ხუთშაბათი, თებერვალი 6, 2025

აზერბაიჯანმა უკრაინას მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

აზერბაიჯანმა უკრაინას მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს თანხა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და ელექტრონული აღჭურვილობის შესაძენად იქნება დახარჯული.

„უკრაინაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფომ არაერთხელ გააგზავნა უკრაინელ ხალხთან ჰუმანიტარული დახმარება“- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ფართომასშტაბიანი ომს არაერთხელ უწოდა „დიდი ტრაგედია ორივე ხალხისთვის“. მან ასევე არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოს აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ღირებულება დაახლოებით 40 მილიონ დოლარს შეადგენს. ამასთან ბაქომ უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ გამოცემა „პოლიტიკო“ USAID-ისგან 8 მილიონ დოლარს აღარ მიიღებს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ „პოლიტიკო“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID) 8 მილიონ დოლარს აღარ მიიღებს. „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა. მისი თქმით, „პოლიტიკო“ წლების განმავლობაში იღებდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან მილიონობით დოლარს. „სიენენი“ აღნიშნავს, რომ ეს თანხა წარმოადგენს გადასახადს, რომელსაც წლის განმავლობაში აშშ-ის ფედერალური მთავრობის ყველა სააგენტო იხდიდა გამოცემა „პოლიტიკოს“ გამოწერისთვის. თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ USAID სხვადასხვა მედიასაშუალებას, მათ შორის „პოლიტიკოს“ აფინანსებდა და აღნიშნა, რომ ეს აღარ გაგრძელდება. „აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის გუნდი ამ გადასახადების გაუქმებაზე მუშაობს“, – განაცხადა ქეროლაინ ლევიტმა. „პოლიტიკოში“ უარყოფენ, რომ მედიაორგანიზაცია აშშ-ის მთავრობისგან ფინანსდებოდა. „პოლიტიკო“ არასდროს ყოფილა ფედერალური პროგრამებისა და სუბსიდიების ბენეფიციარი – არცერთი ცენტი არ მიგვიღია 18 წლის განმავლობაში“, – ნათქვამია „პოლიტიკოს“ განცხადებაში. გამოცემაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის სამთავრობო სააგენტოები, ისევე როგორც კორპორაციები, სარგებლობენ „პოლიტიკოს“ გამოწერის სერვისით.

ბათუმში დაკარგული ბიჭის მამა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში დაკარგული ბიჭის მამა მიმართვას ავრცელებს. „ალექსანდრე მამი სად ხარ აქამდე ბიჭო, მოდი. ნურაფრის ნუ გეშინია, ნურაფრის ნუ გერიდება. ხმის ამომღები არ ვარ. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. როგორც შენ გაგიხარდება ისე იყავი მამი. მოდი გეხვეწები, გემუდარები. მთელი ქვეყანა ლოცულობს შენთვის. თუ ვინმე გეხმარება იმის სახელსაც არ ვახსენებ...“, - ამბობს დაკარგული ბიჭის მამა მიმართვაში. ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სანტორინიზე, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კუნძულზე მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა

