ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

„ჰელსინკის კომისია“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ჰელსინკის კომისიის“ წევრები ორი პარტიიდან შეშფოთებას გამოთქვამენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებსის გამო, გადასცეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უფლებები ჩინურ კონგლომერატს, რომელშიც შედიან აშშ-ის მიერ სანქცირებული ფირმები.

ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, სენატორი როჯერ უიკერი, თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი, კონგრესმენი სტივ კოენი, კონგრესმენი მარკ ვიზი და სენატორი ჯონ კორნინი.

მათი განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარება და კონტროლი შორს მიმავალ გავლენას მოახდენს როგორც ჩინეთის შესაძლებლობებზე, გააგრძელოს ეკონომიკური იძულების კამპანია შავი ზღვის რეგიონში, ასევე საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალზე. ეს გარიგება აპრილის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ ცნობებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, გადასცეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონტროლი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ სანქცირებულ კონგლომერატს. ამ გარიგებაში მონაწილე დეველოპერებს, მათ შორის China Communications Construction Company-ს, აქვთ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების გამოყენების გამოცდილება მასპინძელი ქვეყნების ექსპლუატაციისა და დესტაბილიზაციისთვის, ამ ქვეყნების ჩინეთზე დამოკიდებულების გაღრმავებისთვის.

ჩინეთის მზარდი ყოფნა შავ ზღვაში, რუსეთთან თანამშრომლობით, რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობას. „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმების წინსვლით კიდევ უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და საკუთარი ეკონომიკური მომავლის განსაზღვრის უნარს. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და სამართლიანად, გამჭვირვალედ შეაფასოს მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის წევრების განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ციცინო შავაძე – ჩვენი წამება როინ შავაძის დაკრძალვის შემდეგაც კი არ დასრულდა, გვემუქრებოდნენ, რომ გავჩუმებულიყავით, მადლობა სოზარ სუბარს, ორი თვე ღამეს გვითევდნენ სახალხო დამცველის...

