ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026

ჯო უილსონი – „ტრამპის მარშრუტის“ წარმატება, ჩინეთის, ირანისა და რუსეთის შუა დერეფნიდან ჩამოშორება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა შეცვლის ანტიამერიკულ ქცევას

„ტეხასური ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ ლობირებს“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ჰილსი“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამერიკული ენერგოკომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტივ ნიკანდროსი რესპუბლიკელ კონგრესმენებს „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

„ჰილსი“ ნიკანდროსის მიერ, სულ მცირე, ერთ-ერთი კონგრესმენისთვის 19 იანვარს გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით წერს, ნიკანდროსის კომპანია საქართველოში 100 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტირების განხორციელებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, მომდევნო ორი წლის ვადაში მოხდეს. წერილი გაგზავნილია სტივ ნიკანდროსი მისი კომპანია TXN Energy Holdings Inc,-ის სახელით. ნიკანდროსის მტკიცებით, „მეგობარი აქტი“ და სხვა მსგავსი კანონპროექტები ზიანს მიაყენებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოში.

როგორც „ჰილსი“ აღნიშნავს, კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში. თუმცა, ის ამჟამად სენატორ მარკვეინ მულინის მიერ არის დაბლოკილი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სტივ ნიკანდროსს მარკვეინ მულინის კამპანიისთვის დონაციები აქვს გაღებული, ისევე როგორც სხვა რესპუბლიკელი კონგრესმენებისთვის. თუმცა, ჯერ კიდევ სექტემბერში, მულინმა „ჰილსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ მისი პოზიცია დაკავშირებული არ არის ნიკანდროსთან.

„აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მულინი მხარს უჭერდა ნიკანდროსის ერთ-ერთ კომპანია „ფრონტერა რესურსებს“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დავაში. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი შეეცადა, „მეგობარი აქტი“ დაემატებინა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში გასული წლის მიწურულს, თუმცა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ დაბლოკა“, – ნათქვამია სტატიაში.

„ჰილსი“ ასევე აღნიშნავს, რომ 2020 წელს ნიკანდროსის კომპანია „ფრონტერას“ დავა ჰქონდა თბილისთან, კომპანია ირწმუნებოდა, რომ განახორციელა 500 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია საქართველოში. კომპანიამ მილიონი დოლარი დახარჯა ლობისტური ხარჯებისთვის და ამავე წლის ივლისში თბილისმა ნება დართო, „ფრონტერას“ განეახლებინა საქმიანობა ქვეყანაში.

„თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში, ჩემმა კომპანიამ დიდი ინვესტიციები ჩადო საქართველოს ენერგოსექტორში“, – წერს ნიკანდროსი 19 იანვრით დათარიღებულ წერილში და აქვე აღნიშნავს, რომ ამ წერილს წინ უძღვოდა საგარეო ურთიერთობა კომიტეტის ზოგიერთი რესპუბლიკელი წევრისთვის სექტემბერში გაგზავნილი წერილი, სადაც მადლობას უხდიდა კონგრესმენებს იმ კანონპროექტის წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისთვის, რომელიც შეწყვეტდა „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას.

„ჰილსი“ აღნიშნავს, რომ კონკრეტული კანონპროექტიც და „მეგობარი აქტიც“ კონგრესმენ ჯო უილსონის მიერაა დასპონსორებული, რომელსაც მანამდეც გამოუთქვამს შეშფოთება ნიკანდროსთან დაკავშირებით.

„როგორც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ორგანო, რომელსაც აქვს სასამართლოში დაბარების უფლებამოსილება, ვეცდები, მეტი გავიგო ამ პირის საქმიანობის შესახებ“, – წერდა უილსონი სექტემბერში „როიტერისთვის“ გაგზავნილ წერილში.

გამოცემის ინფორმაციით, 19 იანვრის წერილში ნიკანდროსი აკრიტიკებს წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს, რომელიც მხარს უჭერს კანონპროექტს.

„ჰილსი“ ასევე წერს, რომ „პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ გაუუქმებია ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენის არცერთი ქმედება „ქართული ოცნების“ წევრების წინააღმდეგ. ქმედებები მოიცავს სანქციებს იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, ვინც ჩართული იყო საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივად ჩახშობაში, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ“.

„ბაიდენის სხვა ქმედებებს შორის იყო, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, რომელიც ხელს უწყობდა თანამშრომლობას დემოკრატიის, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და კულტურული გაცვლის საკითხებში. ივანიშვილმა, რომელმაც მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა პოსტსაბჭოთა რუსეთში, „ქართულ ოცნებას“ დაავალა მოსკოვთან ურთიერთობების გამოსწორება, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინული ომის გამო დაწესებული სანქციების შეჩერებით, ქვეყნებს შორის ფრენების განახლებით და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ კრემლის კანონმდებლობის კოპირებით“, – წერს „ჰილსი“ და აღნიშნავს, რომ „ტრამპის ადმინისტრაცია ივლისში შეეცადა, აღედგინა ურთიერთობები ივანიშვილთან, რომელმაც უარყო ეს შეთავაზება, რადგან აშშ-ის სანქციები ძალაში რჩებოდა“.

