ბესო ხარძიანს სცემდნენ აბსურდული მიზეზით. ხარძიანის ჩვენების თანახმად, შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვინმე ვიქტორ ჭეიშვილი, რომელიც დირექტორის მოადგილე გახლდათ, – ამის შესახებ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის ადვოკატმა, ლამარა კობალაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
კობალაძემ გაიხსენა ბიზნესმენ ხარძიანის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, კუდ-ის უფროსის დათა ახალაიას მიერ გიორგი უდესიანთან განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ, მასთან საკანში მყოფ ოლეგ რამიშვილს დაავალეს, ბესო ხარძიანი ისეთ მდგომარეობამდე მიეყვანათ, რომ წილები გადაეფორმებინა.
„ბესო ხარძიანმა განმარტა, რომ მასთან ერთად საკანში ჩასვეს ვინმე ოლეგ რამიშვილი, რომელმაც შესვლისთანავე დაიწყო ბესოს მიმართ ძალადობა; აღვიძებდა მძინარეს, იყო შემთხვევა, რომ თავში ბოთლი ჩაარტყა მძინარეს და გარდა ამისა, ის „ნასედკა“ იყო, რომელიც იმ პერიოდისთვის უცხო არ გახლდათ და გაჰქონდა ამბები. ბესარიონ ხარძიანი განმარტავდა, რომ ხვდებოდა, რაშიც იყო საქმე და თვითონ ამბობდა, რომ შეუთვალა თავის ძმას, გაერკვია მის პარტნიორთან, რაშია საქმე.
ერთ დღეს, როდესაც საკნიდან გაიყვანეს ოლეგ რამიშვილი, იგი დაბრუნდა გაფითრებულიო და მითხრა, რომ ის იმყოფებოდა ციხის უფროსის კაბინეტში, სადაც იყვნენ კუდ-ის უფროსი დათა ახალაია, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას ძმა და სოსო თოფურიძე, რომელიც გახლდათ კუდ-ის უფროსის მოადგილე. ეს ადამიანები წარმოადგენდნენ საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს. ყველას თანდასწრებით დათა ახალაიამ დაურეკა გიორგი უდესიანს, რომელიც იყო ბესარიონ ხარძიანის პარტნიორი და იკითხა, გადაფორმდა თუ არა წილები? როგორც ჩანს, უარყოფითი პასუხი მიიღო, ამიტომ, მოუბრუნდა პატიმარს და უთხრა, რომ ბესარიონ ხარძიანი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეთ, წილები გადააფორმოს, თუ საჭირო გახდებოდა, ისე უნდა ეცემათ, რომ გონება დაეკარგა და გაეუპატიურებინათ. ბატონი ბესო ბრძანებდა, რომ ამ ინფორმაციის შემდეგ ცხადი გახდა, რომ წილების გადაფორმების გარეშე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა“, – აღნიშნა ადვოკატმა, ლამარა კობალაძემ.