აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ევროპულ ქვეყნებს ლომის წილის აღება მოუწევთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფინანსური თვალსაზრისით. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
„არ ვფიქრობ, რომ აქ ტვირთი ჩვენ უნდა ვიტვირთოთ. ვფიქრობ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ, თუ ეს საჭიროა ომისა და მკვლელობის შესაჩერებლად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ – და პრეზიდენტი ნამდვილად ელოდება – რომ ევროპა აქ წამყვან როლს შეასრულებს. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა: ნახეთ, შეერთებული შტატები მზადაა საუბრისთვის, მაგრამ ჩვენ არ ავიღებთ ვალდებულებებს, ვიდრე არ გავიგებთ, რა იქნება საჭირო ომის შესაჩერებლად. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამან, ევროპელებს მოუწევთ, ლომის წილი იტვირთონ. ეს მათი კონტინენტია, ეს მათი უსაფრთხოებაა“, – აღნიშნა ვენსმა.
ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ზოგჯერ ლიდერების პირისპირ დასხდომას შეუძლია, გაარღვიოს ის ჩიხი, რისი გაკეთებაც მათ გუნდებს არ ძალუძთ. ვენსის თქმით, ორი საკითხია კვლავ მოსაგვარებელი.
„პირველი – უკრაინამ უნდა იცოდეს, რომ მას კვლავ არ შეუტევს რუსეთი. უნდა იცოდეს, რომ მას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა მომავალში. რუსებს უნდათ ტერიტორიის გარკვეული ნაწილები, რომლის უმეტესი ნაწილი მათ აქვთ ოკუპირებული, მაგრამ ზოგიც არ აქვთ. ასე რომ, ეს მართლაც არის ის ადგილი, სადაც მოლაპარაკებები საჭიროა. უკრაინელებს უნდათ უსაფრთხოების გარანტიები, რუსებს უნდათ ტერიტორიის გარკვეული რაოდენობა“, – განაცხადა ვენსმა.