ოპოზიციას ახლა რომ ვადამდელი არჩევნები გაახსენდა, მგონია, რომ მთლად გულწრფელი არ არის და ისევ თავისი ამომრჩევლის გულის მოსაგებად გაიხსენეს ძველი შეძახილები, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის არ მიღება ქვეყანაში ნამდვილად პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანა უკვე კრიზისშია, რადგან უმრავლესობა არ ატარებს კენჭისყრებს და ამაზე მძიმე კრიზისი საპარლამენტო რესპუბლიკაში რთულად წარმოსადგენია.
„მე რაღაცნაირად უკვე არ მჯერა ამ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის. იმიტომ კი არა, რომ ვადამდელი არჩევნები ცუდია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის რაღაც ინსტრუმენტი თუ როგორ დავძლიოთ ლეგიტიმურობის პრობლემა. როცა მარტში ამ პრობლემების ფონზე პარლამენტი ვერ იკრიბებოდა და კომიტეტებიც არ ტარდებოდა, როცა მოვითხოვეთ, რომ ლოგიკური გამოსავალი აქედან იქნებოდა ვადამდელი არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ ერთწლიანი პარლამენტი იქნებოდა, მაშინ ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან ჩემდა გასაკვირად თქვეს – არა, რა დროს ვადამდელი არჩევნებიაო და უნდა 12 პუნქტზე ვიმუშაოთო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან 12 პუნქტზე მუშაობა დასრულებული იყო. ახლა რომ ისევ ვადამდელი არჩევნები გაახსენდათ, მგონია, რომ მთლად გულწრფელი არ არიან და ისევ თავისი ამომრჩევლის გულის მოსაგებად გაიხსენეს ძველი შეძახილები. თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ, მაშინ მართლაც სერიოზულ კრიზისში ვიქნებით, მაგრამ ხედავთ, რომ უკვე კრიზისში ვართ, ხედავთ, რომ უმრავლესობა არ ატარებს კენჭისყრებს და ამაზე მძიმე კრიზისი საპარლამენტო რესპუბლიკაში რთულად წარმოსადგენია“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.