რუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია, რომელიც სპექტაკლში „ვეფხისტყაოსანი“ ავთანდილის როლს ასრულებს, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და კრიტიკოსებს პასუხობს:
„სამი დღეა ვცდილობ არაფერი ვთქვა, რადგან ვმონაწილეობ ამ სპექტაკლში. აბსოლუტური უფლება აქვს ყველას, მოეწონოს, არ მოეწონოს, მიუღებელი იყოს, პოემის განადგურებად ჩათვალოს და ა.შ. ამაზე არც ვამბობ არაფერს, მაგრამ ამ გოგოს (თინათინის როლის შემსრულებელ მსახიობს ვგულისხმობ) ფოტოების ფრიალი ასე უსირცხვილოდ, დამახინჯებული რაკურსით, თქვენ არ გიქმნით უხერხულობას მაინც… მსახიობის, რომელიც წლებია რუსთაველის თეატრის მსახიობია და თავის პროფესიას ემსახურება სცენაზე. მეუღლეა, დედაა და ბოლო–ბოლო ადამიანია.
კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ შეგნებულად არაფერს ვიტყვი! და თუნდაც ერთი მაყურებელი მოვიდეს თეატრში, ვისაც უყვარს მსახიობი, რეჟისურა და კულტურა, მისთვის აუცილებლად ვითამაშებთ ამ სპექტაკლს. რადგან ვიცი, როგორ ეფერებოდა თითოეულ სიტყვას და ბგერას ბნ. რობერტი რეპეტიციებზე, და როგორ ცდილობდა ამ გენიალური პოემის ღვთაებრიობა, ადამიანის ნაკლოვანებები და ყველაზე მთავარი, ადამიანური სიყვარული გადმოეცა სცენიდან. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა… თუ გინდათ გაგახარებთ, ამასაც გეტყვით, ოღონდ, მხოლოდ ჩემზე! ჩამითვალეთ დამარცხებად, ამაყი ვარ, რადგან უდიდეს რუსთაველთან დავმარცხდი!“, – წერს ლევან ხურცია სოციალურ ქსელში.
რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის – „ვეფხისტყაოსნის“ პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე სვიმონ ჯანგულაშვილმა და რობერტ სტურუამ იმუშავეს. მასში, გია ყანჩელისა და ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებებთან ერთად, ქართული საგალობლები და არაბული ტრადიციული მელოდიებია გაერთიანებული. დადგმის ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძეს ეკუთვნის.
სპექტაკლი ქართული თეატრის გამორჩეული მოღვაწის, სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 140-ე წლისთავს ეძღვნება. საპრემიერო ჩვენებები რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე 17 და 18 აპრილს გაიმართება.

