ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას აქვეყნებს.
როგორც ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ალენ ბერსემ ირაკლი კობახიძესთან 3 თებერვალს გამართული სატელეფონო საუბრისას „უცხოური გავლენის“ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილა.
ბერსეს განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრისას პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მისი მთავრობა აღარ აპირებს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ან „უცხოური გავლენის“ კანონში ადრე განხილული ცვლილებების შეტანას.
„ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიღებული იყო ურთიერთშეთანხმებით 2024 წლის 20 დეკემბერს, გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის დროს. 20 იანვარს სამდივნომ გაგზავნა ოფიციალური წერილი სამუშაო ჯგუფის შექმნის მოთხოვნით, ეს მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.
ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მისი მთავრობა აღარ აპირებს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ან „უცხოური გავლენის“ კანონში ადრე განხილული ცვლილებების შეტანას. თუმცა, მან კვლავ დაადასტურა საქართველოს ვალდებულება, გააგრძელოს ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა სამთავრობათაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. გენერალურმა მდივანმა ასევე სინანულით აღნიშნა ქართული მხარის გადაწყვეტილების შესახებ. მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის, ასევე პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციის გამო. ახლა ამოცანა არის საქართველოს მთავრობის მიერ კურსის ცვლილების შედეგად შექმნილი ახალი ვითარების გავლენის შეფასება. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება.
ევროსაბჭოს როლია, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოების წარმომადგენლები, მათ შორის PACE-ის თანამომხსენებლები, წამების პრევენციის კომიტეტი (CPT), ადამიანის უფლებათა კომისარი და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი.