ხუთშაბათი, ოქტომბერი 23, 2025

ამერიკულმა საერთაშორისო გამომცემლობამ, Nova Science Publishers, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მონოგრაფია გამოსცა

ამერიკულმა საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამომცემლობამ – Nova Science Publishers –
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის
ახალი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია – Technical Systems of Protection of Hydro Resources,
Management end Monitoring of Processes („ჰიდრორესურსების დაცვის საინჟინრო სისტემები,
პროცესების მართვა და მონიტორინგი) გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ
ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, Გამომცემლობა Nova Science Publishers აქვეყნებს მაღალი
ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების ფართო სპექტრს მსოფლიოს მასშტაბით და
თანამშრომლობს დარგში გამოჩენილ მკვლევარებსა და ექსპერტებთან, მოწინავე
კვლევების გლობალურ დონეზე წარმოჩენისა და განვითარების მიზნით.
Გამოქვეყნებული ნაშრომები გადიან მკაცრ ექსპერტულ შეფასებას და რეფერირდებიან
Elsevier, Scopus, Gardners და სხვა მონაცემთა ბაზებში.

მონოგრაფია – Technical Systems of Protection of Hydro Resources, Management end Monitoring of
Processes, რომელიც ეფუძნება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და პროცესების
ავტომატიზაციის მეთოდების გამოყენებით ჩატარებულ ხანგრძლივ სამეცნიერო
კვლევას, ინგლისურ ენაზე გამოიცა და მასში განხილულია ჰიდრორესურსების
საინჟინრო დაცვის თანამედროვე სისტემების გამართული ფუნქციონირებისათვის
აუცილებელი პირობები, მონიტორინგისა და მართვის საკითხები, ეუტროფიკაციის
გამომწვევი მიზეზები, წყლის რესურსების ბიოგენური ელემენტებით დაბინძურებული
წყაროები, დამაბინძურებლების წყალში შეღწევის გზები და მათი უარყოფითი გავლენა
გარემოსა და ადამიანზე.

როგორც გამომცემლობა Nova Science Publishers-ის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ
ანოტაციაშია ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობა, როგორც საინჟინრო საქმის
ერთ-ერთ უმთავრესი და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი
ფაქტორი, განსაზღვრავს ენერგეტიკის დარგის, მდინარეებისა და საზღვაო
ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური, სოციალური და სხვა მიმართულებების
განვითარებისა და ეფექტიანობის პერსპექტივებს. მათი თქმით, სწორედ ეს
მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული აკადემიკოს დავით გურგენიძის სამეცნიერო
ნაშრომში, რომლის უპირატესობაც ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საიმედო და
ხანგრძლივი მუშაობის, მთის მდინარეების ეფექტიანი სტაბილიზაციისა და დიდი
ეკონომიკური ეფექტის მიღების კვლევაა. მონოგრაფიაში, ჰიდროტექნიკური

ინოვაციური ნაგებობების ეფექტურობის დასადგენად, წარმოდგენილია
კონსტრუქციების ტექნიკურ-ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშების
მეთოდოლოგია და შეფასებულია თითოეული ნაგებობის ეკონომიკური ეფექტი, გარდა
ამისა, განხილულია გარემოსდაცვითი პროგრამების განხორციელების ეკონომიკური
ეფექტიანობის ამაღლების გზები და ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას
კომპლექსური პროგრამების ფორმირების ინტეგრირებული მიდგომები. ნაშრომში
ხაზგასმულია წყლის რესურსების საინჟინრო დაცვის თანამედროვე სისტემების
გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების მონიტორინგისა და მართვის
საკითხები.

