აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ადასტურებს, რომ ეროვნული დაზვერვის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა უარყოფს, რომ ის პოლიტიკურად არის მოტივირებული აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკის გამო, – ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა NBC News-თან ისაუბრა.
ვენსის თქმით, ბოლტონის მიმართ გამოძიება ჯერ ძალიან ადრეულ სტადიაზეა.
„ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიებას ბოლტონის მიმართ, თუმცა ამის შედეგად თუ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, ეს მოხდება იმიტომ, რომ დადგენილი იქნება, რომ მან კანონი დაარღვია. ჩვენ ამ საკითხს ფრთხილად მივუდგებით. ჩვენ ამას შეგნებულად მივუდგებით, რადგან არ ვფიქრობთ, რომ ადამიანები უნდა შევყაროთ ციხეში იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი პოლიტიკურად არ გვეთანხმებიან. შესაძლოა, განსაკუთრებით, თუ ისინი პოლიტიკურად არ გვეთანხმებიან, არ უნდა შეყარო ციხეში თვითნებურად. ეს გადაწყვეტილებები კანონმა უნდა განსაზღვროს და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ჯეი დი ვენსმა გამოძიების დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა დაადასტურა მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქმე საიდუმლო დოკუმენტების შენახვას ეხება.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სახლში ჩხრეკა გუშინ ჩატარდა. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ჯონ ბოლტონი დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს იკავებდა. მან ამ პოზიციაზე დაახლოებით 1,5 წელი იმუშავა, თუმცა მოგვიანებით ტრამპის კრიტიკოსი გახდა. ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს ჯონ ბოლტონს ადანაშაულებდნენ, რომ 2020 წელს გამოშვებული მისი მემუარები, რომელიც ტრამპის მთავრობაში მის მუშაობას ეხებოდა, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა. თავის მხრივ, ბოლტონი აცხადებდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მის გაჩუმებას ცდილობდა.