არანაირი შანსი არ არის, რომ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით რამე გამოვა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მე ბოლოს პრეზიდენტს შევხვდი ალბათ დაახლოებით ერთი წლის წინ. ამ შეხვედრაზეც დავაფიქსირე პოზიცია, რომ არ შეიძლება უბრალოდ რაღაც დოკუმენტების მიღება და აუცილებელია, საჯარო დისკუსია იყოს. ვთხოვე კიდეც პრეზიდენტს, რომ თუ მართლა უნდა, დაეხმაროს ოპოზიციას, უნდა იყოს ფასილიტატორი დისკუსიებისა და დებატების, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ დავინახეთ, ქარტია რომ გააკეთეს და გინდა-არ გინდა, უნდა მოაწერო თურმე ხელი, თითქოს რაღაც ჭეშმარიტებაა, ლამის წმინდა წერილი. ჩვენ გვქონდა რაღაც ეჭვები, მაგრამ ეს საბოლოო ტესტი იყო იმისთვის, რათა მივმხვდარიყავით, რომ არანაირი შანსი არ არის, რომ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით რამე გამოვა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ამ განცხადებით ალექსანდრე რაქვიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ არ ესწრება „გირჩი“ იმ შეკრებებს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი მართავს.
შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ბარიერგადალახული პარტიების განცხადებებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ერთმნიშვნელოვნად ლიდერი და რომ მას ხალხმა ლეგიტიმაცია მისცა, სანდრო რაქვიაშვილმა კითხვითვე უპასუხა: „რითი დაიმსახურა?“
„მე მოვისმინე, რომ რაღაც მორიგ საკოორდინაციო შტაბს აკეთებენ. წინათაც იყო არჩევნების წინ, იმის წინაც იყო ერთი და სამი ასეთი შტაბი მახსენდება ქალბატონი სალომეს ინიციატივით, მაგრამ რომელმა იმუშავა და რა კოორდინაცია მოხდა? ან ქარტიას რომ ხელი მოაწერეს, ვინმემ გაარჩია საერთოდ, რა წერია იმ დოკუმენტში? ან ამწუთას გეგმა რომ დადო ქალბატონმა სალომემ რამდენიმე კვირის წინ, ვინმემ ისაუბრა ამ გეგმის ადეკვატურობაზე საერთოდ? მე მგონია, რომ, როგორც მინიმუმ, რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, მთელი ეს აქტივობა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არის მცდელობა, რომ ხალხის მუხტი მოკლან“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.