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2008 წელს მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ საქმის დეტალებზე ისაუბრა.ციცინო შავაძემ გაიხსენა, როგორ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ცოცხალი აღარ იყო.„ქუჩიდან ჩვენი უბნის ინსპექტორებმა შემოგვძახეს, რომ რომა რეანიმაციაში ჰყავდათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იქ მივსულიყავით. უკვე შეღამებული იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში იმდენს დავრბოდით, რომ როგორ შემოგველია დრო, ისიც კი ვერ გავიგეთ. საავადმყოფოში როდესაც მივედით, მგონია, რეანიმაციაშია, თუმცა ფორმიანიც და უფორმოც, ალბათ, ერთი 100 კაცი დაგვხვდა და გვითხრეს, რომ ის უკვე გარდაცვლილია და პროზექტურაშია“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.ციცინო შავაძემ მისი მეუღლის სახლში გადასვენების პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხალხს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, მის ოჯახს არ მიახლოებოდნენ, თუ არ სურდათ, იგივე ბედი გაეზიარებინათ.„არ ვიცი, რა დამემართა, ალბათ მთელი ხმით ვკიოდი საავადმყოფოში, ვანგრევდი ყველაფერს, ჩემი არავის ესმოდა. ბოლოს ჩემებს უთხრეს, ხმა არ ამოეღო არავის და მამშვიდებდნენ, ხმა არ ამომეღო. მე ვკიოდი, უკვე არაფერი მახსოვს და ჩემებისთვის უთქვამთ, ჩემი თავი გაეცილებინათ იქაურობისთვის. აზრზე რომ მოვედი, უკვე სახლში ვიყავი და რომაც მოასვენეს. უბედურება ამით არ დამთავრებულა. მიცვალებულმა გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ჰქონდათ გაკეთებული, სასწაული სუნი ჰქონდა. ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, არ გვეტირა, ხმა არ ამოგვეღო. მთელ ქუჩაზე იდგნენ ფორმიანები, ხალხს, ვინც მოდიოდა, ზოგს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ახლოს არ გაგვკარებოდნენ, თუ უნდოდათ, მათაც ჩვენი ბედი არ გაეზიარებინათ. ხალხი გვირეკავდა და გვეუბნებოდა,  ვერ შემოვდივართ, უკან გვაბრუნებენო. ბინის ყველა კუთხეში იდგნენ ფორმიანებიც და უფორმო გადაცმულებიც, პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ იქაურობა დაეტოვებინათ. ისე გამოდის, რომ მარტო აღმოვჩნდი მიცვალებულთან. უკვე ყველა ღონეს ვხმარობდი. მახსოვს, ტელევიზია მოვიდა, 25-ე არხი და ტელევიზია რომ შემოვიდა, მოვიხედე, მიცვალებულთან არავინ იყო, მარტო მე ვიყავი და ჩემი და, ხალხმა დატოვა ტერიტორია, რომ არავის ენახა. ჩვენ კიდევ, იძულებული გავხდით, მესამე დღეს მიცვალებული სირბილით გაგვეყვანა სახლიდან, რადგან გაუსაძლისი იყო უკვე მდგომარეობა, მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო. მესამე დღეს უკვე, წამებს ვითვლიდით, რომ მიცვალებული მისი სახლიდან სასწრაფოდ გაგვეყვანა“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.ციცინო შავაძის თქმით, მისი მეუღლის დაკრძალვის შემდეგ, ოჯახზე მუდმივად მიმდინარეობდა ზეწოლა და მუქარა.„ჩვენი წამება ამით არ დასრულდა. ყოველი დღე უმძიმესი ხდებოდა. გვითვლიდნენ, ხმა არ ამოგვეღო, გავჩერებულიყავით. იძულებული გავხდი, დამეტოვებინა ბინა და გადავსულიყავი საცხოვრებლად ჩემებთან. გვემუქრებოდნენ ყველას დახოცვით, უნდა აგვეღო ფული და გავჩუმებულიყავით. მოდიოდა უცხო ხალხი, პირდაპირ მოდიოდნენ, რომ აგვეღო ფული და ხმა არ ამოგვეღო. რადგან ჩვენგან უარი მიიღეს, წამოვიდა მუქარები. საცხოვრებლად გადავედი ჩემებთან, სოფელ ჩელტაში, მაგრამ იქაც ხალხი გვადგებოდა, იქაც ასეთ დღეში ვიყავით“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.ციცინო შავაძე ამბობს, რომ მაშინდელი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, მშობლების სახლში გადასვლის დროს, მუქარების გამო, ღამეს უთენებდნენ.„შემდეგ იძულებული გავხდით, მიგვემართა სახალხო დამცველის აპარატისთვის, მადლობა ბატონ სოზარს, მის ჯგუფს, ჩემს ადვოკატს. ოჯახში ღამეებს გვითენებდნენ, ჩვენთან ერთად იყვნენ. გვაშინებდნენ, მოდიოდა იარაღიანი ხალხი პირდაპირ, ისროდნენ ჰაერში. ვისთვის მიგვემართა, უკვე აღარ ვიცოდით. მაშინ დავურეკეთ ბატონ სოზარს. ისიც კი შემოგვითვალეს, თუ აღარ დავმშვიდდებოდით, წყლის ბასეინსაც მოგვიწამლავდნენ და დავისვენებდით ყველა ერთად.ბატონი სოზარიც ჩამობრძანდა, ყოველთვის გვერდით გვედგა, დიდი მადლობა ამისთვის, არასდროს დამავიწყდება თქვენი ამაგი. ბატონი სოზარი თვითონ იყო ჩამობრძანებული ჩემს ოჯახში“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.მისი განმარტებით, სახალხო დამცველის თანამშრომლები მასთან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.„ორი თვე ღამეს გვითევდნენ სახალხო დამცველის თანამშრომლები“, – აღნიშნა ციცინო შავაძემ.ამასთან, ციცინო შავაძემ გაიხსენა, რომ მომხდარი შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ, მისი მეუღლე, გარდაცვლილი ადამიანი დაკითხვაზე დაიბარეს, რითაც ოჯახის დამცირებას ცდილობდნენ.„ყველანაირად გვავიწროებდნენ. სამი წლის თავზე იყო კარზე ზარი, დგას ახალგაზრდა გოგო ფორმით, ქალ-ვაჟი. პოლიციის ფორმა აცვიათ და მაწვდიან ფურცელს, რა ხდება-მეთქი. როინ შავაძის ოჯახია? კი-მეთქი, მას დაკითხვაზე იბარებდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენად გვამცირებდნენ და რა დღეში გვაგდებდნენ, კაცზე, რომელიც მიცვალებულია, ატანენ მოწმობას, რომ სასამართლოშია დაბარებული“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.

თეა წულუკიანი როინ შავაძის მეუღლეს: თქვენი თავდადების შედეგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და დამტკიცდა რისთვისაც ამდენი...

მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალმა ქალს იმ დიდი ბრძოლისთვის, რაც თქვენ ყველანაირი ზეწოლის, თავდასხმის მიუხედავად აწარმოეთ იმისათვის, რომ თქვენი მეუღლის და ოჯახის ღირსება დაგეცვათ იმ დროს, როდესაც რეალურად, უფლებების დაცვა კი არა, უფლებების შელახვა იყო წესი, - განუცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს კომისიის სხდომაზე.თეა წულუკიანის თქმით, სწორედ ციცინო შავაძის თავდადების შედეგია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა როინ შავაძის სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური დარღვევის ფაქტი, რითაც დადასტურდა, რომ საქართველოს ერთგული ჯარისკაცი სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა."თქვენ დაგიპირისპირდათ მთელი სახელმწიფო მანქანა მაშინ და მიუხედავად ამისა, თქვენ ღირსეულად ატარეთ ქართველი ქვრივის სახელი და მოიტანეთ ეს საქმე დღემდე. სწორედ თქვენი თავდადების შედეგია, რომ 2020 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგში, დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის, ანუ სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და ამით დამტკიცდა ის, რისთვისაც ამდენი წელი იბრძოდით, რომ თქვენ იყავით მართალი და რომ თქვენი მეუღლე, ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი, სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა. მადლობა ამ ბრძოლისთვის, სხვა მხრივ, როინ შავაძის სახელი და გვარი დავიწყებული იქნებოდა და ისე ჩააბარებდნენ წარსულს მაშინდელი ხელისუფალნი, რომ რასაკვირველია, არც კი შერცხვებოდათ." - განაცხადა თეა წულუკიანმა.როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა. იგი ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.„კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას კომისიის სხდომაზე იბარებს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია დაიბარეს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა.გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე  20 ივნისის საქმეზეა დაბარებული.„2012 -2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ. მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან“,- განაცხადა წულუკიანმა.

ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე დაეღუპა, მოულოდნელად გარდაიცვალა

ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე დაეღუპა, მოულოდნელად გარდაიცვალა. ინფორმაციას ანდრია ბაუჟაძის გარდაცვალების შესახებ ქვედა სამების საჯარო სკოლა ავრცელებს.„ქვედა სამების საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილით და მწუხარებით იუწყება ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ანდრიანოს (რომლის ორსული მეუღლე რამდენიმე თვის წინ ტრაგიკულად დაიღუპა) ნაადრევი გარდაცვალების შესახებ.ანდრიანო იყო კეთილი, ნიჭიერი და სიცოცხლით სავსე ბიჭი. მისი დაკარგვა უდიდესი ტკივილია ჩვენი სკოლის საზოგადოებისათვის.ვუსამძიმრებთ ანდრიანოს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და კლასელებს. ვიზიარებთ მათ ტკივილს და ვდგავართ მათ გვერდით ამ რთულ დროს. მშვიდად განისვენე, ანდრიანო…“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.ცნობისთვის, 20 წლის ანდრია ბაუჟაძე 6 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ავარიაში 2024 წლის ოქტომბერში მოყვა. ქობულეთში, მანქანით ნაძვს შეეჯახნენ. სამწუხაროდ, ანანო ხურციძე ადგილზევე დაიღუპა.როგორც მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, ბიჭი ბათუმში, „ბაუს“ კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც ურთულესი ოპერაციები გაუკეთდა თავზე. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და აპარატზე ჰყავდათ შეერთებული.

მარიამ ქვრივიშვილმა AIM Congress – ის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საინვესტიციო კონგრესის (AIM Congress) ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის ორგანიზებით ქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა. ღონისძიება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ერთობლივი მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და მაღალი რანგის პირები, მათ შორის, ბაჰრეინიდან, მონტენეგროდან, ეგვიპტიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.მინისტერიალის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე გამოსვლისას, მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა საქართველოს მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე, მიმდინარე სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებზე, სამთავრობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ტურიზმის ხელშეწყობის სტრატეგიაზე, რომლის შემადგენელი ნაწილია ქვეყნის სახმელეთო და საავიაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და განვითარება. მისი თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირება ხელს უწყობს დაკავშირებადობას, რაც დადებითად აისახება როგორც უშუალოდ ტურიზმის ინდუსტრიაზე, ისე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე.„საქართველოს მთავრობის მიზნობრივმა და ეფექტურმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის ზრდას, რაც, საბოლოო ჯამში, ტურიზმის სტატისტიკაზე დადებითად აისახება. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის მატებას ასევე იწვევს გაზრდილი ინვესტიციები ტურიზმში, ახალი საწოლი ადგილების შექმნა, ლიბერალური სავიზო რეჟიმების შემოღება და ღია ცის პოლიტიკა ავიაციაში და სხვ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს. მისი თქმით, ყოველწლიურად იზრდება დარგის კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში - 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 300 მლნ. აშშ დოლარით, 7.3%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია ინვესტიციებისთვის, რასაც ხელს უწყობს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დარგში საინვესტიციო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებზე, მათ შორის, მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობაზე“ (Business READY), რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოს 50 ქვეყანას შორის საუკეთესო სამეულშია, ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევას „Investment Policy Review“ და Fraser Institute-ის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2024“ რეიტინგს, სადაც საქართველო უპირობო ლიდერია ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანასა და ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის.ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები