ორშაბათი, მარტი 16, 2026

ალექსანდერ შალენბერგი – ჩვენ გვსურს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა, უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ არ დავანგრიოთ ის, რაც შემდეგ ხელახლა უნდა შევაკეთოთ, სანქციებამდე სხვა ზომებს ვისურვებდი

საქართველო არის ქვეყანა, რომლის ევროპული გზის მხარდაჭერაც გვსურს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას სურს ეს გზა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, რომ ძალიან შორს არ წავიდეთ და არ დავანგრიოთ ის, რაც შემდეგ ხელახლა უნდა შევაკეთოთ, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, მალტაში შეხვედრის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ძალიან ღია დისკუსი ჰქონდა.

რაც შეეხება სანქციებს, რასთან დაკავშირებითაც ბრიუსელში დღეს იმსჯელებენ, ალექსანდერ შალენბერგი ამბობს, რომ სანქციები ყოველთვის დიპლომატიური ანბანის დასასრულია და სანქციებამდე სხვა ზომებს ისურვებდა.

„მე შევხვდი მას მალტაზე. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია დისკუსია. ჩემი მოსაზრება მკაფიოა. მე არ მინდა კარის დახურვა და საქართველოსთან დამაკავშირებელი ხიდების გადაწვა არ მსურს. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ევროპული გზის მხარდაჭერაც გვსურს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას სურს ეს გზა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, რომ ძალიან შორს არ წავიდეთ და არ დავანგრიოთ ის, რაც შემდეგ ხელახლა უნდა შევაკეთოთ. ამასთან ერთად, ძალადობა, რომელიც გასულ კვირას ვიხილეთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, უბრალოდ, მიუღებელია. შესაბამისად, მჯერა, რომ გზავნილი აუცილებელია. ჩვენ დღეს განვიხილავთ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას დიპლომატებისთვის და, შესაძლოა, პერსონალურ სანქციებს. მე მჯერა, რომ ეს არის გზა, რომელსაც შეგვიძლია, მივდიოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთიანობა. მოდით, არ დავხუროთ კარი. ხალხი სხვა რამეს იმსახურებს. სანქციები ნიშნავს, რომ გვაქვს დიალოგის დანაკლისი. ეს ყოველთვის არის დიალოგისა და დიპლომატიის დასასრული. მჯერა, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ, უნდა ვისაუბროთ, უნდა დავარწმუნოთ და ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ზეწოლის ზოგიერთი ბერკეტი. სანქციები არის ყოველთვის დიპლომატიური ანბანის დასასრული. მე ვისურვებდი სანქციებამდე სხვა ზომებს“, – განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სიენენი“ – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰორმუზის სრუტეში გემების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას თავს არიდებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰორმუზის სრუტეში გემების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას თავს არიდებს.„სიენენის“ ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ გამოთქვა შეშფოთება ჰორმუზის სრუტესა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, თუმცა არაფერი უთქვამს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემების გაგზავნის შესახებ.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა ვითარებას „დაძაბული“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, ძირს უთხრის გლობალურ სტაბილურობას.„ჩინეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, თავიდან აიცილონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და არ დაუშვან რეგიონული ტურბულენტობის მიერ გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაზე უფრო დიდი ზეგავლენის მოხდენა“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის საფრთხე რეალურია

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის რეალური საფრთხე არსებობს.როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლა დღეს რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ამას მხარს უჭერს როგორც პარტია „კონფედერაცია“, ასევე პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ წევრების უმრავლესობა.ტუსკმა ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის მსურველი პარტიების მფარველობაში პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი დაადანაშაულა.„ნავროცკი მათი მფარველია. რუსეთს, ამერიკულ მოძრაობა MAGA-ს და ევროპელ მემარჯვენეებს, ორბანის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის განადგურება სურთ“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.როგორც ტუსკმა აღნიშნა, პოლონეთისთვის ევროკავშირიდან გასვლა კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება და განაცხადა, რომ მათ შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – გვსურს, საქართველომ გააგრძელოს ევროპულ გზაზე ყოფნა და ვნახოთ, როგორ აისახება მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში

ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მისი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მისივე თქმით, რუმინეთს სურს, საქართველომ ევროპულ გზაზე ყოფნა გააგრძელოს.„ჩვენ ვართ მეზობლები შავი ზღვით და ამ გაგებით, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. ჩვენ გვსურს, საქართველომ გააგრძელოს ევროპულ გზაზე ყოფნა და ვნახოთ, როგორ აისახება მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შავი ზღვა ასე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კუთხით, არამედ ენერგოტრანსპორტირების, ინფრასტრუქტურისა და წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ცოიუმ.

კესტუტის ბუდრისი – ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს

ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება შეშფოთების საგანია.„საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება, რა თქმა უნდა, შეშფოთების საგანია და ჩვენ მას დღეს განვიხილავთ. ე.წ. აგენტების აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს. მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან დისკუსიას იმაზე, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბუდრისმა.

ხავიერ ბეტელი – საქართველოს საკითხზე არაფერი შეცვლილა, მე კვლავ მაქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვწუხვარ, რომ ახლა ისინი უფრო ახლოს არ მოდიან

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ხავიერ ბეტელის თქმით, მას ჯერ კიდევ აქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, თუმცა მიაჩნია, რომ საქართველო ევროპულ გზაზე წინ აღარ მიიწევს.ბეტელის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა.„საქართველოზე შეკითხვას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ყველა შეხვედრაზე მისვამთ, მაგრამ ამ საკითხზე ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა. პრობლემა ისევ არსებობს და არსად წასულა. მე კვლავ მაქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და მე ვწუხვარ, რადგან ეს იყო ევროპული გზა, თუმცა ახლა ისინი უფრო ახლოს არ მოდიან და ეს პრობლემაა“, – განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბოლო სიახლეები