ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ევროკავშირის მიერ „ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანას ეხმაურება და მას „სტრატეგიულ შეცდომას” უწოდებს.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ აშშ-ის დავალებით ევროკავშირი კვლავ ირანისთვის რეგულაციების დაწესებას დაუბრუნდა. არაღჩი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირს შერჩევითი სამართალი აქვს და რეაგირებას არ ახდენს ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.
„ამჟამად რამდენიმე ქვეყანა ცდილობს, თავიდან აიცილოს ჩვენს რეგიონში ტოტალური ომის აფეთქება. არცერთი მათგანი არ არის ევროპული. სამაგიეროდ, ევროპა ცეცხლის გაღვივებით არის დაკავებული. აშშ-ს დავალებით „უკან დაბრუნების“ (სანქციების თავიდან დაწესების) მცდელობის შემდეგ, ის ახლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, როდესაც ჩვენს ეროვნულ სამხედრო ძალებს „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აცხადებს. გვერდზე გადავდოთ მისი შერჩევითი აღშფოთების აშკარა თვალთმაქცობა – ისრაელის მიერ ღაზაში ჩადენილი გენოციდის საპასუხოდ ნულოვანი ზომების მიღება და მაინც ირანში „ადამიანის უფლებების დაცვა“ – ევროპის „პიარ ხრიკი“ ძირითადად ცდილობს, შენიღბოს ის ფაქტი, რომ ის სერიოზული დაცემის პროცესში მყოფი მოთამაშეა. უფრო მეტიც, რადგან კონტინენტზე ჩვენს რეგიონში ტოტალური ომი, მათ შორის ენერგორესურსების ფასების ზრდის შედეგად, უდავოა, მას მასიური გავლენა ექნება – ევროკავშირის ამჟამინდელი პოზიცია ღრმად აზიანებს მის ინტერესებს. ევროპელები იმსახურებენ უკეთესს, ვიდრე მათ მთავრობებს შეუძლიათ შესთავაზონ“,- აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ცნობისთვის, ევროკავშირმა „ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. ევროკავშირის მიერ ტერორისტულ სიაში შეყვანილი ორგანიზაციები ექვემდებარებიან სანქციებს, მათ შორის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას.

