თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განაცხადებით, თუ აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ არ დაიწყება, რეგიონში ომი, შესაძლოა, გაფართოვდეს.
„სამწუხაროდ, ჩვენი თავდაპირველი გაფრთხილებები და ანალიზი ომის დაწყებამდე რეალისტური აღმოჩნდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს ომი, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში ომის შემდგომ გავრცელებას ვიხილავთ. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რომ თუ ირანზე თავდასხმები გაგრძელდება და ირანი, თავის მხრივ, მეზობელ ქვეყნებს დაარტყამს, სიტუაცია, შეიძლება, სრულიად უმართავი გახდეს. ამას აუცილებლად უნდა დაესვას წერტილი“, – განაცხადა ფიდანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარის შეტევები „საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს, არამედ საბრძოლო მოქმედებები ზიანს აყენებს მსოფლიო ეკონომიკას“. ფიდანმა იმედი გამოთქვა, რომ „ეს მდგომარეობა მუდმივ ხასიათს არ მიიღებს“.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს კომპრომისზე წასვლას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ამით მან კომენტარი გააკეთა იმ ინციდენტებზე, როდესაც ირანიდან გაშვებული რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს.
„ჩვენი გულწრფელი ძალისხმევა მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, ასევე ჩვენი გაგება და კონსტრუქციული მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კომპრომისზე წავალთ. როგორც იცით, კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც ჩვენი ქვეყნისკენ იყო მიმართული, ჰაერში განეიტრალდა. ამ სერიოზულ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ პირდაპირ კონტაქტზე ვართ ირანელ კოლეგებთან“,- განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს, მიუხედავად შესაძლო პროვოკაციებისა.