საბერძნეთის კუნძულ სანტორინიზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ეს იყო ყველაზე ძლიერი რყევა მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ მიწისძვრების სერია დაიწყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 21:10 საათზე მოხდა. მანამდე, დღის საათებში, კუნძულზე საშუალოდ 4 მაგნიტუდის სიმძლავრის 20-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ცნობით, შუადღის შემდეგ მხოლოდ 20 წუთში, 4-დან 4.8 -მდე მაგნიტუდის სიმძლავრის რვა მიწისძვრა მოხდა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა უკიდურესად რთულ გეოლოგიურ ფენომენზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს უფრო ოპტიმისტური განწყობაა, ვიდრე გუშინ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სანტორინიზე 300-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. საფრთხის გამო კუნძული ცხრა ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus+ ReGrow პროექტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ საბერძნეთის ქალაქ სალონიკში Erasmus+ ReGrow პროექტის გახსნის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში პარტნიორ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა მურვანიძის თქმით, Erasmus+ ReGrow სამწლიანია და გახსნის ღონისძიებაზე მხარეებმა პროექტის განხორციელების ეტაპები და მისი ძირითად მიზნები განიხილეს. „პროექტი ReGrow მიზნად ისახავს ზუსტი მიწათმოქმედების (Precision Agriculture) სამაგისტრო პროგრამის შექმნის გზით საქართველოსა და უკრაინაში უმაღლესი განათლების მოდერნიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას. პროექტი აერთიანებს ინოვაციურ სასწავლო პროგრამას, რომელიც ეფუძნება მდგრად პრაქტიკებს, მოწინავე ტექნოლოგიებსა და ციფრულ ტრანსფორმაციას. მისი მიზანია, რომ უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა და აგრარული სექტორის პროფესიონალებმა მიიღონ თანამედროვე ცოდნა და გამოიმუშაონ უნარები, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაში. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ReGrow-ის სამაგისტრო პროგრამის ჩარჩო (MSc Curriculum Framework), რომელიც დაეფუძნება დეტალურ კვლევას, გაანალიზებს თანამედროვე ტენდენციებს, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და არსებული განათლების ხარვეზებს. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს აკადემიური პერსონალისა და ტრენერების გადამზადებას, რათა მათი ცოდნა და უნარები შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის საჭიროებებს“, - აცხადებს თეა მურვანიძე.

დონალდ ტუსკს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბოგდან სვენჩკოვსკიმ გაავრცელა, წერს პოლონური „გაზეტა ვიბორჩა“. ბოგდან სვენჩკოვსკის თქმით, იანვრის ბოლოს პროკურატურას 60-გვერდიანი შეტყობინება წარუდგინა, სადაც დონალდ ტუსკის გარდა დანაშაულში ეჭვმიტანილია რამდენიმე მინისტრი, დეპუტატი, მოსამართლე და პროკურორი. დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის 13 დეკემბრიდან ეს პირები მოქმედებდნენ „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში“, რომლის მიზანიც იყო პოლონეთის საკონსტიტუციო სისტემის ცვლილება, საკონსტიტუციო სასამართლოს და სხვა საკონსტიტუციო ორგანოების საქმიანობის შეჩერება, მათ შორის ძალისმიერ და მართლსაწინააღმდეგო გზებით. როგორც ბოგდან სვენჩკოვსკი აცხადებს, მისი შეტყობინების საფუძველზე მთავარი პროკურორის მოადგილემ გამოძიება დაიწო. ბოგდან სვენჩკოვსკის შეტყობინების საპასუხოდ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც პინგ-პონგს თამაშობს, წარწერით „სახელმწიფო გადატრიალება“. ვიდეოში ჩანს, რომ ტუსკს ატყობინებენ, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში ეჭვმიტანილი, რაზეც პოლონეთის მთავრობის მეთაური პასუხობს: „კაი ერთი, ჩვენ აქ უფრო სერიოზული საკითხები გვაქვს“. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ არ თქვა, ეთანხმება თუ არა ბრალდებას, მაგრამ ბოგდან სვენჩკოვსკის გამოცდილი პროკურორი უწოდა და დასძინა, რომ მთავრობა კანონს არღვევს. ცნობისთვის, 2023 წელის დეკემბრიდან პოლონეთის მთავრობაში არის კოალიცია, რომელსაც დონლად ტუსკი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტად კი რჩება ოპოზიციაში მყოფი პარტიის, „კანონი და სამართლიანობის“ მიერ არჩეული ანჯეი დუდა. მაისში პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელშიც ანჯეი დუდა მონაწილეობას ვერ მიიღებს. სოციოლოგიური გამოკითხვებით, ამ ეტაპზე ლიდერობს დონალდ ტუსკის პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი.

ბოლო სიახლეები