“თუ ოჯახში არის 2 წევრი და თითოეული ხელზე იღებს თვეში შემოსავალს 1300 ლარს, ის არის ქონების გადასახადის გადამხდელი”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აქვეყნებს.
როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, შემოსავალში შეიძლება ჩაითვალოს იჯარაც. მისივე ინფორმაციით, „თუ ოჯახში არის სამი წევრი და თითოეული მათგანი იღებს თვეში 880 ლარს, ის ქონების გადასახადის გადამხდელია“.
როგორც გოცირიძე წერს, თითქმის ყოველი მეორე ოჯახი ქონების გადასახადის გადამხდელია, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს.
„მათ არ იციან, რომ გადასახადის გადამხდელები არიან. ყველაფრიდან უნდა გადაიხადონ გადასახადი: ბინა, მანქანა, სოფელში მამა-პაპისეული სახლი, ავტოფარეხი, მიწა, აგარაკი თუ კომერციული ფართი, რომელიც შესაძლოა, არც კი გამოყენებულა არასდროს, დგას სადღაც შენობა თავისთვის.
ერთია, რომ რეპრესიების პოტენციური სამიზნეები არიან ეს ადამიანები და მეორეც, არ შეუძლიათ მისი გადახდა.
20 წელზე მეტი გავიდა, რაც ეს გადასახადი შემოვიდა (ჩემი ხელით დაწერილია ეს ნაწილი საგადასახადო კოდექსში, ჩემი გამოგონებაა 40 ათას ლარამდე განთავისუფლება გადასახადებიდან). იმის შემდეგ ხელფასებიც გაიზარდა და ფასებმა თითქმის სამჯერ მოიმატეს. დღევანდელი 900 ლარი მაშინდელ დაახლოებით 300 ლარს უდრის. მაშინ ერთეულები იხდიდნენ ამ გადასახადს, ახლა მასობრივად უწევთ.
საჭიროა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სასწრაფოდ რეფორმა. ამას იმიტომ ვამბობ დღესაც და აგერ უკვე მრავალი წელია, რომ 31 ოქტომბერმადე უნდა შეივსოს დეკლარაცია და 15 ნოემბრამდე უნდა იქნას გადასახადი გადახდილი. წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელი ჯარიმებია. მთავრობა ჯერ-ჯერობით თვალს ხუჭავს, იცის, რომ ყოველ მეორე თუ არა, მესამე ოჯახს უნდა მიადგეს, ამავე დროს არც არაფერს აკეთებს“, – წერს რომან გოცირიძე.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აქვეყნებს ვიდეოსაც, სადაც ამბობს, რომ აუცილებელია რეფორმა.
„ახლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ალბათ ყოველი მეორე თქვენგანი არის ქონების გადასახადის გადამხდელი, მაგრამ ბევრმა ეს არ იცის და სინამდვილეში იხდის 10-ჯერ ნაკლები. არ იცის, რადგან ჯერჯერობით მთავრობაც თვალს ხუჭავს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მრავალი წელია დღის წესრიგში დგას ამ გადასახადის რეფორმის საკითხი. მთავრობა პირდება საზოგადოებას და ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია.
დევს ჩემი ახალი კანონპროექტი პარლმენტში. ყველამ აღიარა, რომ სწორი ვიყავი. მთავრობა გამოასწორებს ამას და მალე შემოვიტანთ ცვლილებებსო. იმის შემდეგ სამი წელი გავიდა და ისევ იმ მდგომარეობაში ვართ. იმეზეზებენ, რომ იურიდიული პირის ქონების გადასახადიც უნდა შევცვალოთო, არფერია შესაცვლელი, მხოლოდ განაკვეთია შესამცირებელი. დემაგოგობენ. არა აქვს რაიმე კავშირი ამ ორ გადასახადს ერთმანეთთან. ჯერ იმას მიხედონ, რაც საჩქაროა. ნუ ჰყავთ ხალხი მძევლად აყვანილი“, – ამბობს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი ახლოვდება. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორივე ეს თარიღი ემთხვევა შაბათს, ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეზე, შესაბამისად, ფიზიკური პირები 3 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ ქონების დეკლარაციის წარდგენას, ხოლო უშუალოდ გადასახადის გადახდას 17 ნოემბრის ჩათვლით მოახერხებენ.
ფიზიკური პირი კი ქონების გადასახადს მაშინ იხდის, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების წლიური შემოსავალი წინა საანგარიშო წელს 40 000 ათას ლარს აღემატება.

