ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ადასტურებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები 6 თებერვალს, ომანის დედაქალაქში გაიმართება.
„შეერთებულ შტატებთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები პარასკევს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე მასკატშია დაგეგმილი. მადლობელი ვარ ჩვენი ომანელი ძმების ყველა საჭირო ზომის მიღებისთვის“, – წერს არაღჩი სოციალურ ქსელ X-ზე.
მანამდე „აქსიოსმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის თხოვნას დაეთანხმა და მოლაპარაკებები, თურქეთის ნაცვლად, ომანში გაიმართებოდა. ამასთან, გამოცემის ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ, შეუერთდებიან თუ არა რეგიონის სხვა ქვეყნები ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებს.

