აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს.
აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გავრცელებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი უვიზოდ მყოფი რუსეთის მოქალაქეები წლის განმავლობაში ქვეყანაში 90 დღეზე მეტ ხანს ვერ შეძლებენ ყოფნას.
გადაწყვეტილება ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა. დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის საპასუხო ნაბიჯი მოსკოვის მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის რუსეთში მსგავსი 90-დღიანი შეზღუდვის შემოღებაზე.
ცნობისთვის, 25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 29 გადარჩა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაზიანდა. ალიევმა ასევე ისაუბრა იმ პირობებზე, რაც აზერბაიჯანულ მხარეს აქვს. ესენია რუსეთის მხრიდან დანაშაულის აღიარება, დამნაშავეების დასჯა და კომპენსაციის გადახდა აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის, დაშავებული მგზავრებისთვისა და ეკიპაჟის წევრებისთვის.