ორშაბათი, ივნისი 30, 2025

ამონარიდი პატრიარქის 1988 წლის სააღდგომო ეპისტოლედან

წმიდა მოციქული პავლე გვარიგებს: მთელი ქონება რომ გლახაკთა დაურიგო, ხორცი შენი რომ ცეცხლს მისცე გვემად, ადამიანთა და ანგელოზთა ყველა ენა რომ შეისწავლო, წინასწარმეტყველის ნიჭითაც რომ იყო დაჯილდოებული და ქვეყნის ყველა საიდუმლოს ფარდა ჰქონდეს შენთვის ახდილი, რომ გქონდეს ყოველგვარი ცოდნა და რწმენა, მთების გადაადგილებაც რომ შეგეძლოს და სიყვარული კი არ გქონდეს, მაინც უხმარი სპილენძი იქნები, არარაობა იქნები შენ (1 კორ. 13, 2-3), რადგან არ იქნება შენში მთავარი მხსნელი ძალა – სიყვარული, რომელიც არის მომცველი ყოველთა მცნებათა და აღსრულება მათი.
სიყვარული არ ეძიებს თავისას, რადგან თავისუფალია თავის მოყვარების ეგოისტური გრძნობისაგან. „სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის… არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ“ (1 კორ. 13, 4-7).
ღმერთი, მოყვასი და მე – აი, ის ღვთაებრივი სამკუთხედი, რომელიც სიყვარულით უნდა იყოს შეერთებული. თუ ამ სამთაგან თუნდაც ერთი რგოლი დაირღვა, დაირღვევა თვით სიყვარული; დამდაბლდება იგი, ავხორცობად გადაიქცევა და ბოლოს განქარდება კიდეც.
ის, ვისი ცხოვრებაც ღვთის რწმენასა და სიყვარულზეა დაფუძნებული, აუცილებლად
იქნება ღვთის მოშიში, პატივს მიაგებს მშობლებს, შეიყვარებს მოყვასს, არ მოიპარავს, არ ხელყოფს სხვის სიცოცხლეს, არ დასწამებს ცილს ადამიანს, თავისუფალი იქნება შურისგან, იცხოვრებს ეკლესიურად და უსურვებს ყველას მას, რაც საკუთარი თავისთვის უნდა, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მოიცავს ქრისტიანის ცხოვრების ყველა მხარეს, განსაზღვრავს და საფუძვლად ედება ურთიერთობას პიროვნებასა და შემოქმედს შორის, ადამიანთა შორის.
სიყვარული ღვთისა და კაცისა, სიყვარული ადამიანთა შორის გამოვლენილი – აი მთავარი თემა სახარებისა.
სიყვარულისა და მოწყალების შესანიშნავ მაგალითებს ვხვდებით წმიდა მამათა ცხოვრებაშიც. აი ერთი მათგანი:
იყო ვინმე სერაპიონი, წარმოშობით ეგვიპტელი. გამოირჩეოდა იგი ქვეყნიურ კეთილდღეობათა მიმართ გულგრილობით, ამიტომაც შეარქვეს მშვიდი, აუღელვებელი. წერა-კითხვა რომ ისწავლა, მთელი წმიდა წერილი დაიზეპირა და თავის მთავარ საქმედ სახარების ქადაგება აირჩია.
ერთ ქალაქში ოც მონეტად მონად დაუდგა წარმართ მსახიობებს. მათთან ერთად ცხოვრობდა, მათთვის შრომობდა და თან გამუდმებით უქადაგებდა ღვთის სიტყვას. ბოლოს მიაღწია იმას, რომ ყველანი გააქრისტიანა და დაარწმუნა, დაეტოვებინათ წარმართთა თეატრი.
როცა ისინი მოინათლნენ, გადაწყვიტეს, მონობიდან გაეთავისუფლებინათ სერაპიონი. მაშინ ღირსმა მამამ უთხრა, რომ იგი მონა არ ყოფილა და რომ ემსახურებოდა მხოლოდ მათი გადარჩენისა და ჭეშმარიტების გზაზე დაყენებისთვის. მსახიობებმა სთხოვეს სერაპიონს, რომ მათთან დარჩენილიყო და სულიერი მამობა გაეწია, მაგრამ უარი მიიღეს. წმიდა სერაპიონმა დაუბრუნა მათ ის ოცი მონეტა, თვითონ კი გაემგზავრა სხვა ქალაქებისა და სოფლებისაკენ სხვა გაჭირვებულთა დასახმარებლად.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს

რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება საზოგადოებას პარლამენტის წინ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააცნო.„ჩვენ, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, ერთობლივად ვაცხადებთ: 1. უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს; 2. ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული. გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას. ბოლომდე“, – ნათქვამია განცხადებაში.განცხადებას ხელს აწერენ პარტიები: „თავისუფლების მოედანი“; „ევროპული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „სტრატეგია აღმაშენებელი“; „ახალი“; „გირჩი-მეტი თავისუფლება“. „დროა“; „ფედერალისტები“.

იოჰან ვადეპული – უკრაინის გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ შეუქცევადია

უკრაინის გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ შეუქცევადია, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.„ნატო-ს სამიტზე, საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს, ხაზი გავუსვი, რომ უკრაინა ნატო-სკენ შეუქცევად გზაზეა და გერმანია ადასტურებს ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვადეპულმა.მისივე თქმით, ეს ასევე ეხება უკრაინის მისწარაფებებს ევროკავშირთან დაკავშირებითაც.„იმედი გვაქვს, რომ დანიის თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებების კლასტერი გაიხსნება“, – განაცხადა ვადეპულმა.როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, გერმანია ოპტიმისტურად არის განწყობილი.თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ვადეპულს სიგნალისთვის, „რომელიც დიდი ხანია და შესაძლოა არასდროსაც, არავის გაუგია გერმანიის მხრიდან“.„ნატო-ს სამიტის დროს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და უკრაინის მინისტრის დონეზე გამართული შეხვედრისას, გერმანულმა მხარემ განაცხადა, რომ მიაჩნია, უკრაინა ალიანსში უნდა იყოს და ეს მთელი ევროპის ინტერესებშია. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ მხარდაჭერის შესაბამისი სიგნალებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„ფაინენშალ თაიმსი“ – პუტინი ცდილობს უკრაინის ქალაქ ოდესის ხელში ჩაგდებას, რათა უკრაინას მთავარ პორტზე წვდომა ჩამოართვას

პუტინი ცდილობს უკრაინის ქალაქ ოდესის ხელში ჩაგდებას, რათა უკრაინას მთავარ პორტზე წვდომა ჩამოართვას, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს არ სჯერა, რომ რუსეთი მზადაა, დათანხმდეს უკრაინის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტას. მაღალი რანგის ოფიციალურ პირის თქმით, პუტინი მიიჩნევს, რომ ოდესა „ისტორიულად რუსული ქალაქია“.ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინისთვის ამ ქალაქის ხელში ჩაგდება უკრაინის წინააღმდეგ ომის მთავარი მიზანია. გამოცემამ აღნიშნა, რომ ჰააგაში ნატო-ს სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ მოკავშირეები შეთანხმდნენ თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე, რაც ამცირებს დაძაბულობას ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის.გარდა ამისა, გამოცემამ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამ კარგად ჩაიარა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დიპლომატიურად უკეთეს მდგომარეობაშია, გამოცემის აზრით, ომში მისი მდგომარეობა, როგორც ჩანს, უარესდება.როგორც გამოცემა წერს, ნატო-ს ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ ფრონტზე ვითარება შემოდგომაზე, შეიძლება, სერიოზულად გაუარესდეს. ამასთან, გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის შეიარაღებული ძალები რესურსების ამოწურვის ზღვარს უახლოვდებიან, თუმცა, რუსეთი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეძლებს ოპერაციების ამჟამინდელი დონის შენარჩუნებას, ხოლო უკრაინამ, შესაძლოა, ექვსი თვის განმავლობაში მიაღწიოს თავისი შესაძლებლობების ზღვარს, თუ მნიშვნელოვან სამხედრო მხარდაჭერას არ მიიღებს.გარდა ამისა, გამოცემაში აღნიშნულია, რომ უკრაინას პრობლემები აქვს ჯარისკაცების რაოდენობასთან დაკავშირებითაც.

ანა ბუჩუკური-ნაცების და ოცნების მპოსტავები ერთნაირად აჟიტირებულები ელოდებიან გახარიას ციხეში ხილვას, მე მათ ვეტყვი- ვერ ეღირსებით!

შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ, რბილად რომ ვთქვა, არის გაუგებარი, უფრო უხეშ სიტყვას არ გამოვიყენებ, რადგან ადამიანი შიმშილობს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით განაცხადა.ბუჩუკურის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ვერანაირი შანტაჟი ამ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.„ელენე ხოშტარიას ვუსურვებ ჯანმრთელობას და გამძლეობას, ეს მძიმე გადაწყვეტილებაა ადამიანისთვის ფიზიკურად და მოვუწოდებ, შეწყვიტოს შიმშილობა. შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ, რბილად რომ ვთქვა, არის გაუგებარი, მე უფრო უხეშ სიტყვას არ გამოვიყენებ, რადგან ადამიანი შიმშილობს. შიმშილობა, რათა ოპოზიცია აიძულოს რაღაც ქმედებისკენ ან ქმედებისგან თავის შეკავება აიძულოს, არათუ ასუსტებს რეჟიმს, არამედ რეჟიმს ეხმარება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის გაუგებარი აქტი, მით უფრო იმ პარტიების წინააღმდეგ შიმშილობა, რომელთა ლიდერების ნაწილი საპატიმროშია, ან, მაგალითად, გახარიას შემთხვევაში, 15-20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ჩვენი გუნდის პოზიცია პირველი დღიდან არის, რომ ჩვენი პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვერავის მხრიდან ვერანაირი შანტაჟი ჩვენს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე.

ბოლო სიახლეები