ რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის წინასწარი პირობების გარეშე, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და იმ წინადადებების გათვალისწინებით, რომლებიც ფორმულირებული იყო. ასეთ მოლაპარაკებებს შეუძლიათ მშვიდობის მოპოვება“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.მისივე თქმით, მშვიდობა უნდა ემყარებოდეს იმ პირობებს, რომელიც მეტ-ნაკელბად აწყობს ყველა დაინტერესებულ მხარეს.„წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ ზავი, რომელიც გამოყენებული იქნება სამხედრო მანქანის აღდგენისთვის და საბრძოლო მოქმედებებთან დაბრუნებისთვის“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.ამასთან, მისი თქმით, უკრაინის საკითხის დარეგულირებაში პროგრესისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომ კიევში სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე უფლებამოსილი პირები არ არსებობენ.„არაერთხელ ითქვა, რომ უკრაინული რეჟიმის მოქმედ პირთა ძირითად ნაკრებში არ არიან პირები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე. ეს კი დიდი პრობლემაა“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კლაუს ჰიპმა საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოში ვიზიტად მყოფი მეცენატი, ცნობილი გერმანელი ხელოვანი და მეწარმე, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის დამფუძნებელი, სტუ-ის საპატიო დოქტორი კლაუს ჰიპი შეხვდა და მათთვის საჯარო ლექცია ჩაატარა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, კლაუს ჰიპის საჯარო ლექცია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციასა და ბრენდინგს მიეძღვნა.როგორც HIPP-ის დამფუძნებელმა, სტუ-ის საპატიო დოქტორმა აღნიშნა, ქვევრის ღვინო სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით, ბუნებრივი და ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოების მოყვარულთა შორის.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან კლაუს ჰიპმა ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის გლობალურ მასშტაბებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით, სტუდენტებს შესთავაზა იდეები, რაც ქვევრის ღვინის უნიკალურობასა და კულტურულ მნიშვნელობაზე დაფუძნებულ კონცეფციას გამოხატავს.მათივე ინფორმაციით, საჯარო ლექციას ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ესწრებოდა, როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, კლაუს ჰიპის თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალმხრივია და როგორც აკადემიურ, ისე კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს მოიცავს. ეს საჯარო ლექცია კი მორიგი, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართულ-გერმანული განათლებისა და ბიზნესკავშირების გაღრმავებისკენ. თამარ ლომინაძის თქმით, ინოვაციებისა და დიზაინის როლზე მარკეტინგში კლაუს ჰიპის გამოცდილება და ხედვა შთააგონებს როგორც სტუდენტებს, ასევე, პროფესიონალებს საქართველოში.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მსოფლიო ბრენდ HIPP-ის დამფუძნებელთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. კლაუს ჰიპის ყოველი ვიზიტი ახალ შთაგონებას და მოტივაციას აძლევს ჩვენს სტუდენტებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა რეალურად ნახონ ასეთი მაგალითები - ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ საზოგადოების განვითარებაზე, ინვესტირებენ განათლებაში და ზრუნავენ უკეთესი მომავლის შექმნაზე.წლების განმავლობაში კლაუს ჰიპი დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის ატარებდა კონკურსს და გამარჯვებულ სტუდენტებს იწვევდა გერმანიაში, საკუთარ საწარმოში ერთთვიანი პრაქტიკის გასავლელად. ამგვარად, ათობით სტუდენტმა ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, სტუდენტებისთვის, მიეღოთ ევროპული გამოცდილება ისეთ მაღალტექნოლოგიურ და წარმატებულ კომპანიაში, როგორიცაა HIPP-ი.რაც შეეხება დღევანდელ საჯარო ლექციას, ის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ღვინის ქვეყანაა, და დღევანდელ თემას - ქვევრის ღვინო - განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს კულტურაში. ქვევრის ღვინო მხოლოდ საქართველოსთვის არის დამახასიათებელი და შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, მას საერთაშორისო დონეზე გავუწიოთ პოპულარიზაცია. ამ თემასთან დაკავშირებით, ბატონი ჰიპის მოსაზრებები, რეკომენდაციები და შეხედულებები საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება ჩვენი სტუდენტებისთვისაც.კლაუს ჰიპის ინიციატივით, ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები, არამედ ქიმიური ტექნოლოგიების, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ბიზნესტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებიც.დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ არაერთხელ უმასპინძლებს კლაუს ჰიპს, რომელიც შთააგონებს მომავალ თაობებს და ახალგაზრდებს დაუღალავად უზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ბოლო სიახლეები