დასამალი არ არის, მქონდა კოვიდი, 29 დეკემბერს დამიდასტურდა, ამიტომ როგორც წესია და მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს, უნდა ავიცრა 120 დღის შემდეგ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, წესის თანახმად, მას აცრა დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ უწევს და როგორც კი შეეძლება, პირდაპირ ეთერში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გაიკეთებს.
„გუშინ არასწორი ინტერპრეტაციები იყო, რატომ არ ავიცერი. იცით, გრიპზე ერთ-ერთი პირველი ვიცრები ხოლმე. დასამალი არ არის, მქონდა კოვიდი, 29 დეკემბერს დამიდასტურდა, ამიტომ როგორც წესია და მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს, უნდა ავიცრა 120 დღის შემდეგ. ანუ როგორც კი 29 დეკემბრიდან 120 დღე გადაითვლება, შემეძლება, პირდაპირ ეთერში ავიცრა. დარწმუნებული იყავით, ამას ნამდვილად გავაკეთებ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.