ამასთან მიმდინარე კვირაში, „ჰილსისთვის“ მიწერილ წერილში უილსონმა დაიცვა „მეგობარი აქტი“, როგორც აუცილებლობა ტრამპის ძალისხმევის გასაძლიერებლად სამხრეთ კავკასიაში, როგორიცაა „ტრამპის მარშრუტი“ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

„ისტორიული მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, „ტრამპის მარშრუტის“ წარმატება საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ჩინეთის, ირანისა და რუსეთის შუა დერეფნიდან ჩამოშორება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა შეცვლის თავის ანტიამერიკულ ქცევას“, – განაცხადა უილსონმა.

ამასთან, სტატიის მიხედვით, „კონგრესმენები, რომლებიც საქართველოზე არიან ფოკუსირებული, მმართველ პარტიას ქვეყნის ისტორიაში „ბნელი ეტაპის“ შემოღებისთვის აკრიტიკებენ“. ნიკანდროსი კი ბაიდენს ადანაშაულებს თბილისთან უთანხმოებაში და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს როგორც „კონსერვატიული“ მოძრაობის მოკავშირეს. „ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო წლის განმავლობაში, ლიბერალური/პროგრესული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულმა ქმედებებმა, საქართველოს სუვერენულ, კონსერვატიულ მთავრობასთან იდეოლოგიური უთანხმოების საპასუხოდ. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აშშ-საქართველოს მჭიდრო, ხანგრძლივ ურთიერთობებს“, – წერს ის.

„ჰილსის“ მიხედვით, ნიკანდროსი წერილს თან ურთავს ექვსგვერდიან „ანალიტიკურ ფრაგმენტს“, რომელსაც, მისი აზრით, შესაძლოა, წერილის ადრესატი კონგრესმენი დაეყრდნონ. წერილში ნიკანდროსი ეწინააღმდეგება საერთაშორისო დამკვირვებელთა დასკვნებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც საუბარია, რომ „არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი“. „ჰილსის“ სტატიის მიხედვით, ის „ასევე იცავს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კრემლისგან ინიციირებულ კანონს „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც სჯის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას. ნიკანდროსი ასევე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა არის ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიური მოკავშირე და იმსახურებს მხარდაჭერას“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სარჯველაძე: შეხვედრაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა, როგორ ხედავენ ფასების შემცირებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის საკითხებს თავად ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები

„ერთმნიშვნელოვნად ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ბევრი მოსაზრება გამოითქვა, თუ როგორ ხედავს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ, როგორ ხედავენ ფასების შემცირებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის საკითხებს თავად სექტორის წარმომადგენლები. ასევე, იყო საუბარი ხარისხსა და ხელმისაწვდომობის სხვა კომპონენტებზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის ფარგლებში, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.აღსანიშნავია, რომ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების მიმართულებით მუშაობს.მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და კომისიის შექმნის მთავარი მიზნის მისაღწევად კარგ პერსპექტივას აჩენს.„რა თქმა უნდა, ეს სპეციფიკური სფეროა, იმ სხვა დარგებისგან განსხვავებით, სადაც გარკვეული მექანიზმები უკვე იმპლემენტირებულია. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თავად სექტორი არის განწყობილი ერთმნიშვნელოვნად დადებითად. მეორეს მხრივ, იმედიანად უყურებს ფასების ოპტიმიზაციის, მისი უფრო მეტად სამართლიანად რეგულირების საკითხს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილი – ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად

მე ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, სადაც გავჩერდი თეთრ სახლში მორიგ ვიზიტზე მიმავალი. მახსოვს იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად.„მე ასევე ვყოფილვარ ამერიკულ ბაზებზე ჰელმანდში, ავღანეთში და ინჯილიკში, თურქეთში და მინდა, ვთქვა, რომ გრენლანდიის ბაზა დანარჩენ ბაზებთან შედარებით უბრალოდ პაწაწინაა. ამიტომ, ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად. რა თქმა უნდა, დანიის, გრენლანდიის თანხმობით და საერთაშორისო სამართლის ყველა წესის დაცვით, დარწმუნებული ვარ, შეთანხმება მიღწეულ იქნება“, – წერს სააკაშვილი.

