აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შესახებ გაკეთებული კომენტარები მას შემდეგ, რაც ორბანმა კიევისთვის ევროკავშირის სესხი დაბლოკა, „სკანდალური“ იყო.
ვენსის თქმით, კიევის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება მიუღებელია, ასეთი საქციელი მოკავშირეებს შორის ზღვარს სცილდება და არანაირ გარემოებაში არ შეიძლება, იყოს გამართლებული.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ევროპის ლიდერების დიდი ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის.
„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დიდი ნაწილით, რადგან ისინი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით არ არიან დაინტერესებულნი ამ კონკრეტული კონფლიქტის გადაჭრით. და რაც პრეზიდენტმა თქვა, არის ის, რომ ეს არის ყველაზე რთული გადასაჭრელი ომი. გარკვეულწილად, ვფიქრობდით, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა. ჩვენ ამას უკვე 14 თვეა, ვაკეთებთ და უბრალოდ გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა მან.
ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს „აზრი აღარ აქვს“ და საბოლოოდ, რუსეთმაც და უკრაინამაც უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელებენ თუ არა მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად.
„რადგან ომს, ფაქტობრივად, აზრი აღარ აქვს. რასაც მე ვეტყოდი როგორც რუსებს, ასევე უკრაინელებს, არის ის, რომ ამ ეტაპზე ვსაუბრობთ რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის გამო ვაჭრობაზე ერთი ან მეორე მიმართულებით. ღირს ეს დამატებით ასობით ათასი რუსი და უკრაინელი ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვად? ღირს ეს დამატებით თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში ენერგიის ფასების ზრდასა და ეკონომიკურ განადგურებად? და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პასუხი ცალსახად უარყოფითია. მაგრამ „ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო“. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორი და პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებენ მშვიდობიანი მოგვარებისკენ მუშაობას, ფუნდამენტურად ჩვენ მხოლოდ კარის გაღება შეგვიძლია. რუსებმა, უკრაინელებმა ეს უნდა გაიარონ“, – განაცხადა მან.