გამომცემლობა აღნიშნავს, რომ პლანეტის ჰიდროსფეროში არსებული ბუნებრივი
წონასწორობის რღვევის პროცესი საგანგაშო ხასიათს იღებს. ბუნებრივი და ხელოვნური
წყალსატევები, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლები დაბინძურებულია, წყლის დონეები
კატასტროფულ ნიშნულებამდეა დაწეული, წყლის მრავალი წყარო კი დაკარგულია.
გარემოში წონასწორობის შენარჩუნების, ბუნებრივი, ტექნოგენური და ანთროპოგენური
ზემოქმედების შერბილებისა და კორექციის ღონისძიებების გატარებას მრავალი
საერთაშორისო ინსტიტუცია ისახავს მიზნად. წყლის რესურსებისა და სანიტარიული
სისტემის მდგრადი მართვა და განვითარება დიდი ხანია აღარ არის ცალკეული
ქვეყნების საზრუნავი – ეს გლობალურად გადასაწყვეტი საკითხია, რაშიც თითოეული
ქვეყნის როლი მნიშვნელოვანია. ამდენად, გამომცემლობის განმარტებით, აკადემიკოს
დავით გურგენიძის მონოგრაფიაში განხილული კვლევა და მისი შედეგები
მნიშვნელოვანია როგორც დარგის სპეციალისტისტებისა და ინჟინერ-
პრაქტიკოსებისთვის, ასევე, საინჟინრო ნაგებობების სისტემებში მოღვაწე
მკვლევრებისთვის, დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავეს, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.პროკურატურის ცნობით, ანდრია ლილუაშვილს ბრალდება სსკ-ის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წინა დღეებში საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების ბინების, სახლებისa და სეიფების ჩხრეკa, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებლები, დოკუმენტაცია, ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.დღეს აღნიშნულ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული იქნა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი – ანდრია ლილუაშვილი.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებen გამოძიებას იმ პირების მიმართ, ვისთანაც, შესაძლოა, დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას; ასევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით“, – განაცხადეს პროკურატურაში.ცნობისთვის, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.ამასთან, 18 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმ პირთა ვინაობაც დაასახელა, რომელთა სახლები ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის სახლების პარალელურად გაიჩხრიკა. კერძოდ, სუს-მა გაჩხრიკა რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია ლილუაშვილის და მათი ოჯახების წევრების სახლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საინჟინრო სკოლის თვალსაჩინო მოღვაწის, ლია კახიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საინჟინრო სკოლის თვალსაჩინო მოღვაწის, გამორჩეული მეცნიერ-მკვლევრისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ წევრის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლია კახიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს და საინჟინრო საზოგადოებას.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, პროფესორმა ლია კახიანმა მთელი თავისი ცხოვრება სამშენებლო დარგის განვითარებასა და საქართველოში საინჟინრო-ტექნიკური განათლების სრულყოფას მიუძღვნა.“90 წლის ასაკში გარდაიცვალა საინჟინრო სკოლის თვალსაჩინო მოღვაწე, შესანიშნავი მეცნიერი და პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლია კახიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშენებლო დარგის განვითარებას და საქართველოში საინჟინრო-ტექნიკური განათლების სრულყოფას მიუძღვნა.პროფესორი ლია კახიანი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, დარგის სიღრმისეული ცოდნით, უდიდესი შრომისმოყვარეობით და აკადემიური თუ სამემეცნიერო საკითხებისადმი პრინციპული მიდგომით. მის კვლევით სფერო მოიცავდა სამშენებლო კონსტრუქციებს, სეისმომედეგობას და რკინაბეტონის რღვევის მექანიკას; მისი ავტორობით გამოქვეყნდა 114 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის: 8 მონოგრაფია, 12 სახელმძღვანელო, 21 მეთოდური მითითება და „ევროკოდი 2“ ქართულ ენაზე. ლია კახიანი აქტიურად იყო ჩართული არაერთ კვლევით პროექტში, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში, იყო უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ წევრი. მისი სიტყვა და საქმე ყოველთვის მიიჩნეოდა მაღალპროფესიონალურ და ზუსტ შეფასებად.ქალბატონი ლია კახიანი ყველას უზომოდ გვიყვარდა უნივერსიტეტში, მის მშობლიურ სამშენებლო ფაკულტეტზე - კოლეგებს, მეგობრებს, ახალგაზრდა თანამშრომლებსა და სტუდენტებს. მისი ლექციები მუდამ საინტერესო და შთამაგონებელი იყო - ახალგაზრდებს აძლევდა სიღრმისეულ ცოდნას, უყალიბებდა საინჟინრო აზროვნების კულტურასა და საქმისადმი პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას. განსაკუთრებულია მისი ღვაწლი ახალგაზრდა მკვლევართა და დოქტორანტთა აღზრდის მხრივ. მრავალი მათგანი დღეს წარმატებით აგრძელებს პედაგოგიურ, სამეცნიერო და საინჟინრო საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი უფროსი კოლეგის, ძვირფასი მეგობრის - პროფესორ ლია კახიანის გარდაცვალების გამო. მისი არყოფნა უდიდესი დანაკლისი იქნება სამშენებლო ფაკულტეტისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნის საინჟინრო სკოლისთვის. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, აღზრდილებს. პროფესორ ლია კახიანის სახელი და დამსახურება სამუდამოდ დარჩება სამშენებლო ფაკულტეტის ისტორიასა და ჩვენს მეხსიერებაში,” - აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

