ოთხშაბათი, მაისი 28, 2025

„ამ გამოჯანმრთელების გზაზე, უფლებას ვერ მივცემ თავს, ვისაც ახლა სჭირდება დახმარება, მის გვერდით არ დავდგე!“ – სანდრო ელოშვილი მიმართვას ავრცელებს

რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

სანდრო ელოშვილი იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც მსგავსი გამოწვევის წინაშე დგანან.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სად ვიყავი ერთი თვე და Restart Rehab ში…  

ბოლო წლები ჩემთვის ძალიან რთული იყო, ნორმატიული მომხმარებელი არასდროს ვყოფილვარ, ვინც მიცნობს კარგად იცის, ჩემს ცხოვრებაში ალკოჰოლი ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკიდან გაჩნდა, მაგრამ ასე თუ ისე ვახერხებდი თავის გაკონტროლებას, მაგრამ როგორც წესია და ჟანრის კლასიკა მოითხოვს, ნელ–ნელა გავხდი უკონტროლო, გაუაზრებელი, იმპულსური, რამაც მოიტანა ბევრი ისეთი ქმედება არაფხიზელ მდგომარეობაში, რომ ვაზიანებდი ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, გარემოს…

ამპარტავნება, ეგოცენტრიზმი, შური, ბრაზი ჩემი არაფხიზელი ცხოვრების წესად იქცა და თითქმის არ დამრჩა ახლობელი ადამიანი ვისაც არ ვაწყენინე, მერე რა, რომ ზოგმა მითხრა და ზოგმა უბრალოდ გამიტარა ეს ყველაფერი.

მადლობა ღმერთს, რომ ის რასაც მე ვერ ვგრძნობდი, ხედავდნენ და ამჩნევდნენ ჩემი მეგობრები, აი ასე მომკიდა ჩემმა ხუჭუჭა ნანუკამ ხელი და ჩვენი მეგობრების დახმარებით მოვხვდი ერთ მშვიდ და კარგ ადგილას, სადაც გავატარე ერთი თვე… იქაური ცხოვრების წესებზე და პრინციპებზე ბევრს არ მოვყვები, მარტო იმას გეტყვით, რა ცოდნით გამოვედი… 

ალკოჰოლიზმიც და ნარკომანიაც არის დაავადება, რომელიც არ იკურნება და ერთადერთი გამოსავალი არის ამ დაავადებასთან თანაცხოვრება და მისი მართვა. ეს ყველაფერი 80–% ით არის გენეტიკურად გადმოსული ჩვენზე. 

ალკოჰოლზე დამოკიდებულებაც ნარკომანიაა, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს. ჩვენი პრობლემა არ არის სმა ან ნივთიერებების მოხმარება, ეს მხოლოდ გამოვლინებაა, ჩვენი პრობლემა არის ჩვენი დამოკიდებულება სხვადასხვა ხასიათის დეფექტებზე და ემოციებზე. 

ჩვენი პრობლემაა გამოუთქმელობა, დაგროვებული უარყოფითი ემოციები, დახმარების არ თხოვნა, ყველა პრობლემის ჩვენებურად გადაწყვეტა.

არადა ყველაფერი ძალიან მარტივია… 

სურვილი ვიყოთ ფხიზლები! 

ობიექტურად გავიაზროთ ჩვენი პრობლემა, შელამაზების გარეშე. 

ვითხოვოთ დახმარება, ეს არაა სირცხვილი! 

უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი.

მოვუსმინოთ სხვას, ვინც უკეთ ერკვევა ჩვენს დაავადებაში, თორემ საკუთარ თავს სადამდე მივყავართ, კი ვიცით. 

ვიყოთ მუდმივ დისციპლინაში და რეჟიმში. 

დრო კი არ გავიყვანოთ, გამოვიყენოთ! 

პატივი ვცეთ და დავაფასოთ ადამიანები, ვისაც ჩვენთვის კარგი უნდა! 

გავიაზროთ რომ სამყაროში უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს, რომელსაც შეუძლია ბედნიერების მოტანა!მარტივია!

ბოდიში მინდა მოგიხადოთ ყველას ვისაც ჩემი უაზრო და უგონო ქცევებით გული გატკინეთ, რამე გაწყენინეთ ან დაგაზიანეთ! გეფიცებით, ყველაფერს გულწრფელად ვნანობ, მესმის რომ პატიებაც რთული პროცესია გონებაში და ტვინში, ამიტომაც იქნებ ოდესმე შეძლოთ!

იქ, რეჰაბში, ერთი თვე ჩემს ირგვლივ და ჩემს გვერდით იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ტკივილები და მდგომარეობა ტანჯავდათ, მაგრამ ისე მივლიდნენ, ისე მპატრონობდნენ, ისეთ მაგალითს მაძლევდნენ, როგორც ოჯახის წევრს, ამიტომაც ახლა, ამ გამოჯანმრთელების გზაზე, უფლებას ვერ მივცემ ჩემს თავს, სხვას, ვისაც ახლა სჭირდება დახმარება, მის გვერდით არ დავდგე!

 ნუ შეგეშინდებათ საკუთარი თავის, ნუ შეგრცხვებათ! ნუ ფიქრობთ რომ რამე ისეთს აკეთებთ, რაც სხვას არ გაუკეთებია! ნუ ფიქრობთ რომ რამე ისეთი ხდება თქვენს თავს, რაც სხვას არ გადახდენია!

და რაც მთავარია, ნუ ფიქრობთ რომ გამოსავალი არ არსებობს! არ შეეგუოთ ამ მდგომარეობას! პირადში მომწერეთ თუ გნებავთ, პატივი იქნება ეს ჩემთვის და პირიქით მე დამეხმარება გამოჯანმრთელების გზაზე!

თუ გნებავთ ოჯახის წევრზე მომწერეთ, მეგობარზე… გაგიზიარებთ ყველაფერს რაც ვიცი, რაც განვიცადე, რა გავიარე, რა არის საჭირო და რა დაგვეხმარება ამ გზაზე!

იქ, რეჰაბში, ყოველ დილით ერთი კარგი წესი არსებობს, მადლიერება ჰქვია! დილით წერ თუ ვისი და რისი მადლიერი ხარ ამ სამყაროში… თავიდან ძნელია, რთულია, რაღაც არ გიშვებს, რაღაც გაჩერებს, მერე ეჩვევი…

ჰოდა, ახლა მინდა გითხრათ… ჩემო მეგობრებო, კარგო ადამიანებო! მადლიერი ვარ თქვენი, ყველაფრისთვის ამ ცხოვრებაში, რომ ხართ და ვარ! რომ ერთად ვართ! რომ შეგვიძლია ერთმანეთს მხარში დავუდგეთ! მიყვარხართ!“, – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული, რათა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ

ჩვენი გუნდის განზრახვაა, რომ საგამოძიებო კომისიის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული, რათა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები, გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სისხლიანმა რეჟიმმა ცხრა წლის განმავლობაში შეიწირა ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, უშუალოდ შეეხო ათი ათასობით ადამიანს ეს რეჟიმი.„150 ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს, პირდაპირ საჩვენებელ მკვლელობებს აწყობდნენ შუა ქუჩაში, ციხეებში 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა წლის განმავლობაში. რომ ავიღოთ 2010-2011 წლების სტატისტიკა, 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა და სტატისტიკა საშუალოდ 20-ს ჩამოსცდა, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ 100-ზე მეტ ადამიანის მარტო ციხეებში კლავდნენ ყოველწლიურად, ამ დონის რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. ბიზნესის რეკეტი პირდაპირ შეეხო ათი ათასობით ადამიანს, დაახლოებით ათი ათასმა კაცმა სახელმწიფოს აჩუქა თავის ქონება. მედიასთან დაკავშირებით ჩემზე კარგად გახსოვთ ყველაფერი რა ვითარება იყო, ომი დაიწყეს 400-ზე მეტი ადამიანი, ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი შეეწირა მათ მიერ დაწყებულ ომს. უამრავ ადამიანს მარტო სიცოცხლის დაკარგვის დონეზე შეეხო ეს რეჟიმი რომ არაფერი ვთქვათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ნერვებზე. დღეს რეალურად ვიხსენებთ იმას, რაც ყველას გვახსოვდა, უბრალოდ ემოციურ დონეზე გვქონდა მივიწყებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში. კიდევ ერთხელ იკრიბება ფაქტები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, ეს არის მთლიანად ჩვენი გუნდის განზრახვა, რომ ამ პროცესის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული, რათა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები, გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.ვფიქრობ, რომ ოთხივე პარტიაზე უნდა გავრცელდეს, ამას გვიჩვენებს პროცესი, როდესაც მომზადდება შესაბამისი სარჩელი, მერე წარიმართება პროცესი სასამართლოში. ვფიქრობ, რომ წინასწარი ჩემი ანალიზი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი, ეს შედეგი გავრცელდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ მოაზრებულ ოთხივე პარტიაზე – ეს არის „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, რა განსხვავებაა „ახალსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის? ერთი პარტიაა ორად გაყოფილი. ასევე რაც შეეხება „ლელოს“, ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები პირდაპირ იყვნენ ჩართული უმძიმეს ქმედებებში. რაც შეეხება გახარიას, დღესაც ოთხ მუნიციპალიტეტში აქვს შექმნილი კოალიცია იმ პარტიასთან, რომელიც მაშინ სისხლიან რეჟიმს ხელმძღვანელობდა“, – განაცხადა კობახიძემ.მისივე თქმით, ეს პარტიები პირდაპირ თანამშრომლობენ უცხოურ ძალებთან იმისათვის, რომ ზიანი მიაყენონ საქართველოს და ქვეყნის მოსახლეობას.რაც მთავარია, ეს პარტიები, ყველა ერთად დღეს არიან ჩართული ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არც მალავენ ამას, პირდაპირ დადიან დერეფნებში და ითხოვენ ქვეყნის დასჯას, დასანქცირებას, ათასი ტიპის შეზღუდვის შემოღებას და ეს ხომ ხელის გულზე დევს. პირდაპირ ხომ უპირისპირდებოდნენ კანდიდატის სტატუსის მიღებას. დღესაც ხომ აღშფოთდნენ ტრამპის წერილთან დაკავშირებით არც აშშ-თან დაახლოება უხარიათ, არც კანდიდატის სტატუსი უხარიათ, პირიქით უპირისპირდებიან ამ ყველაფერს. ეკონომიკასთან დაკავშირებით ერთმანეთის მიყოლებით საუბრობდნენ, რომ წელს ჩამოიქცეოდა ეკონომიკა და საშუალო ზრდა გვაქვს პირველი კვარტლის ცხრა პროცენტზე მეტი, ეს პირდაპირ ხელის გულზე დევს. პირდაპირ თანამშრომლობენ უცხოურ ძალებთან იმისათვის, რომ ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის მოსახლეობას, ეს ყველაფერი იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ ამ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით შევიტანოთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რატომ უნდა წავიკითხოთ დილის ლოცვები აუცილებლად ბოლომდე – მამა ალექსანდრე ბოლქვაძის ქადაგება

მამა ალექსანდრე ბოლქვაძე გადაცემაში "რელიგიური საკითხები გიორგი დარასელიასთან ერთად", ლოცვასთან დაკავშირებით, ძალზე მნიშვნელოვან რამეს ქადაგებს:"ქრისტიანული სწავლებით ასეა - როდესაც დილის ლოცვას ბოლომდე კითხულობ, მსოფლიო ეკლესიის ლოცვაში ერთვები. ყველას ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხონ დილის ლოცვა ბოლომდე. ეს რას ნიშნავს - ათონზე ვიღაც ბერი შუადღეს რომ ლოცულობს, ის უკვე ჩვენთვისაც ლოცულობს, კავშირი მყარდება. ჩვენი პატრიარქი აბსოლუტურად ყველაზე ლოცულობს და ლოცულობდა. ეს ლოცვა ნაყოფს იღებს აუცილებლად.ასეთ რამეს გავიხსენებ. ჩაუშესკუ ათეისტი იყო, თუმცა მონათლული გახლდათ. რუმინეთი ქრისტიანული ქვეყანაა. როგორც ეტყობა, როცა მიხვდა, რომ უნდა მოეკლათ, დაიწყო შინაგანი ლოცვა და დამყარდა კავშირი მასსა და ჩვენს პატრიარქს შორის და აი, რა მოხდა: მამა პეტრემ მოყვა. ის და პატრიარქი ერთად უყურებდნენ ტელევიზორს, სადაც გამოუცხადებიათ ჩაუშესკუს დახვრეტის ამბავი. პატრიარქი ფეხზე ამდგარა, პირჯვარი გადაუწერია და უთქვამს: დღეს წირვაზე კვეთის დროს აზრად მოვიდა ჩაუშესკუ და მასზე ფიქრმა მაწვალაო. ესე იგი მას (ჩაუშესკუს) უჭირდა... წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ადამიანია ჩვენი პატრიარქი, ყველაზე ლოცულობს და ლოცვით კავშირს ამყარებს...

„ცეცხლმოკიდებული შენობიდან ორი ადამიანი დამოუკიდებლად გამოიყვანა და დაღუპვას გადაარჩინა“ – საგანგებო

ახალგორის სასწრაფო დახმარების პირველი ბრიგადის მძღოლმა ვალერი ძებისოვმა, ცეცხლმოკიდებული შენობიდან ორი ადამიანი დამოუკიდებლად გამოიყვანა და დაღუპვას გადაარჩინა.ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.

სვანმა ნიკომ დაწერა ისტორია, რომლის მაგალითზეც გაიზრდება უამრავი სვანი ქართველი თუ უცხოელი ალპინისტი-„სვანური ზარი! კაცური გოდება, რომელიც ქალურ მწარე კივილსაც კი გადაფარავს

უშბაზე, ექსპედიციის დროს, ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტი, ნიკო ფალიანი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ახალგაზრდა მთამსვლელის დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი მივიდა.კადრები და ემოციური პოსტები სოციალურ ქსელში ვრცელდება.„სვანური ზარი! კაცური გოდება, რომელიც ქალურ მწარე კივილსაც კი გადაფარავს და პირწმინდად აღწერს დღევანდელ სულის შემძვრელ ტრაგედიას. თან გულამომჯდარი ვტირი... თან სიამაყით მევსება გული, როცა, ჩემი მშობლიური, ასეთი პატარა კუთხის შვილი ამხელა ბუმბერაზ ადამიანად ყალიბდება უმოკლეს დროის მონაკვეთში, მთელ საქართველოს და მის ფარგლებს ცდება მისი ნაგმირალი სახელი და თითქოს სამყაროს აჩერებს ეს ბოლო წამები... სვანმა ნიკომ დაწერა ისტორია, რომლის მაგალითზეც გაიზრდება უამრავი სვანი ქართველი თუ უცხოელი ალპინისტი! უ̂ო̄ჲ ხიადუ̄ლ, ამჟი ნარდუ̂ ი ამჟი დაგრა!“, – წერს ანა ჩართოლანი სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი იყო ფორმა, რითაც ბაჩიაშვილმა თავის დროზე დატოვა ქვეყანა და ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კანონი აღსრულდა

მთავრობის მეთაურისთვის მთავარი, სამართლის უზენაესობა განუხრელად უნდა იყოს დაცული, შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რა ფორმითაც ბაჩიაშვილმა თავის დროზე დატოვა ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სუს-ს და მის ხელმძღვანელს, ანრი ოხანაშვილს, რომელმაც მისი თქმით, სამართლის აღსრულება უზრუნველყო. „ზოგადად, როგორც აღმოჩნდა, გიორგი ბაჩიაშვილს, სამწუხაროდ, სჩვევია ზღაპრების მოყოლა. თუ მართალია და დავუშვათ, რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურებს უნდოდა მისი მკვლელობა და მერე უნდოდათ, რომ ეს გადაებრალებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის, ამ შემთხვევაში, მისთვის საშველი ყოფილა პატიმრობა, რომელიც ახლა აქვს საქართველოში. ამ ყველაფერს გამოძიება აჩვენებს, აქაც მე ვერ ვიქნები კომპეტენტური, რომ დეტალებზე ვისაუბრო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალი აღსრულდა, ეს არის ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის მთავარი, სამართლის უზენაესობა განუხრელად უნდა იყოს დაცული. აქ ჩატარდა მცირე ოპერაცია, მცირე, თუ არა მცირე – ეს ცალკე საკითხია და სუს-ს, მის ხელმძღვანელს – ანრი ოხანაშვილს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო სამართლის აღსრულება. შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რა ფორმითაც ბაჩიაშვილმა, თავის დროზე, დატოვა ქვეყანა და, სწორედ, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აღდგა სამართლის უზენაესობა და კანონი აღსრულდა,“- განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები