რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მთავარი საკითხის გადაწყვეტამდე ჯერ კიდევ შორს ვართ, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.
როგორც მელონიმ აღნიშნა, მოლაპარაკებებში პროგრესია, თუმცა ტერიტორიული საკითხის გადაჭრისგან ჯერ კიდევ შორია.
„ვხედავ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯებს იმ დოკუმენტებში, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ. მიმდინარეობს ძალიან კარგი მუშაობა კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც, სხვათა შორის, ეფუძნება იტალიის წინადადებას, რომ ნატო-ს მე-5 მუხლის შესაბამისად შემუშავდეს“, – განაცხადა მელონიმ.
იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მუშაობა მიდის უკრაინის რეკონსტრუქციაზეც.
მელონიმ განმარტა, რომ „ქაღალდზე არსებობს სამშვიდობო გეგმა, რომელშიც ბევრი საკითხი უკვე გადაწყვეტილია“.
„თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ მთავარი საკითხის, ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტამდე, სადაც რუსეთი აგრძელებს პრეტენზიების წამოყენებას, რომლებიც, ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლოა. როგორც არა ერთხელ მითქვამს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშვიდობის, არამედ სამართლიანი მშვიდობის მიღწევა“, – აღნიშნა მელონიმ.