მიხეილ ყაველაშვილმა მძიმე დიაგნოზის მქონე მსახიობის, დონარა გვრიტიშვილის შვილი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მსახიობ დონარა გვრიტიშვილის შვილი, გიორგი ხოსროშვილი შეიწყალა.ამის შესახებ დონარა გვრიტიშვილის შვილმა, ხა­ტია ხოს­როშ­ვი­ლმა დაწერა. „არ ვიცოდით, დახმარება ვისთვის გვეთხოვა და ჰაერში ვითხოვეთ. დავინახეთ — როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და ბრწყინვალედ იქცა ათასობით ადამიანი სიკეთის ზვავად.  დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა — ეს არის ადამიანობაზე, სიკეთეზე, იმ ემოციებზე, რომლებიც გვალამაზებს ყველას. თუმცა მათი შეხვედრა ისეთი ვერ იყო როგორსაც დონარა ისურვებდა. მადლობა თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ ისტორიას შეაწიეთ. მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს. უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia პრეზიდენტის ინსტიტუციას (პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო. ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ — თქვენ გეკუთვნით ეს მადლობა. მთელი ჩვენი ოჯახი — მე და ჩემი და ვაფასებთ თქვენს ჩართულობას, გადაწყვეტილებას, დახმარებას და გულწრფელად მადლობელი ვართ“, – დაწერა ხა­ტია ხოს­როშ­ვი­ლმა. მსახიობი დონარა გვრიტიშვილი მძიმე სენით არის დაავადებული. რამდენიმე დღის წინ ხა­ტია ხოს­როშ­ვი­ლმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონარა გვრიტიშვილს ჰქონდა შვილთან შეხვედრის სურვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა. გიორგი მოდებაძეს სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ის ასევე იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად,  საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ირინე იმერლიშვილს, რომელიც 2016 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ იყო დანიშნული, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება-– აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ამირან გამყრელიძე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე – ასეთი ტიპის მოპყრობა, რაც ვნახეთ, დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა – როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ძალადობა მოსახლეობაზე?

„ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული წევრია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების. გამორჩეული თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანობით, პატიოსნებით, ჰუმანიზმით, პატრიოტიზმით და ყველა იმ თვისებით რაც ექიმებს ახასიათებთ. აღნიშნული ვაჟამ მრავალჯერ დაუმტკიცა თავის ხალხსა და ქვეყანას. ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე? დავიჯერო ვინც ამას ავალებს და აკეთებს თვითონ სჯერა, რომ ეს ხალხი, ვინც თითქმის ერთი წელია რუსთაველზე დგას, მართლა „ხალხის მტრები“ არიან? ცუდ სპირალში შედის ქვეყანა და კიდევ ერთხელ ვთხოვ გადაწყვეტილების მიმღებებს დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იქ გადაწყდეს სიტუაციის განმუხტვის ნაბიჯები, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. გავიმეორებ რაც მრავალჯერ დავწერე, რომ დათმობა ყოველთვის სიბრძნის ნიშანი და უფრო ძლიერის პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე.თავისუფლება ვაჟას, გამორჩეულ ექიმსა და პიროვნებას და მასთან ერთად მყოფ უკვე ათეულობით დაპატიმრებულ მოქალაქეს!”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება 22 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას.  

ბოლო სიახლეები