სერიული პედოფილი, რომელიც მსხვერპლს სოციალურ ქსელებში ეძებდა, ბავშვებთან ნდობაში შესვლის შემდეგ, მათ სექსუალურ თემებზე ელაპარაკებოდა და პორნოგრაფიულ ვიდეოებს უგზავნიდა.
პედოფილი უკვე დაკავებულია – გამოძიების ინფორმაციით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობა თითქმის 5 წელს ითვლის.
40 წლის პედოფილის საქმე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რაც აქამდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გაუხსნია.
მოახერხა თუ არა ინტერნეტსივრცის შემდეგ, რომელიმე მსხვერპლთან შეხვედრა და ფიზიკური ძალადობა – ამას მიმდინარე გამოძიება სწავლობს.
მანამდე კი, “კურიერი P.S-მა” ერთ-ერთი მსხვერპლი ბავშვის ჩვენება მოიპოვა, რომელმაც პედოფილს მიზნის მიღწევა არ აცადა და მისგან თავის დახსნა მალევე შეძლო.
გოგონა დაზარალებულად უკვე ცნეს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული კაცის ქმედება ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარყვნილ ქმედებად შეფასდა.
“კურიერი P.S-ის” ინფორმაციით, პედოფილმა სხვა ბავშვების მახეში გაბმა შეძლო, მათ აიძულა, რომ ინტიმური ვიდეოები გადაეღოთ და მისთვის გაეგზავნათ. გამომძიებლებმა, დაკავებულის სახლისა და მანქანის ჩხრეკისას, მოცულობითი ფაილები ამოიღეს. მიმოწერები ასობით ბავშვთან და ქალთან, ასევე – მსხვერპლთა ინტიმური კადრები. დაზარალებულების იდენტიფიცირება ამ დრომდე გრძელდება. “კურიერი P.S-მა” მასშტაბური საქმის გამომძიებელთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. აღმოჩნდა, რომ პედოფილს სოციალურ ქსელებში ათამდე ყალბი გვერდი ჰქონდა შექმნილი, საიდანაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა ასობით პირთან მიმოწერა ამოიღეს.
სტატისტიკა მძიმეა – პედოფილებისთვის დანაშაულის მთავარი ლოკაცია სოციალური ქსელები გახდა. არასრულწლოვანებზე დაკარგული კონტროლი კი, დანაშაულებრივი ქმედებების საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. ექსპერტების რეკომენდაციით, პრევენციისთვის ბავშვის ინფორმირება როგორც ოჯახის წევრებმა, ასევე სააღმზრდელო დაწესებულებებმა უნდა მოახდინონ.
საინფორმაციო კამპანიას სპეციალური საგამოძიებო სამსახური სკოლებში უკვე ატარებს. პრევენციული მიზნებით, შეხვედრები 60-მდე სასწავლო დაწესებულებაში უკვე ჩატარდა. მსხვერპლ ბავშვებსა და მათ ოჯახებს დანაშაულის შესახებ შეუძლიათ, დარეკონ ცხელ ხაზზე, ან მიმართონ საქართველოს მასშტაბით, საგამოძიებო სამსახურის ოფისებს.
სერიული პედოფილის სახელით დაკავებულ 40 წლის კაცს ადვოკატი არ ჰყავს. უცნობია, აღიარებს თუ არა დაკავებული უმძიმეს ბრალდებას. უკვე წარდგენილი გარყვნილი ქმედების ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა არ არის გამორიცხული, გამოძიების ეტაპზე, გაცილებით მძიმე დანაშაული გამოიკვეთოს და მას ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს.