საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი B დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იყო, რადგან ეს უფრო ძლიერ მეტოქეებთან თამაშისა და განვითარების წინაპირობაა. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ნოემბრის თამაშების შემდეგ წარმატებისთვის მიგვეღწია.
სანიოლმა გუნდი ახალი ტაქტიკით ათამაშა. ეს დიდი ხანია, იგეგმებოდა და ბიჭებმა დავალებები კარგად შეასრულეს. გუნდის ტაქტიკას ფეხბურთელები განაპირობებენ და ახლა ვინც ნაკრებში თამაშობს, ოთხმცველიან სქემაზე გადასვლა შეუძლიათ, ეს სომხეთთან თამაშებში გამოჩნდა.
რაც შეეხება სომხეთთან მომხდარ ინციდენტს – შევეცდებით, შემდეგ თამაშზე უფრო მაღალ დონეზე იყოს უსაფრთხოება დაცული, მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს. რა სახის სანქცია იქნება, ამის შესახებ კონკრეტული გაფრთხილება ჯერ არ მიგვიღია. იმედია, ძალიან მკაცრი სასჯელი არ იქნება და თურქეთთან მატჩს მაყურებელი დაესწრება“.