ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, გადატრიალების მცდელობები, რაც სუს-ის დამსახურებაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშს გამოეხმაურა.
ალექსანდრე ტაბატაძის თქმით, საქართველოსთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების სიძლიერე, მდგრადობა მნიშვნელოვანია.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის პირველი ნაწილი სწორედ ოკუპაციის საკითხით იწყება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უპირველესი გამოწვევაა – საქართველოს 20% ოკუპირებულია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თვალხილულია, რასაც საზოგადოება ხედავს – აგრესიას და იმ მოვლენებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე ხდება. გარდა ამისა, სახელმწიფოს ჰიბრიდული ომის ნაწილში ყოველთვის აქვს გამოწვევა. ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო. პროვოკაციის მცდელობები იყო და სწორედ ამიტომ ვახსენებ სუს-ის გამართულ მუშაობას. ჩვენ შევძელით და თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, სახელმწიფოში გადატრიალების მცდელობები. სწორედ მათი დამსახურებაა, სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანაც ამაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოსთვის მძიმე, არასასურველი შედეგი ვიდრე დადგება, იქამდე პრევენციული ღონისძიებები გაატაროს და სახელმწიფოს საშიშროება არ დაემუქროს. ბევრჯერ ისმის კითხვა, რა არის გამოძიების შედეგი? გამოძიების მიზანი ხომ არ არის, ვინმეს მიმართ რეპრესიული ღონისძიებები გამოიჩინოს? გამოძიებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანია, თავიდან აიცილოს ესა თუ ის დანაშაული. სწორედ ამგვარ ქმედებებზეა საუბარი, როცა ვამბობთ, რომ სუს-ი ერთ-ერთი ძლიერი სამსახურია. ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, სწორედ ამ სამსახურების სიძლიერე, მდგრადობაა მნიშვნელოვანი. ამას ძალიან კარგად ართმევენ თავს, რადგან ბევრი პროფესიონალი მუშაობს. მინდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა ვუთხრა გაწეული საქმიანობისა და მოღვაწეობისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.