შალვა პაპუაშვილი – საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომებზე მოხდება დროებითი კომისიის შექმნა, რომელიც პროდუქტთან, მედიკამენტებთან და საწვავთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე მოხდება პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დადგენილების განხილვა და კომისიის შექმნა, რომელიც სურსათის, მედიკამენტებისა და და საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ფრაქციის მიერ უკვე დაიინიცირებულია დადგენილების პროექტი დროებითი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.„იცით, რომ მომავალ კვირას იხსნება საგაზაფხულო სესია. პირველივე სხდომებზე მოხდება განხილვა და შექმნა დროებითი კომისიის, რომელიც სამივე საკითხს, როგორც პროდუქტზე, ისე მედიკამენტებსა და საწვავთან დაკავშირებით საკითხებს შეისწავლის და გვექნება შესაძლებლობა, მთელი საზოგადოება იყოს ამაში ჩართული საჯარო სხდომების მეშვეობით, ყველამ ერთად მოვისმინოთ, როგორ ხდება ამ სფეროებში ფასების წარმოქმნა, იქნება ეს მწარმოებელი, დისტრიბუტორი თუ სხვა რგოლი ამ ბიზნესებისა, თავად მათგან მოვისმინოთ. ვხედავთ მათ განცხადებებს, რომ ხედავენ ფასების დაწევის შესაძლებლობას, მიუთითებენ გარკვეულ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება დარეგულირდეს, შეიძლება საკანონმდებლო სახით, შეიძლება პრაქტიკაა შესაცვლელი, შეიძლება მათ შორის ცნობიერების მხრივ, საზოგადოებამაც ამას ყურადღება მიაქციოს. ეს ყველაფერი იქნება საჯარო პროცესი, ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული პირი. შესაბამისად, ჩვენ ერთად, საზოგადოებასთან ერთად შევძლებთ საკითხში გარკვევას და გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აბას არაღჩი – ირანს აშშ-თან მოლაპარაკებები არ მოუთხოვია, მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ შეიძლება, ჩატარდეს, როდესაც მუქარა და გადაჭარბებული მოთხოვნები აღარ იქნება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანს აშშ-თან მოლაპარაკებები არ მოუთხოვია.მისივე თქმით, ბოლო დღეებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან კონტაქტი არ ჰქონია და არც მოლაპარაკებები მოუთხოვია.ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ სხვადასხვა შუამავლები თეირანთან „კონსულტაციებს აწარმოებდნენ“ და კონტაქტში არიან.„ჩვენი პოზიცია ნათელია, მოლაპარაკებები მუქარის ფონზე არ ხდება და მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ შეიძლება, ჩატარდეს, როდესაც მუქარა და გადაჭარბებული მოთხოვნები აღარ იქნება“, – განუცხადა მან ირანის სახელმწიფო მედიას.ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს განუცხადა, რომ თეირანი მიესალმება ნებისმიერ პროცესს, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რომელიც ომის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ირაკლი მარგველაშვილი – არსებობს იმის რესურსი, რომ მედიკამენტებზე ფასების კორექტირება მოხდეს

„საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ თანამშრომლობის საფუძველზე ყოველთვის არსებობს ფასების შემცირების რესურსი.როგორც მარგველაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ფასებთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია სამართლიან ფასებზე, რომელიც უნდა იყოს.მისივე განმარტებით, ფასთაწარმოქმნის რეგულაციის პროცესი საქართველოში, რამდენიმე წელია, დაწყებულია.„ალბათ საუბარი არის პროცესის უფრო გაუმჯობესებაზე, მეთოდოლოგიის დახვეწასა და მედიკამენტების შემდეგ ჯგუფებში გავრცელებაზე. სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენ რესურსს“, – აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.ირაკლი მარგველაშვილის თქმით, დაახლოებით 7 000 მედიკამენტი საქართველოში უკვე არის რეფერენტული ფასების სიაში, რაც ნიშნავს, რომ მათი ფასი გარე რეფერენტული სისტემით რეგულირდება. მისივე განმარტებით, კიდევ ამდენივე კი, სავარაუდოდ, რეფერენტულ ფასებს გარეთ რჩება.„ალბათ პირველ ეტაპზე უპრიანია, ვისაუბროთ რეცეპტორულ მედიკამენტებზე. მედიკამეტებზე, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ. მნიშვნელოვანია მედიკამენტის ფასი, ძალიან მნიშვნელოვანია, ვილაპარაკოთ, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის განვითარებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მედიკამენტების მიწოდებას პაციენტებისთვის და აქედან გამომდინარე, დავადგინოთ ის სამართლიანი ფასი, რაც სახელმწიფომაც უნდა გადაიხადოს და ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი ჯიბიდან მედიკამენტებში.არ არსებობს კატეგორიები – იაფი და ძვირი, არსებობს სამართლიანი ფასი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს და შესადარი იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან,  გეოგრაფიული მდებარეობიდან, მოწოდების გზებიდან გამომდინარე და ა.შ. სწორედ ამისთვის ხდება შეხვედრები, რომ დადგინდეს ის ფასი, რომელიც სამართლიანი იქნება კონკრეტულად საქართველოსთვის. მედიკამენტის ფასი, რომელსაც ნახულობთ აფთიაქში, დამოკიდებულია, როგორ არის სისტემა აწყობილი. მაგალითად, მედიკამენტის ფასი ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში, შესაძლებელია, იყოს მაღალი ან დაბალი, მაგრამ გააჩნია, როგორ ხდება მისი ანაზღაურება სადაზღვევო სისტემის და სახელმწიფოს მიერ. ანუ, თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელობა აქვს, ჩვენ რას ვიხდით მედიკამენტში. მთავარია, რამდენია თითოეული მოქალაქის რეალური დანახარჯი ამ მედიკამენტებზე. ჩვენი წევრია 21 კომპანია. ფასების მნიშვნელოვანი დაწევა მივიღეთ ბოლო სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

ბოლო სიახლეები