სამშაბათი, თებერვალი 24, 2026

 ალი მოჯანი: ისტორიული თანაცხოვრება, ერთი ცის ქვეშ- ეკლესია და მეჩეთი კავკასიის კალთებზე

,,როცა კავკასიონის გულზვიადი მთების მწვერვალებზე მოლივლივე ღრუბლები მზის უკანასკნელ სხივებთან ჭიდილში იყვნენ, რათა ხეობებისთვის საღამოს აზანის მოახლოება ეუწყებინათ, სოფელ მსხალდიდს მივადექი. ეს დასახლება შეფენილია მთების კალთებზე, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს.
წინ მიხვეულ-მოხვეული გზა იშლებოდა. ჩემი ერთადერთი თანამგზავრი მთის მსუსხავი ქარი იყო, რომელიც ხან ზურგიდან მიბერავდა და გზის გასაგრძელებლად მახალისებდა, ხან კი წინიდან დაჰბერავდა და მომიწოდებდა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი, ღირდა თუ არა გზის გაგრძელება.
სოფელ მსხალდიდში ერთი ეკლესია და ერთი მეჩეთი არსებობს. ტაძრის ზარის ხმა მთების სიჩუმეში გაისმის. ხოლო მეჩეთი ორმოცდაშვიდი წლის წინ „მოლა-ნამაზის“ ძალისხმევით და ადგილობრივთა მეოხებით აშენდა. მოლა მუჰამედალის — ამ მეჩეთის მეორე იმამის — გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით ორი წლის წინ, სოფლის მკვიდრმა ორასმა ოჯახმა საკუთარი სახსრებით, ძალისხმევითა და ერთობლივი შრომით ამ ნაგებობას ახალი სიცოცხლე შთაბერა.
მეჩეთის აღდგენა მათთვის მხოლოდ კედლების შეკეთება არ ყოფილა, არამედ სოციალური კავშირის და საერთო რწმენის ხელახლა გაცოცხლების აქტს წარმოადგენდა. ეს მეჩეთი, რომელსაც „ბაბ ალ-ჰავაჯი“ ეწოდება, დღეს წამომართულია კავკასიის მთათა კალთებზე.
ამაღამ, ნამაზის აღვლენის შემდეგ, სოფლის მცხოვრებნი საუფლო სუფრაზე შეიკრიბებიან. ისინი ცხოვრების სახსარს თბილისში წვითა და გარჯით მოიპოვებენ. საღამოობით კი ამ ნაჯაფს მშობლიურ მიწასა და მამა-პაპათა სოფელს სიყვარულით უბრუნებენ. ისინი ერთად სხდებიან გულუხვ სუფრასთან და იფტარის მიღებას არა მხოლოდ პურითა და წყლით, არამედ სიყვარულითა და თანადგომით იწყებენ.
მე მათ სტუმრად ვეწვიე და თითოეული მათგანის უანგარო სიყვარულით დავტკბი. მათ თვალებში სიწმინდე, ხოლო ხელებში სითბო იგრძნობოდა. ისაუბრეს შორეულ წლებზე; იმ დღეებზე, როცა ქვასა და ხეს ზურგით ეზიდებოდნენ, რათა ღვთის სახლი აეშენებინათ. იმ ზამთრებზე, როცა გზები იკეტებოდა, მაგრამ მეჩეთის სინათლე არ ქრებოდა. საუბარში დღევანდელობამდეც მივიდნენ; აღნიშნეს, რომ დღეს მეჩეთის ხარჯებისა და მართვა-გამგეობის ნაწილის დაფინანსება ხდება საქართველოს რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ და ეს მხარდაჭერა, ხალხის მუდმივ ძალისხმევასთან ერთად, რელიგიური და კულტურული საქმიანობის უწყვეტობას უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, მეჩეთის მთავარ საყრდენს კვლავ იმ ოჯახების ნება და ერთსულოვნება წარმოადგენს, რომლებმაც საკუთარი შრომით ეს სალოცავი შეინარჩუნეს.
მეჩეთის ახალგაზრდა იმამი, მოლა ჰოსეინ შაჰვერდოვი, საუბრობდა მორწმუნეთა დიდ სურვილზე, მოილოცონ ყუმი, მეშჰედი, ნაჯაფი და ქერბალა. ახალგაზრდა იმამი ასევე საუბრობდა იმ ნატვრებზე, რომლებიც ამ უბრალო, მაგრამ მაღალი სულის მქონე ხალხის გულებში ცოცხლობს და მათ რწმენას გეოგრაფიაზე უფრო შორეულ ჰორიზონტს უკავშირებს.
სოფელი პატარა იყო, მაგრამ დიდ ადამიანებს იტევდა. მათი სიდიადე მათ ხასიათში, შემწყნარებლობასა და სტუმართმოყვარეობაში ჩანდა.
ისინი ნამაზის აღვლენით დასხდნენ იფტარზე. დაასრულეს მარხვა და მოემზადნენ, რომ თანამოქალაქეებთან ერთად, სხვა ქართველების გვერდიგვერდ, ხვალ ხელახლა დაიწყონ სამუშაო დღე.
სოფლის სიმშვიდე რელიგიურად მრავალფეროვანი საზოგადოების ჰარმონიაზეც მიუთითებს, სადაც ერთი ცის ქვეშ წამომართულა მეჩეთი და ეკლესია.
კავკასიის საღამოს სიჩუმეში სრულიად ნათელი იყო, რომ ხანგრძლივი თანაცხოვრება ისტორიული გამოცდილებაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცა, დღეს კი მსხალდიდის ახალ თაობაში იჩენს თავს.
აქ რწმენა ფესვგადგმულია ისლამსა და მართლმადიდებლურ ქრისტიანობას შორის, ხოლო ორივე ერთად ქმნის ამ მთიანი სოფლის მშვიდ და ადამიანურ სახეს”-ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ივანე ჩხაიძის საგანგებო გაფრთხილება მშობლებს

ბავშვებში გავრცელებული სეზონური ვირუსი და რეკომენდაცია მშობლებს - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ბრიფინგი გამართა.ივანე ჩხაიძის თქმით, თებერვალში გრიპის ვირუსის სეზონური მაჩვენებელი მომატებულია. მისი რეკომენდაციაა, მშობლებმა ყურადღება მიაქციონ სიმპტომებს და, საჭიროების შემთხვევაში, დროულად მიმართონ ექიმს."როდესაც ვსაუბრობთ სეზონურობაზე, მხედველობაში გვაქვს გრიპის და სხვა მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევების მატება.თებერვლის მეორე კვირას, რესპირაციული ვირუსი გახდა ძირითადი ვირუსი სტაციონარშიც და მან გადააჭარბა გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც აისახა კიდევ კლინიკურ გამოვლინებაში. ახლა, არა ფილტვის ანთება, არამედ ბრონქიოლიტი წარმოადგენს მომართვიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს.ბავშვებში, გართულების ძირითადი მიზეზი არის ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება, ხველა, ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საკვებზე უარის თქმა, სისუსტე - ამ ყველაფრის უკან დგას გრიპის ვირუსი.5 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, პირველი 48 საათის განმავლობაში დაწყებული ანტივირუსული თერაპია არის მაქსიმალურად ეფექტური. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ მშობლებს, მიმართონ ექიმს, რომელიც ბავშვის მდგომარეობას შეაფასებს," - აცხადებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში 25 თებერვალს საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ, - ამის შესახებ კომიტეტის დღის წესრიგში წერია.ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ანგარიშს საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე წარადგენს.პროექტის თანახმად, ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“.ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიას აგრძელებს“.„ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით კომისიის 2025 წლის ანგარიშს ითვალისწინებს. ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. უკუსვლა ფიქსირდება ცხრავე პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობას წარმოადგენდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ თავის სისტემატურ კამპანიას აგრძელებს, მანიპულაციური ნარატივებით, დეზინფორმაციითა და შეთქმულების თეორიებით“, - ნათქვამია ანგარიშის პროექტში.ანგარიშის თანახმად, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად რეპრესიული კანონმდებლობით ირღვევა, კერძოდ გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებებით“.„პოლიტიკური ოპონენტები დაკავებული არიან ან მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის წინაშე იმყოფებიან. ასობით სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი ფიზიკური ძალადობისა და დაშინების მსხვერპლი გახდა, ათობით აქტივისტი კი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.ასევე, „ანგარიში მხარს უჭერს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიზანმიმართულ სანქციებს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და მთავარი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ასევე, მიესალმება ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის გააქტიურებას და ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას აღნიშნავს“.

გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, სადაც საქართველო 4-დან 3 პარამეტრში საუკეთესო ქვეყნად დასახელდა რეგიონში – მიხეილ დუნდუა

"საქართველოში, ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, მკვეთრად გაუმჯობესდა სიღარიბის მაჩვენებლები და მოსახლეობაზე სოციალური ზრუნვა მკვეთრად გაიზარდა", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ "დებატების" ეთერში განაცხადა.მინისტრის მოადგილის განმარტებით, 540 000 ადამიანი გამოვიდა 12 წელიწადში უკიდურესი სიღარიბის მდგომარეობიდან, როდესაც წინა 9 წლიან პერიოდში, საკითხი პრაქტიკულად ადგილიდან არ დაძრულა."საქართველოში, ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, მკვეთრად გაუმჯობესდა სიღარიბის მაჩვენებლები და მოსახლეობაზე სოციალური ზრუნვა მკვეთრად გაიზარდა. ამასწინათ გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, სადაც საქართველო 4 პარამეტრიდან 3 პარამეტრში საუკეთესო ქვეყნად დასახელდა რეგიონში. სოციალური დახმარების თვალსაზრისით, ეს არის სოციალური დახმარების ადეკვატურობა, ეფექტიანობა, მოცვა. ერთ-ერთი პარამეტრი - მიზნობრიობა, სადაც საშუალო პარამეტრი გვქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ მოცვის უფრო მაღალი ხარისხი ჰქონდა ქვეყანას ვიდრე მიზნობრივი სოციალური საჭიროებები და ამასთან დაკავშირებით იგეგმება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა.რაც შეეხება უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის მდგომარეობას მისი გაზრდის თუ შემცირების მიმართულებით, ეს მაჩვენებელიც მკვეთრად არის შემცირებული, ამას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. მაგალითად: 2004 წელს, 21% იყო უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წელს 19%, ხოლო ახლა, 2024 წლის მაჩვენებელი არის 4% ანუ 4-5-ჯერ შემცირდა მაჩვენებელი. 540 000 ადამიანი გამოვიდა 12 წელიწადში უკიდურესი სიღარიბის მდგომარეობიდან, როდესაც წინა 9 წლიან პერიოდში პრაქტიკულად არ დაძრულა ადგილიდან საკითხი. პრაქტიკულად არ მოგვარებულა არაფერი", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.

საწყის ეტაპზე იყო სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი 34% და დღეს არის 9%, თავად ციფრები მეტყველებს იმას, რომ ბაზას სჭირდება განახლება და გადამოწმება – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის, მიხეილ ხუნდაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა ბაზის გაზრდას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა და ეს არ იყო გამოწვეული მათი რაოდენობის ზრდით. როგორც ხუნდაძემ "დებატების" ეთერში განმარტა, საქართველოში, საწყის ეტაპზე სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი - 34%-ი იყო, დღეს კი 9%-ია და თავად ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ ბაზა გადახედვას საჭიროებს.ხუნდაძის თქმით, პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და დეტალურად უნდა იყოს აღწერილი კრიტერიუმები, პროცესი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული."პანდემიის დროს, როდესაც მორატორიუმი გამოცხადდა, რადგან რთული იყო პროცესების მართვა, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება, რადგან მათი შესაძლებლობები შეიზღუდა პანდემიის პირობებში, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაზიდან არ გამოეყვანა, ანუ გადამოწმებები შეეჩერებინა და თუკი ახალი საჭიროება იქნებოდა, ბაზაში შეეყვანა ახალი მოქალაქე და ამანაც გაზარდა რაოდენობა.დასაქმების პროგრამა, როდესაც მოქალაქეებს მიეცათ საშუალება, რომ დასაქმებულიყვნენ და ამის გამო ბაზიდან არ გამოსულიყვნენ, ანუ მათ ოჯახის წევრებს, 4 წლის ვადით გადაევადათ ოჯახის ამ კუთხით შემოწმება. რა თქმა უნდა, გაიზარდა დიაპაზონი, გაიზარდა მოსარგებლეთა რაოდენობა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საწყის ეტაპზე იყო სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი - 34%-ი და დღეს არის 9%-ი, თავად ციფრები მეტყველებს იმას, რომ ბაზას სჭირდება განახლება და გადამოწმება. კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი და დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ის კრიტერიუმები და შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რომ არ მივიღოთ ის, რომ ვისაც სჭირდება ისიც ამოვარდეს ამ ბაზიდან, ან ვისას სჭირდება ის ვერ მოხვდეს ბაზაში",- განაცხადა ხუნდაძემ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც შეეცდება, ისარგებლოს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაცილებით მაღალი ტარიფები დაეკისრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც შეეცდება, ისარგებლოს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაცილებით მაღალი სავაჭრო ტარიფები დაეკისრება.„ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მოისურვებს „თამაშს“ სასამართლოს სასაცილო გადაწყვეტილების გამო, განსაკუთრებით მათ, ვინც წლების და თუნდაც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ს „ძარცვავდა“, გაცილებით უფრო მაღალი ტარიფი დაეკისრება, ვიდრე ის, რაზეც ახლახან შეთანხმდნენ“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის 3 აპრილს დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში.

ბოლო სიახლეები